ავტორი:

"ნარკოტიკს მიწაში მარხავენ, დრონით, მიმინოებით გადააქვთ და ბევრი სხვა რამეც ხდება... " - როგორ "ავერბოვკებენ" ქართველ ახალგაზრდებს "ნარკობარიგებად"?

"ნარკოტიკს მიწაში მარხავენ, დრონით, მიმინოებით გადააქვთ და ბევრი სხვა რამეც ხდება... " - როგორ "ავერბოვკებენ" ქართველ ახალგაზრდებს "ნარკობარიგებად"?

ამ დღეებში სოცქსელში ყოფილი პოლიტიკოსის, გია ყრუაშვილის სულისშემძვრელ სტატუსს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბატონი გია ქვეყნის დიდ პრობლემაზე, ნარკომანიაზე ლაპარაკობს. მისი 22 წლის შვილიშვილის, დათო ბლიაძის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა. მისი თქმით, იმ ღამეს ხუთი ახალგაზრდა გარდაიცვალა ზედოზირებით. ამბობს, რომ შვილიშვილის საფლავთან დადო ფიცი, რომ "მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი დათუჩა იყოს ბოლო მსხვერპლი... ვერაფერი გამაჩერებს, ვერ გამაჩერებენ ვერც ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდების დაღუპვაზე ხუჭავენ თვალს, ვერც ისინი, ვინც ამ უბედურებას ხელს აფარებენ. მე დავიწყებ ბრძოლას იმ სიმართლისთვის, რომელიც წლებია დაფარულია".

  • "ოთხი ბავშვი თუ კვდება თბილისში მარტო ერთ ღამეში ნარკოტიკით, ვის აკავებენ მაშინ?!"

გია ყრუაშვილი:

- ქუჩებში გაკრულია განცხადებები - მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ ახალგაზრდებს, ბრიყვდებიან ბავშვები და ერთი ახალგაზრდა კლავს მეორეს. ჭინკებივით დადიან, დებენ ყველგან წამალს და ამაში იღებენ ფულს. ამას გამოძიება არ სჭირდება, ერთი და იმავე სქემით ხდება ყველაფერი და ამდენი ახალგაზრდა გვეხოცება. ერთი შვილი დიუშენის სინდრომიანი მყავს, ეტლში ზის, ჩემი 22 წლის შვილიშვილი კი მიწაში ჩავდე. დედა ემიგრაციაში ჰყავდა, 5 წელი არ უნახავს. დღეს დასაკარგი არაფერი მაქვს, სხვის შვილებს მინდა ვუშველო. ყველაფერი იწყება "გაჩალიჩებით" - ჯერ ეტყვიან, მოდი, ცოტა გასინჯეო, სპეციალურად ხდიან დამოკიდებულს, განსაკუთრებით სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდებს და ემიგრანტების შვილებს, რომ დედებს ფული გამოაგზავნინონ და ასე იღუპებიან ბავშვები. მალავენ მშობლები, რომ ნარკოტიკით დაიღუპა მათი შვილი. მინდა მათ მივმართო, არაფერია სამარცხვინო, განგაშია ასატეხი ყველა მხრიდან. არ დავიზარებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ უბედურებასთან ბრძოლაში, რომ სხვისი შვილები მაინც გადარჩნენ.

- დიახ, ოჯახები ხშირად მალავენ გარდაცვალების რეალურ მიზეზს. თქვენი ოჯახის ტრაგედიაზე გვიამბეთ, როგორ გახდა წამალდამოკიდებული თქვენი შვილიშვილი?

- მე მესმის იმ მშობლების. ჩემს სახლშიც ანალოგიური სიტუაციაა, მეჩხუბებიან, გაანებე თავი, უკვე დავიღუპეთო. ვერ დავანებებ, თუ ასე გაგრძელდა, დამმარხველი აღარ ეყოლება ქართველ ხალხს. მე რაღა დამრჩა დასაკარგი, ჩემი ლაზარე, ერთი შვილი ეტლში ზის და მისი მოვლა-პატრონობით ვარ დაკავებული, მეორე, ჩემი შვილიშვილი, დათო, რომელიც დედამ დამიტოვა ცოცხალი, საღ-სალამათი, უპატიოსნესი, აღარ მყავს. ჩემი დათო სტუდენტ იყო, უწესიერესი ბიჭი. რომ ნახოთ, როგორ დასტირიან მეგობრები. საუბედუროდ, ვეღარ გავაკონტროლე ჩემი ინვალიდი შვილის გამო, თუმცა, ახალგაზრდები არიან, სახლში ვერ ჩაკეტავ, ქუჩაში გავლენ, კანონმა, ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს ეს უბედურება, უნდა ჩაერთოს საპატრიარქოც. სტატისტიკა მაქვს გამოთხოვილი სამინისტროდან და გავარკვევ, რამდენი ადამიანია დაღუპული ნარკოტიკით.

*****

  • "სატელევიზიო სიუჟეტებისთვის მოწყობილი რეიდებით ნარკოპრობლემა ვერ გადაიჭრება"

ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი:

- უმძიმესი ვითარებაა. სანამ მოთხოვნა იარსებებს, იარსებებს მიწოდებაც: მიწაში დამარხვა, დრონით, მიმინოებით გადმოტანაც და ბევრი სხვა რამეც...

- თქვენ ხშირად ითხოვთ გარდაცვლილთა სტატისტიკას, ხომ არა გაქვთ რაიმე მონაცემები?

- როგორ შეიძლება არ არსებობდეს ზედოზირებით გარდაცვალების სტატისტიკა, არსებობს, მაგრამ არ ახმაურებენ ზუსტად რეფორმის კრახის შიშით. ვითომ გაამკაცრეს ნარკოპოლიტიკა, მაშინ რატომ მალავენ რეფორმის "წარმატებულ" შედეგებს? მალავენ იმიტომ, რომ ამ საქმეში გადადგმული მათი ყველა ნაბიჯი ხელს უწყობს იმ სასაკლაოს, რომელიც ჩვენ თვალწინ არის გამართული. სატელევიზიო სიუჟეტებისთვის მოწყობილი რეიდებით ნარკოპრობლემა ვერ გადაიჭრება. ამას სჭირდება კომპეტენცია, სისტემური ხედვა და პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციის, რეაბილიტაციის, სამედიცინო ზრუნვის სისტემები, ან ზიანის შემცირების პოლიტიკა, მაგრამ ამას ძირი გამოუთხარეს. დღეს ვერც ერთ აფთიაქში ვერ იყიდით "ნალოქსონს", რომელიც ზედოზირების დროს თავდაცვისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ზიანის შემცირების პროგრამებს ლეგალურ ნარკომანიას ეძახიან. ამდენი ზედიზორების, ნარკოტიკების ამხელა მიმოქცევის პირობებში სახეში გვიყურებენ და გვეუბნებიან, რომ მომხმარებელს განკურნავენ. არც ერთი პროგრამა არ არის, რომლითაც ამ ვითარების სტაბილიზაციას შევძლებთ. ეს დანაშაულია. ზედოზირება არ არის მარტო სიკვდილი, ინტოქსიკაციით რამდენი ხვდება სტაციონარებში, ესეც ძალიან დიდი მაჩვენებელია. რა ნივთიერება აქვს მიღებული პირს ვერც ერთი კლინიკა ვერ ადგენს. როცა ეჭვი არის, რომ ნარკოტიკული კომაა, უნდა გამოავლინონ, რომელი ნარკოტიკის ბრალია. ამაზე იგება ჯანდაცვის პოლიტიკა, რამდენი ადამიანია მომხმარებელი, რამდენი მოხვდა რეანიმაციაში, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი გადაურჩა ინტოქსიკაციას. ასევე საჭიროა შავი ბაზრის კვლევა, უნდა იცოდნენ, რა ნარკოტიკი ტრიალებს. წაიკითხეთ სტატია სრულად