დიდ ბრიტანეთში, ნიუკასლის უნივერსიტეტის (Newcastle University) მკვლევრებმა საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: ყოველდღიურად ერთი ჭიქა ახლად გამოწურული ხილის წვენის ან სმუზის მიღება პოზიტიურ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს.
კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში, British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა.
როგორ მიმდინარეობდა კვლევა?
ექსპერიმენტში 42 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მანამდე დღეში მხოლოდ ორ პორცია ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ. ოთხი კვირის განმავლობაში მონაწილეთა ნაწილმა მცენარეული საკვების რაოდენობა რეკომენდებულ 5 პორციამდე გაზარდა.
ამ ჯგუფის ნახევარი, დამატებით, ყოველდღიურად სვამდა ერთ ჭიქა 100%-იან ნატურალურ ხილის წვენს ან სმუზის. მეცნიერები მონაწილეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კერძოდ კი შფოთვისა და დეპრესიის დონეს, სპეციალური ტესტების მეშვეობით აფასებდნენ.
საუკეთესო შედეგი მათ აჩვენეს, ვინც წვენს სვამდა
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეპრესიული სიმპტომების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომლებიც რაციონში ხილის წვენს ან სმუზის იყენებდნენ.
კვლევის ავტორმა, დოქტორმა კორტნი ნილმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია ყოველდღიურად ხილისა და ბოსტნეულის საჭირო ნორმის მიღება, ამიტომ მარტივ გადაწყვეტილებებს კვებითი ჩვევების გაუმჯობესება შეუძლია.
„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი ხელმისაწვდომი ნაბიჯი, როგორიც დღეში ერთი პატარა ჭიქა ნატურალური წვენის ან სმუზის დალევაა, ადამიანებს ეხმარება შეავსონ დღიური მინიმუმი და ამავდროულად, მხარი დაუჭირონ თავიანთ ფსიქიკურ კეთილდღეობას“, - განმარტავს დოქტორი ნილი.
მეცნიერები ზომიერებისკენ მოგვიწოდებენ
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხილის წვენები ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, თუმცა ისინი ბალანსირებული დიეტის ნაწილი უნდა იყოს.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
ნატურალური წვენები დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს შეიცავს.
მათი ჭარბი მოხმარება ზრდის ჭარბი წონის, კარიესისა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ კვლევის მიმდინარეობისას, იმ მონაწილეებში, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ წვენს, მეტაბოლური ჯანმრთელობის მხრივ არანაირი უარყოფითი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
კვლევის თანაავტორი, დოქტორი ოლივერ შენონი მიიჩნევს, რომ კვებაში შეტანილ ასეთ მცირე კორექტივებს ემოციური მდგომარეობის მართვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია: „რაციონში ხილის წილის გაზრდა, თუნდაც ერთი ჭიქა წვენის სახით, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ეფექტური გზაა“.