ავტორი:

საქართველოში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - უახლესი დეტალები და ოჯახის მძიმე ბრალდებები

საქართველოში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - უახლესი დეტალები და ოჯახის მძიმე ბრალდებები

საქართველოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის მე-9 სემესტრის სტუდენტის, 23 წლის დჰვანიტ რაჯდიპის (Dhvanit Rajdeep) გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

უწყების განცხადებით, ამ წუთებშიც აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:

  • "სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩართულია, გამოძიება 115-ე მუხლით დავიწყეთ (თვითმკვლელობამდე მიყვანა)“, - აცხადებენ შსს-ში.

ინდოეთის მოქალაქე, რომელიც წარმოშობით გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადიდან (ვირატ ნაგარის რაიონი) არის, უკვე 14 დღეა, რაც დაკარგულია. მასთან კავშირი 14 მაისის შემდეგ გაწყდა. სტუდენტის ოჯახმა დახმარების თხოვნით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და გუჯარათის მთავრობას მიმართა. ადგილობრივი მედია ოჯახის წევრებზე დაყრდნობით მძიმე დეტალებს ავრცელებს.

ოჯახის წევრების ვერსია და ბრალდებები ბინის მეპატრონისა და თანაბინადრების მიმართ:

დაკარგული ბიჭის მამა მაიურ კუმარ რაჯდიპი პროფესიით ექიმია. მამის განცხადებით, დჰვანიტი ბოლო პერიოდში მძიმე მენტალურ ზეწოლას განიცდიდა იმ ბინაში, რომელიც საქართველოში ჰქონდა დაქირავებული. მისი თქმით, თანაბინადრები სტუდენტს სწავლაში ხელს უშლიდნენ, სადილს ართმევდნენ და სხვადასხვა ფორმით ავიწროებდნენ. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დჰვანიტმა სხვა ბინაში გადასვლა გადაწყვიტა. მამის თქმით, ბინის მეპატრონემ (ასევე ინდოეთის მოქალაქემ, სახელად ანილმა) სტუდენტს სიცოცხლის მოსპობით მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა. 14 მაისს, როდესაც დჰვანიტი ძველ ბინაში დარჩენილი ბარგის წამოსაღებად და გასაღების დასაბრუნებლად მივიდა, ოჯახის მტკიცებით, ის ოთახში ჩაკეტეს, ტელეფონზე წვდომა შეუზღუდეს და იძულებით გადაარიცხვინეს დაახლოებით $6,500 დოლარი. მამასთან ბოლო სატელეფონო ზარის დროს სტუდენტმა თქვა, რომ ფულის მიცემის მიუხედავად, მასზე ზეწოლა მაინც გრძელდებოდა, რის შემდეგაც ტელეფონი გაითიშა.

ბიჭის დედა, არაერთხელ გამოვიდა გუჯარათის მედიის საშუალებით, ის ადგილობრივი საჯარო მოხელეა. ქალმა ინდოეთისა და საქართველოს მთავრობებს ოპერატიული მოქმედებებისკენ მოუწოდა: "შვილს ბოლოს 13 მაისს ველაპარაკე, მომდევნო დღეს კი მან მამამისს დაურეკა. ჩემთან საუბრისას მითხრა, რომ ახალ ბინაში ბარგით უკვე გადასული იყო. 14 მაისის შემდეგ კავშირი საერთოდ არ გვქონია. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ჩემი შვილი მალე დააბრუნონ. ის წარჩინებული სტუდენტი იყო, ძალიან ბევრს შრომობდა და სექტემბერში, მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სახლში უნდა დაბრუნებულიყო. უმორჩილესად ვთხოვ გუჯარათის მთავრობას, რაც შეიძლება მალე დამეხმარონ“.

წაიკითხეთ ასევე: