ავტორი:

"საჭესთან იჯდა და მობილურში ვიდეოს უყურებდა... " - "მამარდა" ლივერპულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა: რას ჰყვება მოწმე პოლიციელი

"საჭესთან იჯდა და მობილურში ვიდეოს უყურებდა... " - "მამარდა" ლივერპულის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა: რას ჰყვება მოწმე პოლიციელი

"ლივერპულის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი პოლიციამ იმ დროს გამოიჭირა, როდესაც ავტომაგისტრალზე, საჭესთან ყოფნის დროს მობილურ ტელეფონში ვიდეოს უყურებდა - ამის შესახებ BBC ლივერპულის სასამართლოზე დაყრდნობით წერს. როგორც ირკვევა, შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, საქმეზე სასამართლო კი გასულ პარასკევს გაიმართა.

  • 25 წლის ქართველი მეკარე პოლიციამ გააჩერა და საპატრულო მანქანის უკანა სავარძელზე ჩასვა, მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ გიორგის თავისი "აუდის“ საჭესთან ტელეფონი ეჭირა.

"მამარდაშვილი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც "წითლებს“ 2025 წელს შეუერთდა, დამნაშავედ ცნეს გზაზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენების გამო", - წერს გამოცემა.

სასამართლო პროცესი გასულ პარასკევს გაიმართა და "მამარდას" 440 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ასევე მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა ჩამოეწერა და დაევალა 120 ფუნტის გადახდა სასამართლო ხარჯებისთვის.

  • პოლიციის ოფიცერმა ჩვენებაში დეტალურად აღწერა, თუ როგორ "გამოიჭირეს" მამარდაშვილი 27 იანვარს, დაახლოებით 15:45 საათზე, M6 ავტომაგისტრალის სამხრეთ მიმართულებაზე.

"22-ე გასასვლელამდე ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე, მე სამზოლიანი გზის მესამე ზოლში ვიმყოფებოდი, როდესაც გადავასწარი შავ "აუდის", რომელიც მეორე ზოლში მოძრაობდა.

პირველი ზოლი თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ "აუდი" პირველ ზოლში უნდა გადასულიყო და სწორედ ამან მიიპყრო ჩემი ყურადღება.

როდესაც "აუდის" გვერდი ავუარე, შევამჩნიე, რომ მძღოლს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, ის საჭის ცენტრთან ახლოს ჰქონდა მიტანილი და ეკრანზე რაღაცას უყურებდა იმ დროს, როდესაც მაგისტრალისთვის განკუთვნილი სიჩქარით გადაადგილდებოდა“, - აღწერს პოლიციელი.

  • სასამართლოზე აღინიშნა, რომ მამარდაშვილმა ვინაობა დაასახელა და პოლიციას ქართული მართვის მოწმობა წარუდგინა.

სასამართლოზე ბრალდებულის მხრიდან პოზიცია არ დაფიქსირებულა (ბრალი არც უარყო და არც აღიარა), მამარდაშვილი კი დამნაშავედ პოლიციის წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ცნეს.