ავტორი:

დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ “ოპოზიციურ ალიანსს“ პარლამენტთან სცენის მონტაჟის უფლება არ მისცა: გვარამია ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს (ვიდეო)

დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ “ოპოზიციურ ალიანსს“ პარლამენტთან სცენის მონტაჟის უფლება არ მისცა: გვარამია ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ, “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა.

“როცა ხალხის მოძრაობა აღარ იქნება, მერე შევალთ, დავამონტაჟებთ. აქ არაფერი ხდება, ხალხი რომ აღარ იქნება, რა მიზეზით მეუბნებით უარს? მითხრეს, რომ კონკრეტული ხარვეზებით შეავსე განცხადებაო, გავუგზავნე ახალი წერილი და პასუხი არ მოსულა. თუ პასუხი 19:00 საათამდე არ იქნება, მოვალთ და მიზეზს მეტყვით თქვენ”, - უთხრა ნიკა გვარამიამ გოგა მემანიშვილს.

  • თავის მხრივ, როგორც მემანიშვილმა უპასუხა, კონსტრუქციების განთავსების თაობაზე “ოპოზიციურ ალიანსს” შსს-დან პასუხი გაეცა, შესაბამისად, ახლა, კონსტრუქციების მიტანას პარლამენტთან ვერ შეძლებენ.

“თქვენ ამასთან დაკავშირებით უარი გეთქვათ. ვერ შეიტანთ. თუ რამე შეიცვლება, მოგახსენებთ. რა განცხადებითაც მოგვმართეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გაგეცათ... დამატებითი პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები”, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

  • როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე ხალხის მოძრაობა შეწყდება, ისინი ადგილზე სცენისათვის საჭირო ტექნიკას მიიტანენ.

“ლეგიტიმური არგუმენტია, რომ აქ ხალხი დადის, მაგრამ ასე ხომ არ იქნება მუდმივად, მთელი დღე და დიდხანს. დაველოდებით, ეს არგუმენტი რომ არ ექნებათ, პირდაპირ დავიწყებთ შემოსვლას, რა უნდა ქნან, აქ არაფერი ხდება. თქვენ ხედავთ, რომ ცარიელი ტერიტორიაა, ჯერჯერობით ხალხი სეირნობს, როცა ეს აღარ იქნება, მერე მოვალთ. მანქანები არ გადაადგილდებიან, ფაქტია, ის, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რასაც ტექნიკის დამონტაჟება ხელს შეუშლის, ამიტომ უარი ვერ იქნება მიღებული, ჯერ ერთი, არც მიგვიღია, ბოლო წერილზე პასუხი საერთოდ არ გვაქვს, ვიღაცამ რომც გადაწყვიტოს, თავისი “ხოშის“ გამო აქ არ შეიძლება შემოსვლა, ეს ვერ მოხდება. საუბარია სცენაზე და ხმის გამაძლიერებლებზე, სხვანაირად მიტინგი, ნებისმიერი ტიპის დემონსტრაცია შეუძლებელია. ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობას თუ არ გაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიტინგის ჩატარების უფლებას არ მოგცემენ, ამიტომ მოგონილ მიზეზებს ჩვენ არ მივიღებთ“, - განაცხადა გვარამიამ.