“პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა, რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს“, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა“, - წერს მეუფე ზენონი.