ავტორი:

სკანდალი ესპანეთში: ქვეყნის პრემიერის ძმა და მეუღლე კორუფციაში არიან ბრალდებულები - რა ხდება ცნობილი და რას აცხადებს თვითონ პედრო სანჩესი?

სკანდალი ესპანეთში: ქვეყნის პრემიერის ძმა და მეუღლე კორუფციაში არიან ბრალდებულები - რა ხდება ცნობილი და რას აცხადებს თვითონ პედრო სანჩესი?

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს წინ ხანგრძლივი და რთული ზაფხული ელის, უახლოეს კვირებში სასამართლო იმ კორუფციულ საქმეებს განიხილავს, რომლებიც მის ძმას, მეუღლესა და წინამორბედს - ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს უკავშირდება.

სოციალისტების ლიდერი, რომელიც ხელისუფლებაში რვა წლის წინ, კორუფციაში ჩაფლული კონსერვატიული “სახალხო პარტიის“ (PP) მთავრობის უნდობლობის ვოტუმით დამხობის შემდეგ მოვიდა, დაჟინებით ამტკიცებს, რომ მის ოჯახს დანაშაული არ ჩაუდენია. მან ასევე საპატეროც დაიცვა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება გააჩნია.

მიუხედავად ამისა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სანჩესს უამრავ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს: კორუფციაში მისი ორი ყოფილი მარჯვენა ხელი არის ბრალდებული, ხოლო ქვეყნის ყოფილ გენერალურ პროკურორს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

  • გთავაზობთ მიმდინარე საქმეების მოკლე მიმოხილვას

  • რა ხდება სანჩესის ძმის გარშემო?

პრემიერ-მინისტრის უმცროსი ძმა, დავიდ სანჩესი, ხუთშაბათს სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთის ესტრემადურას რეგიონში სასამართლოს წინაშე წარდგება. მას “საკუთარი გავლენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონო, ბოროტად გამოყენება“ ედება ბრალად. იგივე ბრალდება კიდევ ათ პირს აქვს წარდგენილი.

საქმე ორგანიზაცია “Manos Limpias“ - ის ("სუფთა ხელები") საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რომელიც ულტრამემარჯვენე ძალებთან დაკავშირებულ თვითგამოცხადებული პროფკავშირს წარმოადგენს. საჩივრის თანახმად, დავიდ სანჩესს 2017 წლის ივლისში, სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ბადახოსის სოციალისტურმა საბჭომ სპეციალურად მისთვის შექმნა თანამდებობა, რომელიც დევიდ სანჩესმა დაიკავა. იმ დროს მისი ძმა “ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ (PSOE) ლიდერი იყო, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტი ჯერ არ ეკავა.

დავიდ სანჩესი ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

  • რაც შეეხება სანჩესის მეუღლეს...

სასამართლოში გამოცხადება პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ბეგონია გომესსაც მოუწევს, ამის მიზეზი კვლავ “Manos Limpias“ -ის საჩივარი გახდა.

გასულ თვეში, მადრიდის მოსამართლემ ორწლიანი გამოძიების შედეგად, გომესს თანხების მითვისებაში, გავლენით ვაჭრობაში, კორუფციულ ბიზნეს საქმიანობასა და ფულადი სახსრების არამიზნობრივ განკარგვაში წაუყენა ბრალი.

ბეგონიას ბრალად ედება "მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში პოზიციის მოსაპოვებლად და სამართავად პრემიერ-მინისტრის მეუღლის სტატუსის გამოყენება, ასევე სახელმწიფო რესურსებისა და პირადი კავშირების გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“.

მოსამართლე ხუან კარლოს პეინადომ ამავე საქმეზე ბრალი წაუყენა გომესის პირად ასისტენტს, კრისტინა ალვარესსა და ბიზნესმენ ხუან კარლოს ბარაბესს. ყველა ბრალდებული დანაშაულს უარყოფს. გომესი მოსამართლე პეინადოს წინაშე, წინასწარ სასამართლო სხდომაზე 9 ივნისს უნდა წარსდგეს.

  • როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრი?

როდესაც 2024 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ, სანჩესმა თავისი ოფიციალური საქმიანობა ხუთი დღით შეაჩერა, “რათა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ეფიქრა“. მან პოლიტიკური და მედია ოპონენტები მისი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებული “დევნისა და ბულინგის კამპანიაში“ დაადანაშაულა, თუმცა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ესპანეთის პრემიერი დღემდე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე და ძმა პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამების მსხვერპლნი არიან, მან ღიად დააყენა ეჭვქვეშ ესპანეთის სასამართლო ხელისუფლების ზოგიერთი წევრის დამოუკიდებლობაც.

საქმის ახალი დეტალების გამოაშკარავების მიუხედავად, სანჩესმა საპატეროს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ “ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს“ იმისთვის, რომ წინამორბედს მხარი არ დაუჭიროს...

წყარო