"გახლავართ ლაშა ჟვანია. დავიბადე 1973 წლის 14 ოქტომბერს, კვირადღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. პროფესიით დიპლომატი ვარ, კვალიფიკაციით - იურისტი. ამჟამად ვმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საერთაშორისო ფონდს, რომელიც კულტურის, სულიერებისა და მეცნიერების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის დაფუძნდა“, - გვეუბნება ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი ლაშა ჟვანია, რომელმაც მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს. თუმცა "სახალხო ინტერვიუს“. სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ლია:
- ბატონო ლაშა, მოგესალმებით. პროფესიით იურისტი, დიპლომატი ხართ. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- კარგი კითხვაა. ვიდრე დიპლომატიას ავირჩევდი, ჟურნალისტიკაზე ან ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარებას ვფიქრობდი, თუმცა შემდგომ ჩემმა სურვილებმა ასეთი ევოლუცია განიცადა. იმ პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომ, თავდაპირველად იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარეთ, თუმცა პირველივე სემესტრის შემდეგ ახალი ფაკულტეტი გამოიყო და ცალკე დეკანატი ჩამოყალიბდა. ვისაც სურვილი გვქონდა და მისაღებ გამოცდებზე უცხო ენა გვქონდა ჩაბარებული, იქ გადავედით. ასე რომ, ჩემს მეგობრებთან ერთად, სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი გამოშვება ვარ. მოგვიანებით სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობდი ადამიანის უფლებების, კერძოდ კი - ლტოლვილთა სამართლის მიმართულებით. ეს ისეთი ფართო პროფესიაა, რომლის პრობლემატიკაც მთელ მსოფლიოში აქტუალურია. ბუნებრივია, აქტუალური იყო იმ პერიოდშიც. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავდა და მეც ასპირანტურაში კიდევ სამი წელი ვისწავლე, რათა ამ მიმართულებას სიღრმისეულად დავუფლებოდი.
გიორგი:
- ბავშვობა ძველ, თბილისურ უბანში გაქვთ გატარებული. რა მოგაქვთ იქიდან აქეთ? როგორი ბავშვი იყავით?
- დღემდე ვცხოვრობ სახლში, რომელიც ბაბუაჩემმა 1932 წელს ააშენა. ამ სახლში უკვე ჟვანიების ოთხი თაობა ცხოვრობს. იგი ჩუღურეთის წმინდა ნინოს ბაზილიკის პირდაპირ მდებარეობს. ეს ადგილი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყველაფერია. ვიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე იქ ვიქნები და ისიც მჯერა, რომ ჩემი შვილებიც იმ უბანში იცხოვრებენ. ეს მხარე თავისთავად ძველი თბილისურია - თავისი მრავალფეროვნებითა და იმ სიკეთით, რომელიც თბილისის ძველ უბნებში ოდითგანვე სუფევდა და დღესაც საკმაოდაა შემორჩენილი. ეს მრავალეროვნული უბანია, სადაც კარები დღესაც არ იკეტება, სადაც ადამიანებს შორის ისეთივე თბილი და უშუალო ურთიერთობებია, როგორიც ადრე იყო. მამაჩემის კლასელები ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობენ, ისინი ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები არიან და, ასე ვთქვათ, ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ. უბნების დემოგრაფია კი იცვლება ხოლმე, მაგრამ აქ მაინც შენარჩუნებულია ის უნიკალური ატმოსფერო, რაც, მაგალითად, ახალ კორპუსებში, ახალ დასახლებებში არ არსებობს და ვერც ვერასოდეს იქნება.
ნანა:
- როგორც ვიცი, დედას თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია და საერთოდ რას გვეტყვით ოჯახზე, სადაც იზრდებოდით?

- უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მე დავიკავე დიდი ადგილი დედაჩემის ცხოვრებაში, რადგან დედისერთა ვარ. მან ყველაფერი გააკეთა - საკუთარი პირადულის გადადების ჩათვლით - იმისთვის, რომ ჩემთვის საუკეთესო და იმ პერიოდისთვის მაქსიმალურად საჭირო განათლება მოეცა. და არა მხოლოდ განათლება, არამედ სათანადო საცხოვრებელი პირობებიც შეექმნა. თავად, როგორც ხშირად ამბობს ხოლმე, ბედნიერია, რომ ეს ყველაფერი უფასდება. მე ამას ძალიან ვაფასებ, მისგან მადლობაც მიმიღია, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ვერ გადავუხადე იმის სამაგიერო, რაც ჩემთვის გააკეთა. მაგრამ ცხოვრება წინ არის და კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.
გუგა:
- ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გიმუშავიათ და სხვადასხვა მთავრობის პირობებში, რომელი სამსახური თუ თანამდებობა იყო თქვენთვის მეტად მისაღები?
- შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელში ჩემი ელჩობა უაღრესად საპატიო თანამდებობა იყო. დანარჩენი პოზიციები საპასუხისმგებლო გახლდათ, თუმცა ცხოვრებაში მაქვს ერთი ისეთი თანამდებობა, რომელიც ერთდროულად საპატიოც არის და საპასუხისმგებლოც: 2010 წლის დეკემბრიდან, როდესაც მისმა უწმინდესობამ თავისი ფონდის მთავარ მმართველად დამნიშნა. მადლობა ღმერთს ამისთვის. თავიდან ყოველდღე იმ შიშით ვიღვიძებდი, რომ უნებლიედ რამე არ გამეფუჭებინა, მაგრამ მადლობა უფალს, უწმინდესი ამ ქვეყნიდან ისე გაბრძანდა, რომ ამ წლების განმავლობაში მას პატიოსნად და შეუმცდარად ვემსახურეთ. 16 წელი ცოტა არ არის.
თამარი:
- რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ პრეზიდენტები - შევარდნაძე, სააკაშვილი და ზურაბიშვილი, - ვისი პრეზიდენტობის პერიოდშიც თანამდებობაზე იყავით...
- პრეზიდენტ შევარდნაძის რამდენიმე სიტყვით დახასიათება რთულია, ის გენიოსი ადამიანი ბრძანდებოდა. უშუალოდ მასთან არ მიმუშავია, თუმცა, რა თქმა უნდა, საქმიანი შეხვედრები გვქონია, რადგან გახლდით არა მხოლოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, არამედ მასთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს თორმეტი წევრიდან ერთ-ერთი. იცით, რა არის? დრო მოვა - შეიძლება ახლა ცოტა ხმამაღალ განცხადებას ვაკეთებ, რომელიც ბევრს არ მოეწონება - მაგრამ მჯერა, მოვესწრები იმ დროს, როდესაც საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ქუჩა გვექნება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა მქონდა. ხელმძღვანელებთან ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ერთი კრიტერიუმით განისაზღვრება - ბალანსით: რა მომწონს და რა არ მომწონს, რა არის დადებითი და რა - უარყოფითი. როდესაც ურთიერთობასა და საქმეში უარყოფითი ჭარბობს, მე ვტოვებ პოზიციას და მივდივარ. სააკაშვილთან ურთიერთობაში ამ უარყოფითმა ზღვარს გადააჭარბა და მეტიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გუნდი სამართლიანად დავტოვე. თუმცა, ეს პირობები რომ არ შექმნილიყო და არ წამოვსულიყავი, ალბათ ყველაფერი მის ცხოვრებაშიც სხვანაირად წარიმართებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
ანალოგიური რამ შემიძლია ვთქვა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებითაც. მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ვყოფილვარ, მისი მოადგილე გახლდით (მისივე წარდგინებით), როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მისგან უზადო და უამრავი დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ იქაც დადგა ეტაპი, როდესაც სიკეთესა და უარყოფითს შორის ბალანსი დაირღვა. ჩვენ შევთანხმდით და მე წამოვედი. უცნაურია, მაგრამ ორივე შემთხვევაში კვლავ კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან დავბრუნდი, რადგან ამის სურვილი ორივე მხრიდან არსებობდა. მასთან, როგორც უშუალო ხელმძღვანელთან, ჩემი ინტერაქცია სწორედ 16 წელი გაგრძელდა და ალბათ უსასრულოდ გაგრძელდებოდა, სანამ უწმინდესი ამ ქვეყნად იქნებოდა. კანონით მას ორჯერ შეეძლო და ვალდებულიც იყო, თანამდებობიდან გავეთავისუფლებინე: პირველად, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დავინიშნე (მიუხედავად იმისა, რომ განცხადება დავწერე, არ გამათავისუფლა) და მეორედ, როდესაც ისრაელში ელჩად დავინიშნე. მაშინ თავად მითხრა, რომ შევძლებდი, ორივე საქმის ერთად გაძღოლას. ასე გაგრძელდა ოთხი წელი. ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ კი კვლავ გავაგრძელე მუშაობა ჩემს უსაყვარლეს ადგილას - პატრიარქ ილია მეორის ფონდში.
მკითხველი:
- თქვენი მინისტრობის დროს პრემიერ გილაურთან რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და როგორ აფასებთ ამ გადასახედიდან, იმ ყველაფერს?
- არაფერი პირადი, მხოლოდ საქმე: მე მეტად კონსერვატორ მინისტრად ვითვლებოდი მაშინ, როდესაც იმჟამინდელი მთავრობის კურსი ძალიან ლიბერალური იყო. ამ მხრივ, მე ვაბრკოლებდი ბევრ ისეთ რეფორმას, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ყველაფერს ბრმად, მხოლოდ დავალებით ხელს არ ვაწერდი. არადა, მსგავსი დავალებები, თხოვნები და შემოთავაზებები იყო. მათზე ხელი რომ მომეწერა, ეს არც კარგი იქნებოდა და არც კანონის შესაბამისი, და ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა. მე პასუხისმგებლობას კი არ გავურბოდი, არამედ სახელმწიფოს წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიღებდი. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ჩემი საქმიანობა აფერხებდა მთელ რიგ რეფორმებს, რომლებსაც მე არ ვიზიარებდი. ასეთ ვითარებაში დავშორდით ერთმანეთს, თუმცა სხვა მხრივ ის პროფესიონალი და უბრალოდ კარგი ადამიანია და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
უცნობი:
- ისრაელში საქართველოს ელჩი იყავით. საერთოდ როგორ გაიბა ამ ქვეყანასთან თქვენი კავშირები და რას ნიშნავს ისრაელი თქვენთვის?
- ისრაელში რომ ჩავდივარ, იერუსალიმის ყოველ კუთხეში თითოეულ კენჭს, კედლებსა და შენობებს ვგრძნობ. ისრაელთან ჩემი ასეთი ინტენსიური ურთიერთობა 1993 წლიდან დაიწყო, როდესაც ამ ქვეყნის მრავალფეროვნება შევისისხლხორცე. ეს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მოხდა. 33 წლის წინ ორი მონაზონი (ერთ-ერთი იმ პერიოდში საერო პირი იყო, ახლა კი იღუმენია ევგენიაა) იერუსალიმში გამგზავრებას აპირებდა. მისმა უწმინდესობამ უთხრა: "მე გაგაცნობთ ერთ პატარა ბიჭს, სიონში დადის, დღეს წირვაზე არ ყოფილა, მაგრამ გუშინ საღამოს ლოცვას ესწრებოდა, ლაშა ჰქვია. თუ წამოვა, აუცილებლად წაიყვანეთ, რადგან ისრაელს კარგად იცნობსო“. მანამდეც ვიცოდი ისრაელი, პირველად იქ 1988 წელს ვიმოგზაურე და ჯვრის მონასტერში მოვხვდი. მაშინ მისი უწმინდესობის ოფიციალური ვიზიტი წმინდა მიწაზე სულ რაღაც წლინახევრის განხორციელებული იყო და მან იქ, შოთა რუსთაველის ფრესკასთან ახლოს, ილია ჭავჭავაძის (ილია მართლის) ხატი დააბრძანა. შემდგომში იქაურმა იმჟამინდელმა მესვეურებმა ეს ხატი გააქრეს.
როგორც ახალგაზრდა პილიგრიმთან (საქართველოდან წმინდა მიწაზე სტუმრები მაშინ იშვიათად ჩადიოდნენ), ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა ისრაელში გამომავალი გაზეთის - "ალია საქართველოდან“ - რედაქტორმა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. ეს სტატია რომ დაიბეჭდა, ჩამოვედი და უწმინდესს მივაწოდე. მაშინ შემხვდა მისი უწმინდესობა, ძალიან დაინტერესდა ჯვრის მონასტრის მდგომარეობით, ჩემი შთაბეჭდილებებით და დამავალა, რომ წმინდა მიწაზე ყოველი მომდევნო მგზავრობისას დღიურები მეწერა. ეს დავალება ნაწილობრივ შესრულებული მაქვს. როცა ჩამოვდიოდი, ამ ჩანაწერებს მას ვუკითხავდი ხოლმე და ასე გაგრძელდა დიდხანს.
მკითხველი:
- საქართველოში აღდგომის ღამეს ისრაელიდან ღვთიური ცეცხლი, წლების განმავლობაში, თქვენ ჩამოგქონდათ. ეს ამბავი თავიდან როგორ დაიწყო?
- ესეც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მოხდა: როდესაც მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა დანიელმა უწმინდესს შესთავაზა, - რადგან აღდგომის წინა დღეს იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ბევრ ქვეყანაში მიაქვთ, კარგი იქნებოდა, საქართველოშიც ჩამოგვებრძანებინაო, პატრიარქი ამ იდეას სიხარულით გამოეხმაურა. მეუფე დანიელმა შეკრიბა ჯგუფი (თავდაპირველად ეს აფხაზეთის ლტოლვილი მთავრობის წარმომადგენელთა ჯგუფი იყო). ეს პირველად 1994 წელს მოხდა, მერე - 1995 წელს. თავიდან ცეცხლის წამოღება არ გამოგვივიდა, რადგან ტრაპზე ასვლისას ლამპარში ცეცხლი ჩაგვიქრა და საქართველოში ხელცარიელები დავბრუნდით. თუმცა, შემდგომში უკვე მომზადებულები წავედით და, რაც მთავარია, იმ გრძნობით, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ, ეს პატივი და სიხარული ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ უფალს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიწმინდეს იერუსალიმიდან ელოდებიან. ჩვენ უბრალოდ შემსრულებლები და გამტარებლები ვართ. როდესაც საქმეს ასეთი თავმდაბლობითა და სიმშვიდით აკეთებ - და ალბათ ყველა საქმეში ასეა - მერე ყველაფერი კარგად გამოგდის.

ფატი:
- როგორ გაიცანით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და როგორ გახდით მისი ფონდის ხელმძღვანელი?
- შვიდი წლის ვიყავი, 1980 წლის იანვარში, სიონის საკათედრო ტაძარში რომ მოვინათლე. ნათლობის დასრულების შემდეგ ეზოში გამოვედით. ჩემმა ნათლიამ დაინახა პატრიარქი, შესძახა: "აი, ილია მეორეო!“, ხელი მომკიდა და მასთან მიმიყვანა, რათა ეთქვა, რომ ეს ბავშვი ახლახან მოინათლა (მაშინ ნათლობა იშვიათობა იყო, მე ბებია გარდამეცვალა და ოჯახმა ჩემი მონათვლა ამიტომ გადაწყვიტა). აი, იმ თოვლში, რომელიც ნაზად ცრიდა (უკვე ღამე იყო), სიონის განათებული ფასადის შუქზე, მისი უწმინდესობის კარაკულის საყელოიანი ანაფორის სუნი, მოსასხამის შეხება ჩემს სახეზე და მისი თბილი, ბუნჩულა ხელები ახლაც მახსოვს და ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან.
მოგვიანებით, გრიგოლ ჩიგოგიძემ, იმჟამინდელი პიონერთა სასახლის სტუდია "პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა, მიგვიყვანა პატრიარქთან…

საბოლოოდ, ცხოვრებამ მასთან დამაკავშირა არა მხოლოდ მამაშვილურად, არამედ საქმიანადაც და ესეც მისი გადაწყვეტილება იყო. ერთ ღამეს, დაახლოებით 11-ის ან 12-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, უწმინდესი გეძახისო. რომ მივედი, მითხრა: "აი, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჩვენი ფონდის პრეზიდენტმა, ახლა პოლიტიკაში გადასვლა გადაწყვიტა, ხოდა, მე მგონი, დროა, შენ პოლიტიკიდან აქეთ გადმოინაცვლო და ჩემს ფონდს უხელმძღვანელოო“. ჩემთვის ეს მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც. მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვასწარი: იმედებს არ გაგიმტყუნებთ-მეთქი. გაიცინა თავისი ცნობილი, ფართო ღიმილით და მითხრა: "მე ხომ შენ გიცნობ, რატომ მეუბნები ამას?“. მას შემდეგ ვხელმძღვანელობ მის ფონდს. მადლობა მას ამისთვის და მადლობა ღმერთს.
დავითი:
- ილია II-ეს სიცოცხლის ბოლო წუთებშიც გვერდიდან არ მოსცილებიხართ. რა იყო მისი ბოლო სიტყვა თქვენ მიმართ და საერთოდ რა სწავლა-დარიგება გახსოვთ მისგან?
- საავადმყოფოში მისი ბოლო სიტყვა უკვე აღარ ყოფილა - ეს იყო დალოცვა, ჯვრის გადასახვა და სიყვარულით სავსე, გაფართოებული თვალები. ხმოვანი საუბარი აღარ შეეძლო. მისი ბევრი დარიგება მახსოვს, მაგრამ ორს გამოვყოფდი, რაც, ჩემი აზრით, ბევრი ადამიანისთვის იქნება მისაღები: ომის დროს, 2008 წელს, ტელევიზიით ჩემს რამდენიმე ინტერვიუს უყურა, მომიბრუნდა და მითხრა: "შენ რბილი გული გაქვს და არ შეიძლება, ასეთი მოღუშული სახით აძლევდე ინტერვიუს. როდესაც ასე საუბრობ, ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ზაფრა ეუფლებათ. ომის პერიოდია, ხალხს ფსიქოლოგიურად უჭირს, ამიტომ შენ ისაუბრე იმაზე, რაზეც გსურს, მაგრამ ბოლოში აუცილებლად თქვი, რომ ეს ყველაფერი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება, მიეცი ადამიანებს იმედი და გაიღიმეო“. მაშინ შევეწინააღმდეგე, ვუთხარი, რომ არ გამომივიდოდა, თუმცა შევეცადე შემესრულებინა. წლების შემდეგ, დაახლოებით 12-13 წლის გასვლის მერე, ცოტა ხნის წინ, ეს ეპიზოდი შევახსენე. მომიბრუნდა და მითხრა: "ახლა კიდევ ერთ ლოცვა-კურთხევას გაძლევ და შეეცადე შეასრულო“. ჯვარი გადამსახა და მითხრა: "არასოდეს გაბრაზდე. მეც ხომ ასე ვარ, ხანდახან ვიღიმი და ღიმილის დროსაც კი არასოდეს ვბრაზდები, მაშინაც კი, როდესაც გასაბრაზებელიაო“.
უცნობი:
- რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III?
- დიდი გამოწვევებია. ყველაფერი ის, რაც ჩვენს ერში ხდება, კათოლიკოს-პატრიარქის გულზე გადის. ასე იყო ჩვენი ყველა კათოლიკოს-პატრიარქი და ასე იქნება კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამეც (მემკვიდრე). ამიტომ, უწმინდესი ილია მეორის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, მის რბილ გულს მოფრთხილება უნდა. ჩვენ ვიცით ხოლმე ჩაწიხვლა, ჩაქოლვა, ერთმანეთის მიმართ დიდი აგრესიის გამოხატვა და არ ვერიდებით ჩვენს ლიდერებს, მათ შორის - არც სულიერ ლიდერებს. ჩვენ არ ვიცით კრიტიკა, ჩვენ ვიცით ჩაქოლვა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს და ჩასაფრებულის პოზიციაში არ უნდა ვიყოთ მასთან - ეს დანაშაულია და ცუდია. არ უნდა გვიხაროდეს სხვისი უბედურება და წარუმატებლობა, პირიქით - ერთმანეთის ტვირთი თუ არ ვიტვირთეთ, როგორც პავლე მოციქულის ეპისტოლეშია, ისე ქრისტეს რჯული არ აღსრულდება. რაც არ უნდა შევასრულოთ ათი მცნება თუ ცხრა ნეტარება, ვიკითხოთ წიგნები და ვილოცოთ...
თეა:
- პირად ოჯახზე რას გვეტყვით - როგორი მამა ხართ?

- ჩემს შვილებს რომ ეკითხებიან, ამბობენ, რომ საუკეთესო მამა ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაცას მაინც ვაკლებ და ამ დანაკლისში ყველაზე დიდი წილი დროს მიუძღვის. პავლე მოციქულის კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში წერია: "მამანო, ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაითა არა მოუძლურდენ“ (ნუ გააღიზიანებთ და აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა ისინი სულით არ დაეცნენ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ეს გავითვალისწინოთ. არის სიმკაცრე და არის დამცირება. ბავშვის დამცირება, მასზე ზეწოლა და ბულინგი მშობლის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს. მოპყრობა შეიძლება იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი - იმისათვის, რომ ჩვენი შვილები სულით არ დაეცნენ და ჩვენ წინაშე მხრებში გაშლილ, ახალ საზოგადოებად წარსდგნენ. ვფიქრობ, შვილები ასე გავზარდე - ცოტა მკაცრად, მაგრამ სიყვარულით სავსე.
დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. ბევრ მათგანზე დავფიქრდი კიდეც - რთული, მაგრამ საჭირო კითხვები იყო. წარმატებებს გისურვებთ და ნამდვილად ერთსულოვან ქვეყანაში გვეცხოვროს ყველას მომავალში.