ფაქტი ძალიან მძიმე სანახავი იყო. ვინც კადრები ნახა, გულგრილი ვერავინ დარჩებოდა, თუმცა, აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: შესაბამისმა სამსახურმა რეაგირება მოახდინა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არავის მიეცემა საშუალება კანონის დაარღვიოს და ამას თვალდახუჭულმა შევხედოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
„გვახსოვს, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.