ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევრები საცხოვრებელი კონტეინერებისა და საწვავის მარაგის გარეშე დარჩნენ. ამის მიზეზი სამეცნიერო სადგურიდან იმ ყინულის მასიური ნაწილის მოწყვეტა და ღია ოკეანეში გატაცება გახდა, რომელზეც საზღვაო კონტეინერები იყო განთავსებული.

კონტეინერები ყინულზე გემზე დასატვირთად იყო გამზადებული. ინციდენტის გამო ეკიპაჟი აუცილებელი აღჭურვილობის, გაზის ბალონების, ელემენტებისა და 9 500 ლიტრი ზამთრისთვის განკუთვნილი დიზელის საწვავის გარეშე დარჩა. ერთ-ერთი კონტეინერი ანტარქტიდის რეგიონის მკვლევართა საცხოვრებელსაც წარმოადგენდა.


დანაკარგი სადგურის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ქარბუქის ჩაცხრობის შემდეგ აღმოაჩინეს. გერმანულმა კვლევითმა ყინულმჭრელმა “პოლარშტერნმა“ ყინულის ნამსხვრევს საწყისი წერტილიდან დაახლოებით 140 კმ მოშორებით მიაგნო და ვერტმფრენით ნაწილობრივი სამაშველო ოპერაციაც კი დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა, რადგან ყინულის მასა ზედმეტად არასტაბილური გახდა.


ერთი თვის შემდეგ, ყინულის ნატეხი თანამგზავრულ ფოტოებზე აღარ ჩანდა, რის გამოც მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის დაიშალა. თავად კონტეინერები, სავარაუდოდ, ოკეანის ფსკერზე ჩაიძირა, რამაც რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე გაზარდა ერთ-ერთ მათგანში ხომ 9 000 ლიტრი დიზელი ინახებოდა.

ეს ინციდენტი ემთხვევა მეცნიერთა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ანტარქტიდაზე შელფური ყინულების სწრაფმა დნობამ შესაძლოა მსოფლიო ოკეანის დონის იმაზე გაცილებით სწრაფი მატება გამოიწვიოს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ.