ხმაური იყო გორში, პოლიციის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.
მოქალაქეები ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შესულიყვნენ და მიეღოთ კითხვებზე პასუხები.
"მკვლელებო, მკვლელებო!“, - სკანდირებენ გორის პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეები.
მათ კანონის წინაშე დასდეს ფიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაიცავდნენ და აღასრულებდნენ კანონს, მაგრამ სრულიად საპირისპირო ხდება. ვნახეთ კადრები, როგორ ძალადობენ ადამიანებზე, როგორ ურტყამენ წიხლებს სახეში - ეს არის პოლიციის სახე? დაუსჯელობის სინდრომი მოდებულია ყველა პოლიციელებზე. ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.