ავტორი:

"წყალში დიდხანს ყოფნისგან დანაოჭებული ჰქონდა ხელ-ფეხი" -  26 წლის ქალი ზღვაში გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

"წყალში დიდხანს ყოფნისგან დანაოჭებული ჰქონდა ხელ-ფეხი" -  26 წლის ქალი ზღვაში გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს

ბრაზილიაში 26 წლის ქალი, რომელიც ჰიდროციკლით სეირნობის დროს ზღვაში გაუჩინარდა, თითქმის ორი დღის შემდეგ ცოცხალი იპოვეს.

რამდენიმე საათიანი ძებნის მიუხედავად, ქალი ვერ იპოვეს. მოგვიანებით სამძებრო ოპერაციაში ბრაზილიის საზღვაო ძალები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც ჩაერთნენ. ორშაბათს მაშველებმა მიტოვებული ჰიდროციკლი აღმოაჩინეს, რაც ძებნის არეალის შემცირებაში დაეხმარათ.

ბრუნა დამარის სანტა და სილვა სამშაბათს დილით მეთევზეებმა შენიშნეს — სანაპიროდან დაახლოებით 16 კილომეტრის დაშორებით. ის წყალში სამაშველო ჟილეტით ტივტივებდა და გემს სუსტად უქნევდა ხელს.

მეთევზე ალექს კვინტინოს თქმით, ქალი დაბნეული იყო და გადარჩენის შემდეგ პირველ რიგში წყალი მოითხოვა.

"საბანი მოვახვიეთ. ხელები და ფეხები წყალში დიდი ხნის ყოფნისგან დანაოჭებული ჰქონდა,“ — განაცხადა მეთევზემ.

გადარჩენის შემდეგ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის კვლავ დაკარგულად ითვლება 28 წლის დიოგო პერეირა ბერნარდინო, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა. სამძებრო ოპერაცია ზღვაში ნავებისა და ვერტმფრენების დახმარებით გრძელდება.

წყარო