ავტორი:

2010 წელის შემდეგ დედამიწის გამდნარმა ბირთვმა მოძრაობის მიმართულება შეიცვალა - რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს პლანეტაზე

2010 წელის შემდეგ დედამიწის გამდნარმა ბირთვმა მოძრაობის მიმართულება შეიცვალა - რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს პლანეტაზე

ჩვენს ფეხქვეშ, დედამიწის სიღრმეში, რაღაც უცნაური ხდება. პლანეტის ბირთვში არსებულ რკინის გამდნარ ოკეანეში მოულოდნელად დინება შეიცვალა და ჩვეული, დასავლური დინების საპირისპიროდ, აღმოსავლეთით დაიწყო მოძრაობა. დედამიწის მაგნიტური ველის თანამგზავრული გაზომვების თანახმად, ეს მოვლენა 2010 წელს მოხდა და მეცნიერები დღემდე ცდილობენ მისი გამომწვევი მიზეზების დადგენას.

"წყნარი ოკეანის ქვეშ ფართომასშტაბიანი დინების მიმართულების შეცვლა ახალ კითხვებს აჩენს დედამიწის ღრმა წიაღის ქცევასთან დაკავშირებით, მეცნიერებს სურთ გაარკვიონ, ეს ცვლილება ხანმოკლე რყევაა, რომელიც პერიოდული ციკლის ნაწილს შეადგენს, თუ ბირთვის ცირკულაციის ახალი, სტაბილური წონასწორობის დამყარების ეტაპია" - აცხადებს ედინბურგის უნივერსიტეტის გეომეცნიერი ფრედერიკ დალ მადსენი

  • ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ უბრალო სამეცნიერო ინტერესის საგანი როდია. იმას, რაც პლანეტის სიღრმეში ხდება დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.

სწორედ დედამიწის გულში არსებული მოძრავი, გამდნარი და გამტარი ლითონისგან გენერირდება პლანეტის მაგნიტური ველი. კინეტიკური ენერგია მაგნიტურ ენერგიად გარდაიქმნება, რომელიც პლანეტის გარშემო დამცავ ფარს ქმნის. ბირთვის ამ “ძრავას“ გეოდინამო ეწოდება.

მაგნიტური ველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის. ის გვეხმარება შევინარჩუნოთ ატმოსფერო, რომლითაც ვსუნთქავთ და გვიცავს კოსმოსური რადიაციისგან.

რამ შეცვალა დინების მიმართულება?

დედამიწის მაგნიტურ ველში არსებული ცვლილებების შესწავლით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამდნარი გარე ბირთვი, როგორც წესი, დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. თუმცა, 2010 წელს მოულოდნელი რამ მოხდა, გამოჩნდა იმის ახალი ნიშნები, რომ წყნარი ოკეანის ქვეშ არსებულმა ნაკადმა აღმოსავლეთით დაიწყო გადაადგილება.

1997 წლიდან 2025 წლამდე დაგროვილი თანამგზავრული მონაცემების 27-წლიანი ანალიზის შემდეგ, მადსენმა და მისმა კოლეგებმა იმის აღდგენა შეძლეს, თუ რა შეიძლება ხდებოდეს პლანეტის სიღრმეში.

გარე ბირთვის მოძრაობის უდიდეს ნაწილს ცირკულაციის ის მოდელი განსაზღვრავს, რომელსაც ექსცენტრული პლანეტარული გირი (eccentric planetary gyre) ეწოდება

მკვლევართა ანალიზი აჩვენებს, რომ 2010 წელს, წყნარი ოკეანის ქვეშ მდებარე რეგიონში, გარე ბირთვის ნაწილმა ამ მოდელს მკვეთრად გადაუხვია, 2010 წლამდე არსებული სუსტი დასავლური დინება 2012 წლის შემდეგ ძლიერ აღმოსავლურ დინებად იქცა. ეს ნაკადი 2020 წლამდე ძლიერდებოდა, თუმცა ბოლო გაზომვების მონაცემებით, როგორც ჩანს, ის კვლავ სუსტდება.

ეს ფენომენი მცირე მორევი ან ლოკალური შეშფოთება არ ყოფილა; მასზე გარე ბირთვის ზედაპირული ნაკადის დაახლოებით 5 პროცენტი მოდიოდა, ეს სიგნალი ასევე არ ჰგავდა იმ წრისებურ ზონალურ ზოლებს, რომლებიც იუპიტერისა და სატურნის მსგავს აირად სხეულებზე შეინიშნება, მას უფრო დიდი, ტალღოვანი სტრუქტურა ჰქონდა, თითქოს გამდნარი ბირთვის მასამ მოულოდნელად გადაიფიქრა საით უნდოდა წასვლა და საპირისპირო მიმართულებით გაეშურა.

აღნიშნული მოვლენა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მეცნიერებისთვის, რომლებიც მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დედამიწის გარე ბირთვის ფართომასშტაბიანი დინება მეტ-ნაკლებად სტაბილური და თანმიმდევრული იყო.

ახალი აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის სიღრმეში არსებობს პროცესები, რომლებსაც შეუძლიათ იმდენად ძლიერი გავლენა მოახდინონ თხევად გარე ბირთვზე, რომ მთლიანად შეცვალონ მისი ქცევა.

კავშირი სხვა გლობალურ მოვლენებთან

ზუსტად რა გახდა ამ მოულოდნელი ცვლილების მიზეზი, უცნობია, თუმცა იმავე პერიოდში ჩატარებული სხვა გაზომვები მიუთითებს, რომ 2010 წლისთვის დედამიწის წიაღში რაღაც მასშტაბური ხდებოდა

დაახლოებით ყოველ 5.8 წელიწადში ერთხელ, დედამიწის დღის ხანგრძლივობა ოდნავ იცვლება, ეს ფენომენიც კი დედამიწის ბირთვს უკავშირდება. 2010 წელს ამ ციკლში დარღვევა მოხდა, რომელიც მხოლოდ 2014 წლისთვის გამოსწორდა.

ასევე დაფიქსირდა სეისმური სიგნალებიც, რომ ამავე პერიოდში შიდა ბირთვის ქცევაც შეიცვალა.

2017 წელს თანამგზავრებმა ე. წ. გეომაგნიტური ნახტომების (geomagnetic jerks), დედამიწის მაგნიტური ველის მკვეთრი ხარვეზების სერია დააფიქსირეს, რომლებიც ბირთვის სიღრმეში მიმდინარე ტურბულენტურ აქტივობასთან იყო დაკავშირებული. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს აქტივობა შეიძლება ასევე 2010 წელს დაწყებულ ადრეულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს.

“გეოდინამოს“ შესწავლა საინტერესო კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ როგორ დინამიკურად არის დაკავშირებული დედამიწის სიღრმეში მდებარე ფენები ერთმანეთთან, თანამგზავრული მისიები სულ უფრო დეტალურ სურათს გვაწვდიან ჩვენი პლანეტის სიღრმეში მიმდინარე დინამიკურ პროცესებზე და გვიჩვენებენ, რომ დედამიწის ბირთვი იმაზე ბევრად ცვალებადი და რთულია, ვიდრე ოდესმე გვეგონა.“ აცხადებს ელისაბეტა იორფიდა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Swarm თანამგზავრული პროექტის მეცნიერი.

წყარო