ქართველი მეომარი, უკრაინული ფესვებით - მიხეილ ბატურინი ამბობს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს თანამებრძოლ უკრაინელებს და კავკასიელებთან ერთად იმ რუსულმა დანაყოფებმაც მიულოცეს, რომლებიც დღეს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
მიხეილ ბატურინი ტაქტიკური დანაყოფი "სარანგის“ მეთაურია, ის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 2022 წელს, ომის პირველი დღეებიდან იბრძვის, მისი ოჯახური ისტორია კი რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლის საუკუნეებს ითვლის.
მიშა ბატურინი:
- პირველ რიგში, მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩემს საქართველოს. უფალი იყო ჩვენი ხალხის შემწე, წმინდა გიორგი ფარავდეს თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველებს. რაც შეეხება, ჩემს წარმომავლობას, დიახ, ჩემი ფესვები უკრაინიდანაა, ქალაქ ბატურინიდან, ჩერნიგოვის ოლქიდან. ბატურინი ისტორიული ქალაქია. 1708 წელს რუსეთის იმპერიის ჯარებმა იქ ათასობით ადამიანი დახოცეს. ჩემი წინაპრები საქართველოში, თბილისთან ახლოს, თეთრიწყაროს რაიონში გადმოსახლდნენ. მოგვიანებით ოჯახი თბილისში გადავიდა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, როგორ გამოექცნენ ჩემი წინაპრები რუსული იმპერიის სისასტიკეს ქალებთან და ბავშვებთან ერთად.
- შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ წინაპრების ისტორია შეგახსენათ?

- შურისძიებაზე არასოდეს მიფიქრია. უბრალოდ, მგონია, რომ სიმართლის მხარეს დგომით ჩემი უკრაინელი და ქართველი წინაპრების წინაშე ვალს ვიხდი. რუსეთი ისეთ ბოროტებას სჩადის, რომ ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა შეუძლებელია, ასეთ დროს სიჩუმეც კი ბოროტების წახალისებაა. საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიური რომ ყოფილიყო მაშინ, როდესაც რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა საქართველოში 1990-იან წლებში, ჩეჩნეთში ჯერ 1994-1996 და შემდეგ 2000-იან წლებში, შემდეგ ისევ საქართველოში - 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, ალბათ დღეს ასეთი მასშტაბის ტრაგედია აღარ გვექნებოდა. ამიტომ ვინც ფიქრობს, რომ ეს ომი მას არ შეეხება, უნდა დაფიქრდეს, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, ვინ იქნება რუსეთის შემდეგი სამიზნე?! უკრაინელები დღეს მთელი თავისუფალი სამყაროსთვის იბრძვიან.
- უკრაინაში როგორ გიცნობენ, როგორც ქართველს თუ როგორც უკრაინელს?
- უკრაინაში ქართველი ვარ, საქართველოში უკრაინელი. ამიტომ ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- თქვენი უკრაინელი წინაპრების წარმოშობის ადგილი თუ მოინახულეთ?
- 2021 წელს, ომის დაწყებამდე, უფალმა მომცა საშუალება, მენახა ჩემი წინაპრების ქალაქი ბატურინი და შვილიც წამეყვანა. იმ ემოციას სიტყვებით ვერ აღვწერ, წარმოუდგენელი სითბო, სიყვარული და სიამაყე ერთდროულად დატრიალდა ჩემს გულში.
- გიფიქრიათ უკრაინაში დარჩენაზე?
- არასოდეს! ერთხელაც კი არ გამივლია ფიქრი, რომ საქართველოში არ დავბრუნდები. სადაც არ უნდა ვიყო, სადაც არ უნდა ვიბრძოდე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ყველგან საქართველოს სახელით, ქართული დროშიც ქვეშ ვიბრძოლებ. სხვა ქართველ მეომრებთან ერთად მე აქ საქართველოს წარმოვადგენ.
- თქვენ "სარანგის“ მეთაური ხართ. რატომ აირჩიეთ ეს სახელი?
- "სარანგია“ არის მითოლოგიური ადამიანის სახელი, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენს შევრონზე საქართველოსა და უკრაინის დროშებია გამოსახული წმინდა გიორგისთან ერთად - ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.
- როგორც ვიცი, თქვენ არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ კავკასიელი ხალხების თავისუფლებისთვისაც იბრძვით. რას გულისხმობს ეს ბრძოლა?
- 2024 წელს მძიმედ დავიჭერი და რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა. ამ პერიოდში ჩემი დანაყოფი "კავკასიური ლეგიონის“ შემადგენლობაში შევიდა. მე დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელობა ჩავიბარე. ლეგიონში, რომლის დამფუძნებელი და საველე მეთაური ლადო გამსახურდიაა, სხვადასხვა კავკასიური დანაყოფია გაერთიანებული. ჩვენი მიზანია თავისუფლება მოვიპოვოთ არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიისათვის. ვიდრე ერთი მებრძოლი მაინც აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის. შესაბამისად ჩეჩნებს, ინგუშებს და სხვა კავკასიურ ერებს კიდევ აქვთ რუსული იმპერიალიზმის კლანჭებიდან დახსნის შესაძლებლობა.
- როგორია კავკასიელი ხალხების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?
- სიტყვა "თანაგრძნობა“ ვერ აღწერს იმას, რასაც კავკასიელები საქართველოს მიმართ გრძნობენ, ძალიან განიცდიან, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა ძლიერდება და მზად არიან, რომ თავი არ დაზოგონ საქართველოს თავისუფლებისთვის. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩეჩნები, ჩერქეზები, ინგუშები, დაღესტნელები და სხვა კავკასიელი ხალხები საკუთარ თავისუფალ სამშობლოში დაბრუნდნენ. იდეა ის არის, რომ კავკასიაში შეიქმნას თანამშრომლობის სივრცე, ევროპული მოდელის მსგავსი ერთობა, სადაც ყველა თავისუფალი სახელმწიფო ერთმანეთის გაძლიერებას დაეხმარება.
- თქვენ ასევე თანამშრომლობთ იმ რუსებთანაც, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. როგორია ეს თანამშრომლობა და რამდენად ენდობით მათ?
- დიახ, ჩვენს გვერდით იბრძვის რამდენიმე რუსული დანაყოფი, რომლებიც პუტინის რეჟიმისა და კრემლის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ ესმით, რომ სწორედ ამ რეჟიმმა მიიყვანა რუსეთი კატასტროფამდე. ამ ჯგუფებს პოლიტიკური ორგანიზაციებიც აქვთ. ისინი საერთაშორისო პლატფორმებზე საუბრობენ იმპერიული რუსეთის დემონტაჟზე და დემოკრატიული რუსეთის შექმნაზე, რომელიც აღარ იქნება აგრესორი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ძალებს მკაფიოდ დაეფიქსირებინათ პოზიცია საქართველოსა და კავკასიის საკითხზე. ჩვენ მათთან ვითანამშრომლეთ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციაზე, რომელშიც საუბარია საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვენების სრული დეოკუპაციის აუცილებლობაზე, რუსული სამხედრო ძალების გაყვანაზე და ისტორიული დანაშაულების აღიარებაზე, მათ შორის ჩერქეზების გენოციდზეც. ჩვენ თავიდანვე განცხადებული გვქონდა, რომ სანამ ეს პოზიცია არ დაფიქსირდებოდა, თანამშრომლობაზე საუბარი შეუძლებელი იყო. ახლა კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. მართალია რუსებს ღალატი სჩვევიათ და სრულად ვიზიარებ ოტო ბისმარკის ნათქვამს იმის შესახებ, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზეც ისინია დაწერილი, მაგრამ მათთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება გვაქვს და ამჯერად უფრო ყურადღებით ვიქნებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსები თუ იმპერიალისტური ზრახვებისგან არ გათავისუფლდებიან, უბრალოდ, ვეღარ გადარჩებიან. იმ ძალების არსებობა რუსეთში, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანამ აგრესიული იმპერიული პოლიტიკა უნდა დაასრულოს მთლიანად ანგრევს "ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა აუცილებლად რუსეთთან ომს ნიშნავს.
- თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვებთან ერთად რუსებმაც მოგილოცეს. როგორი იყო მათი პოზიცია როდესაც მოსკოვმა 24 მაისი ღამეს დაუნდობლად დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა?
- რა თქმა უნდა, მათი პოზიცია იყო კრიტიკული. 24 მაისი ღამეს მართლად ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით განხორციელდა. პუტინმა ამ თავდასხმისას გამოიყენა როგორც ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე დრონები. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ობიექტები, პრაქტიკულად, არ დაზიანებულა. ეს იყო დაშინების ოპერაცია - კიდევ ერთი ტერორისტული აქტი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
- ომის დაწყებიდან მეოთხე წელს როგორია უკრაინელი ხალხის და მებრძოლების, ასევე თქვენი განწყობები, გადაიღალეთ გაჭიანურებული ომის გამო თუ კიდევ უფრო მეტად მოტივირებულები ხართ?
- უკრაინელ ხალხს თვითორგანიზების უნიკალური თვისება აქვს. როცა რაღაც ხდება, არავინ ელოდება ბრძანებას ან მითითებას. ასე იყო 2022 წლის თებერვალშიც, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში. უკვე 24-25 თებერვლიდან ხალხმა თვითორგანიზება დაიწყო. ეს ყველგან იგრძნობოდა, ქალაქებში, სოფლებში, რეგიონებში. ადამიანები საკუთარ მიწაზე მტრის დასახვედრად ემზადებოდნენ. უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით, რომ რუსეთი მტერია, რომელმაც მათი სამშობლოს დაპყრობა გადაწყვიტა. ამიტომ არც მაშინ აპირებდნენ დანებებას და არც ახლა. მით უფრო დღეს, როცა უკრაინა ბევრად უფრო ძლიერი, მობილიზებული, მომზადებული და შეიარაღებულია. ეს ფრონტის ხაზზეც ჩანს, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ. რა თქმა უნდა, ეს ჯერ ის გამარჯვება არ არის, რომელიც ყველას გვინდა - რომ რუსეთი საბოლოოდ გავიდეს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ საქართველოდან და მთლიანად კავკასიიდან, დაბრუნდეს საკუთარ საზღვრებში და ვეღარასოდეს გაბედოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა. თუმცა უკრაინას აშკარა წინსვლა აქვს და სწორედ ეს აშინებს პუტინსა და კრემლს. ამიტომაც მიაქვთ იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე ისეთი ვერაგული თავდასხმებით, როგორიც იყო 24 მაისის ღამეს მძინარე კიევის მასშტაბური დაბომბვა. ფრონტის ხაზზე ყველა მებრძოლმა იცის, რომ უკან დახევის უფლება არ აქვს, რადგან ზურგს უკან სამშობლო და ოჯახებია. ყველას ერთი სურვილი აქვს, უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს.