ავტორი:

რომის პაპი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე საუბრობს და მსოფლიო მოსახლეობას აფრთხილებს - "ტექნოლოგია რამდენიმე ადამიანის ხელში არ უნდა იყოს"

რომის პაპი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე საუბრობს და მსოფლიო მოსახლეობას აფრთხილებს - "ტექნოლოგია რამდენიმე ადამიანის ხელში არ უნდა იყოს"

რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის შესახებ თავისი პირველი მნიშვნელოვანი თეოლოგიური დოკუმენტი გამოაქვეყნა და გააფრთხილა, რომ ტექნოლოგიის განვითარება კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის, თუ მისი კონტროლი „რამდენიმე ადამიანის“ ხელში დარჩება.

  • ენციკლიკაში, სახელწოდებით Magnifica Humanitas („დიდებული კაცობრიობა“), პაპი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, ომებსა და სოციალურ ურთიერთობებზე, ამიტომ მისი განვითარება მკაცრ ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

პაპი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის სამხედრო გამოყენებაზე. მისი თქმით, ტექნოლოგიის გამოყენება ომში „ყველაზე მკაცრ ეთიკურ შეზღუდვებს“ უნდა დაექვემდებაროს, რადგან ძალადობასა და იარაღზე დაფუძნებულ პოლიტიკას საბოლოოდ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოაქვს.

დოკუმენტში ლეო XIV ასევე აცხადებს, რომ ტრადიციული "სამართლიანი ომის" თეორია თანამედროვე სამყაროში უკვე მოძველებულია. მისი თქმით, სამხედრო ძალის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული.

პაპი წერს, რომ მსოფლიომ კონფლიქტების გადასაჭრელად უფრო მეტად უნდა გამოიყენოს დიალოგი, დიპლომატია და პატიება, ვიდრე ძალა და სამხედრო მოქმედებები.

ენციკლიკა მხოლოდ ტექნოლოგიაზე არ არის ფოკუსირებული. ტექსტში საუბარია მიგრანტების უფლებებზე, სოციალურ სამართლიანობაზე, გარემოს დაცვასა და ადამიანის ღირსების მნიშვნელობაზე. პაპი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების განვითარების მთავარი მიზანი ტექნოლოგიური პროგრესი კი არა, ადამიანის კეთილდღეობა უნდა იყოს.

ლეო XIV ასევე აკრიტიკებს „ტრანსჰუმანიზმის“ იდეას — მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიას შეუძლია ადამიანის ბუნებრივი შეზღუდვების გადალახვა. მისი თქმით, ტექნოლოგია არ უნდა იქცეს ინსტრუმენტად, რომელიც ადამიანურ იდენტობას ან ღირსებას დააზიანებს.

პაპი აფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარებამ შეიძლება შექმნას სისტემა, სადაც ძალაუფლება რამდენიმე კომპანიისა და სახელმწიფოს ხელში მოექცევა. ამის მაგალითად ის ბიბლიურ "ბაბილონის კოშკს" იხსენებს — სიმბოლოს, რომელიც ადამიანური ძალაუფლებისა და კონტროლის გადაჭარბებულ სურვილს გამოხატავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ და პროცესში მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიები არ უნდა დომინირებდნენ.

ვატიკანში მიაჩნიათ, რომ ენციკლიკა არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მსოფლიო ლიდერებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია. პაპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებსაც შეუწყობს ხელს და მხოლოდ თეორიულ ტექსტად არ დარჩება.

წყარო