პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვანის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ambebi.ge-სთან ბებია ლიკა მახარაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და ბაღის დირექტორს, ანი ჯოლბორდს, აღმზრდელის თანაბარ დამნაშავედ მიიჩნევს, რადგან დედა მუდმივად ითხოვდა კამერების ჩანაწერებს, თუმცა ადმინისტრაცია მათ არ აძლევდა.
- დაკავებული ქალბატონი ბრალს ნაწილობრივ აღიარებსო, სავარაუდოდ, ამ შემთხვევას აღიარებს, რაც კამერებმა დააფიქსირა. უტყუარი მტკიცებულება რომ არ არსებობდეს, ამასაც ხომ არ აღიარებდა. ჯერ ერთი დღის ჩანაწერი აქვთ შესწავლილი, იქ ხომ რამდენიმე კამერაა. სულ ორი კვირის ჩანაწერი აქვთ და სწავლობენ. არ არის გამორიცხული სხვა ფაქტებიც დაფიქსირდეს სხვა აღმზრდელებზეც.
- ხომ არ ყოფილა დაკავებულის მხრიდან მონანიება ან პატიების თხოვნა ოჯახის მისამართით...
- ჩემს რძალს სწერდა, - არ გამწიროთ, არ გამიშვათ ციხეშიო... დედაც გაოგნებული იყო, იმდენად არ სჯეროდა. ისე გამოხატავდა რომ ბავშვი უყვარდა, თავს ევლებოდა. ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული, ექვსჯერ ჰქონდა ბავშვს ნაკაწრი. 50 წლამდე ქალბატონია. ჩვენ რაც მივედით, ეს ქალბატონი იქ მუშაობდა. ბოლო ორი თვე ბავშვი ძალიან გაღიზიანებული იყო ქცევაც შეეცვალა.
იცით რამდენი შეტყობინებები შემომდის პირადში, ამ ბაღზე, სხვა ფილიალებიდანაც. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ამ საქმეს მივყვეთ. თანაბარი დამნაშავეა ის ქალბატონიც და ბაღის დირექტორიც. ჩემი რძალი მუდმივად ითხოვდა ჩანაწერებს, მაგრამ არავინ აძლევდა...
იხილეთ ასევე: