ავტორი:

"ეს დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს" - პლანეტის განადგურება აჩქარებული ტემპით: რა ნახეს მყინვარების დოკუმენტირებისას მკვლევრებმა

"ეს დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს" - პლანეტის განადგურება აჩქარებული ტემპით: რა ნახეს მყინვარების დოკუმენტირებისას მკვლევრებმა

"პლანეტის განადგურება აჩქარებული ტემპით“, - ასე უწოდეს მეცნიერებმა ინდონეზიის დასავლეთით, მყინვარ პუნჩაკ ჯაიაზე (Puncak Jaya) ნანახს. როგორც "გარდიანი" წერს, მკვლევრებმა ექსპედიცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც ოკეანეთის ტროპიკული მყინვარების უკანასკნელი დღეების დოკუმენტირება იყო.

  • ოდესღაც მძლავრი ყინულის საფარი პუნჩაკ ჯაიაზე, თავდაპირველი ზომის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ექსპედიციამ დაადგინა, რომ ორ დარჩენილ მყინვარს შორის ყველაზე მნიშვნელოვანმა, 2002 წლის შემდეგ თავისი ფართობის 95% დაკარგა. ადგილობრივები ამ მყინვარს "მარადიულ თოვლს" უწოდებენ.

  • "ყინული გაქრება: საკითხავი ის კი არ არის, გაქრება თუ არა, არამედ - როდის. და ეს "როდის" ძალიან, ძალიან მალე დადგება“, - ამბობს დანიელი მკვლევარი კლაუს თიმანი.

ტროპიკული მყინვარები ძირითადად ანდებში გვხვდება, თუმცა ასევე არსებობს აღმოსავლეთ აფრიკასა და ინდონეზიაში. ისინი სწრაფად კარგავენ მასას, რადგან წიაღისეული საწვავით გამოწვეული დაბინძურება ათბობს პლანეტას და ყინულს ადნობს.

თიმანმა აღნიშნა, რომ ამ დანაკარგის დოკუმენტირებამ მასზე ემოციურად იმოქმედა.

  • "ჩვენ ვანადგურებთ ისეთ აბსტრაქტულ ადამიანურ კონსტრუქტსაც კი, როგორიცაა "მარადიულობა“, - ამბობს მეცნიერი.

კვლევის მიხედვით, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, პაპუას ტროპიკული მყინვარებიდან (სულ 6 მყინვარი) 1980-იანი წლებიდან დღემდე, 4 უკვე სრულად გაქრა. ხოლო დარჩენილი ორი, პროგნოზის მიხედვით, ათწლეულის ბოლომდე გაქრება.

კვლევის თანახმად, ნახშირბადის ემისიებმა და ბუნების განადგურებამ პლანეტა ინდუსტრიის ხანიდან მოყოლებული დაახლოებით 1.4°C-ით გაათბო.

პროგნოზების მიხედვით, საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, მყინვარები 2100 წლისთვის თავიანთი გლობალური მასის მეოთხედს დაკარგავენ, რაც დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს სასმელი წყლისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ადგილობრივი თემებისთვის კი ეს დანაკარგი "აღუწერელი“ იქნება.

მეცნიერები ამბობენ, რომ მყინვარების გაქრობა ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედების გადაუდებლობას

წყარო