ავტორი:

იტალიაში ებოლას შემთხვევები არ დადასტურდა - როგორია ებოლას გავრცელების არეალი და რა რისკები არსებობს

იტალიაში ებოლას შემთხვევები არ დადასტურდა - როგორია ებოლას გავრცელების არეალი და რა რისკები არსებობს

რამდენიმე დღეა მედია აქტიურად წერს იტალიაში ებოლას შემთხვევების გამოვლენის შესახებ. წერდნენ ორ საეჭვო შემთხვევაზე. განახლებული ინფორმაციით, იტალიაში ებოლას შემთხვევები არ დადასტურდა.

  • მილანის საკოს საავადმყოფოში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა ორივე პაციენტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ებოლას გავრცელების რისკი "ძალიან დაბალია".

საეჭვო შემთხვევები ლომბარდიის რეგიონში, კომოს პროვინციაში დაფიქსირდა. საუბარია ქალსა და მამაკაცზე, რომლებიც უგანდიდან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაბრუნდნენ.

ორივე პაციენტი სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ჰემორაგიული ცხელებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო - მას მაღალი ტემპერატურა და ნევროლოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსები ცერებრალურ მალარიასაც განიხილავდნენ. მამაკაცს კი შედარებით მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მათ შორის სიცხე და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,ინფექციურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული სისტემა სრულ მზადყოფნაშია და სპეციალისტები აგრძელებენ იმ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მონიტორინგს, რომლებიც პაციენტებთან ერთად უგანდიდან დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის ებოლას გავრცელების მთავარი კერა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის იტურის პროვინციაა, რომელიც უგანდას ესაზღვრება. შემთხვევები უკვე უგანდაშიც ფიქსირდება - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის შვიდი შემთხვევაა დადასტურებული.

წყარო