ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ლონგვიუში მდებარე ქაღალდის ქარხანაში კოროზიული ქიმიური ნარევის შემცველი ავზის გახეთქვისა და ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 დაკარგულად ითვლება.

“ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნანგრევებში ვინმე ცოცხალი იმყოფებოდეს, ის ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ქაულიცის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, სკოტ გოლდსტეინმა.

გავრცელებული ინფორმაციით ქარხანაში ე.წ. “white liquor“ -ის (კოროზიული ქიმიური ნარევი, რომელიც ქაღალდის წარმოებაში გამოიყენება) ავზი გასკდა, რომელიც თავდაპირველი შეფასებით, დაახლოებით 300 000 ლიტრი ნივთიერებას შეიცავდა, თუმცა მოგვიანებით ეს მონაცემი დააზუსტეს და გაირკვა, რომ მოცულობა თითქმის 3,4 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დაზიანებულ ავზში, რომელიც კვლავ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და საძიებო სამუშაოებს ართულებს, შესაძლოა ჯერ კიდევ რჩებოდეს დაახლოებით 340 000 ლიტრი ქიმიკატი.

საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები შემთხვევის ადგილზე სამშაბათს დილით მივიდნენ. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, მათ შორის არის ქიმიური დამწვრობის და სასუნთქი გზების მოწამვლის შემთხვევებიც. დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრეა.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.