გიორგი კეკელიძის ზღაპრები - „კუპატა და მძინარე ზებრა“ 5 ივნისიდან ექსკლუზიურად ბათუმელი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი

გიორგი კეკელიძის ზღაპრები - „კუპატა და მძინარე ზებრა“ 5 ივნისიდან ექსკლუზიურად ბათუმელი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი

5, 6 და 7 ივნისს ბათუმელებს ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული ელოდებათ - „პალიტრა L-ი“ გამართავს წიგნის დღეებს, რომლის ფარგლებშიც ყველა ასაკის მკითხველს ელოდება ავტორებთან შეხვედრა, გამოფენა-გაყიდვა სპეციალური შეთავაზებებით, სახალისო აქტივობები და მთავარი ღონისძიება, „კუპატას თავგადასავლის“ მეორე ნაწილის - „კუპატა და მძინარე ზებრის“ წარდგენა.

ახალ წიგნის პრეზენტაციას თავად ავტორი, გიორგი კეკელიძე ჩაატარებს. პირველი ეგზემპლარები კი ექსკლუზიურად ბათუმელი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ბათუმში, ევროპის მოედანზე კუპატას თემატიკასთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, დროშებით მსვლელობა, ზებრის მოხატვა, მოზაიკასა და კერამიკაზე მუშაობა.

კუპატა, პატარების ერთგული მეგობარი იქცა ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და მას თაობები არასდროს დაივიწყებენ. სწორედ მისი პერსონაჟი გახდა გიორგი კეკელიძის ზღაპრების შთაგონება, ზღაპრების, რომელიც დიდმა თუ პატარა მკითხველმა გამოსვლისთანავე შეიყვარა. საოცრად კეთილი და სახალისო ილუსტრაციები კი ზღაპრებს კიდევ უფრო სახასიათო ელფერს სძენს.

გიორგი კეკელიძე თავად გვიამბობს, რა ელოდებათ მკითხველებს ბათუმის წიგნის დღეებზე, როგორ დაიწერა „კუპატა და მძინარე ზებრა“ და რა მნიშვნელობა აქვს კუპატას სიმბოლიკას ბათუმისთვის:

  • მალე, ბათუმელი მკითხველი მათი საყვარელი პერსონაჟის, კუპატას ახალ ამბებს შეიტყობს. გვიამბეთ, როგორ ემზადებით ბათუმის წიგნის დღეებისთვის. რა მოლოდინი გაქვთ და რას უმზადებთ მათ?

ვფიქრობ ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება ბათუმელი მკითხველისთვის და არა მხოლოდ. კულტურის დეცენტრალიზაციისთვის ამგვარი პროექტები, არათუ სასურველი - აუცილებელია. იდეა და მიზანი ამ ყველაფრის დიდ და ტრადიციულ ფორუმად ქცევაა, რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის გამომცემლობა პალიტრა L - ს. მე საკუთრივ კუპატას და თომას ამბებით ვესტუმრები ბათუმს და რაღა თქმა უნდა, მეც და ჩემი პერსონაჟებიც, დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით.

  • „კუპატას თავგადასავალი“ გამოსვლიდან ძალიან მალე შეიყვარა ყველა თაობის მკითხველმა. როგორ შექმენით ზღაპრის პერსონაჟი ნამდვილი კუპატას პროტოტიპისგან? გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ მკითხველი ასე შეიყვარებდა თქვენს ზღაპრებს?

ამ წიგნის დაწერა კუპატასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა შემომთავაზეს გასულ ზაფხულს და მე როგორ ძაღლების დიდი მოყვარული და მეგობარი, იოლად დავთანხმდი. კუპატა არის ცენტრალური ფიგურა და მიზეზი, თუმცა წიგნში მისი გზა სხვადასხვა გამოცდილებით შევავსე. კი, წიგნი წარმოუდგენლად პოპულარულია, ყოველკვირეულად ასობით ბავშვს ვხვდები და უამრავ წერილს ვიღებ. ეს ცხადია, მახარებს, რადგან ამ წიგნი მიზანი ერთმანეთის დანახვა და გათვალისწინებაა - ადამიანების, ცხოველების, მცენარეების.

  • როგორ შეიქმნა „კუპატა და მძინარე ზებრა“? რა ისტორიებს გვიამბობს ის და როგორ არის მასში ასახული კუპატას, როგორც ერთგული ოთხფეხა მეგობრის სახე?

თუ პირველ წიგნში ის ამბავი, რითაც კუპატა ცნობილი გახდა, მხოლოდ ფრაგმენტულადაა მოცემული, მეორე წიგნში დრო უკან ბრუნდება და იმ სახელგანთქმული ზებრა-გადასასვლელის ისტორიას მოგითხრობთ. თურმე ეს ზებრა, მეგობრებთან ერთად კუპატას აფრიკიდან ჩამოიყვანა. მეგობართა შორის კი საოცარი ტყუპები, დაჩი და დანიელიც იქნებიან, რომლებსაც საზოგადოება შოშიებად იცნობს.

  • სიმბოლურია, რომ „კუპატას და მძინარე ზებრის“ პრეზენტაცია სწორედ ბათუმშია დაგეგმილი. პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობაც. გვიამბეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, ერთგულებისა და სიკეთის არქეტიპად ქცეული კუპატა ქალაქის ერთგვარ სიმბოლოდ იქცეს და ყოველწლიურად მიეძღვნას მას ასეთი ღონისძიებები?

ქალაქს სჭირდება ამგვარი სიმბოლოები, თუნდაც ისეთი დიდი ისტორიის მქონე და მრავალი სიმბოლოთი დახუნძლული იყოს, როგორიც ბათუმია. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ბრენდი კუპატა ჯერაც ძალას იკრებს და მალე ეს ამბავი, მათ შორის ამ ფესტივალის ტრადიციულად ქცევითაც გამოიხატება.

R