მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც ჩვენი ტვინი ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად გამოიმუშავებს. თუმცა, თუ კარგად ვერ იძინებთ, აუცილებელი არ არის მაშინვე აფთიაქს მიაკითხოთ - ეს ჰორმონი ბუნებრივი სახით ბევრ პროდუქტშიც გვხვდება.
ამერიკულმა სამედიცინო გამოცემა Health-მა დაასახელა 6 პროდუქტი, რომლებიც მშვიდ ძილში დაგეხმარებათ:
1. ალუბალი

ალუბალი (განსაკუთრებით მომჟავო ჯიშები) მელატონინის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყაროა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ სვამდნენ ალუბლის ნატურალურ წვენს, ბევრად უფრო დიდხანს და მშვიდად იძინებდნენ. თანაც, ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს ანთებითი პროცესების შემცირებაში ეხმარება.
2. ორაგული

ეს თევზი ორ უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას შეიცავს:
ომეგა-3: ეს სასარგებლო ცხიმი ტვინში სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებას უწყობს ხელს, რასაც ორგანიზმი მელატონინად გარდაქმნის.
ვიტამინი D: ეხმარება სხეულს, რომ ბიოლოგიური საათი სწორად მართოს. მეცნიერები ამბობენ, რომ ვინც თევზს რეგულარულად მიირთმევს, უფრო მარტივადაც იძინებს.
3. კვერცხი

კვერცხში მელატონინი ცოტაა, მაგრამ მასში არის ტრიპტოფანი - ამინომჟავა, რომელიც ძილის ჰორმონების წარმოქმნას სჭირდება. გარდა ამისა, კვერცხი D ვიტამინის კარგი წყაროა. ექიმები მას განსაკუთრებით ქალებს ურჩევენ პერიმენოპაუზის პერიოდში, როცა ძილის დარღვევები ძალიან ხშირია.
4. სოკო

ჩვეულებრივი თეთრი შამპინიონი მელატონინის ნამდვილი საბადოა. სულ რაღაც 85 გრამი სოკო ორგანიზმს აწვდის სელენის დღიური ნორმის 31%-ს - ეს არის მინერალი, რომელიც ძილის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.
5. თხილი და კაკალი

ყველა ნიგოზსა და თხილეულს თავისი დოზით შეაქვს წვლილი კარგ ძილში. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო კვლევაში მონაწილეები ორი თვის განმავლობაში ძილის წინ 40 გრამ ნიგოზს ჭამდნენ და მათი ძილი ბევრად უფრო ღრმა და ეფექტური გახდა.
6. ძროხის რძე

რძეში მელატონინი არის, თუმცა აქ ერთი საინტერესო საიდუმლო იმალება: თურმე, ღამით მოწველილი ძროხის რძე 10-ჯერ მეტ მელატონინს შეიცავს, ვიდრე დილით მოწველილი! ასე რომ, ძილის წინ თბილი რძის დალევის ძველებური მეთოდი მართლაც მუშაობს.