ავტორი:

სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში ისრაელის ინტენსიური დარტყმები - დაღუპულია ათობით ადამიანი

სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში ისრაელის ინტენსიური დარტყმები - დაღუპულია ათობით ადამიანი

სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში, ისრაელის ინტენსიური დარტყმების შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების პირობა დადო, - ინფორმაციას BBC-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმების ბოლო ტალღის დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტსა და მებრძოლს დაარტყეს. BBC-ი წერს, რომ ეს აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაბომბვის ღამე იყო.

  • გუშინ, უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აღრმავებს თავის ოპერაციას ლიბანში.

"ისრაელის თავდაცვის ძალები დიდი ძალებით მოქმედებენ ადგილზე და იკავებენ დომინანტურ ტერიტორიას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისინი ამაგრებენ უსაფრთხოების ზონას, რათა ჩრდილოეთ ისრაელის თემები „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან დაიცვან.

BBC-ი წერს, რომ ისრაელის საჰაერო და საარტილერიო დარტყმები ყოველდღიურად გრძელდება, განსაკუთრებით ლიბანის სამხრეთით, „ჰეზბოლა“ კი რაკეტებსა და დრონებს ისვრის ჩრდილოეთ ისრაელის თემებისა და ისრაელის ჯარებისკენ, რომლებიც სამხრეთ ლიბანის ნაწილებს იკავებენ.