ავტორი:

ამერიკული ბაზა მთავრეზე: რას ნიშნავს ეს და რას აცხადებენ NASA-ში? - "მალე ეს შესაძლოა უზარმაზარ ქალაქს დაემსგავსოს"

ამერიკული ბაზა მთავრეზე:  რას ნიშნავს ეს და რას აცხადებენ NASA-ში? - "მალე ეს შესაძლოა უზარმაზარ ქალაქს დაემსგავსოს"

NASA-მ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მთვარის ბაზის მშენებლობის შემდგომი ეტაპები გაასაჯაროვა. მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთვარეზე სამი უპილოტო მისიის გაგზავნა იგეგმება.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ სამშაბათს 26 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს მისიები მთვარის ზედაპირზე მუდმივი ბაზის შექმნას ჩაუყრის საფუძველს, რაც თავის მხრივ საბოლოო ჯამში, მარსზე ადამიანის გაგზავნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

“ამერიკა კვლავ ბრუნდება მთვარეზე და ამჯერად სამუდამოდ“, - განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ჯარედ აიზეკმენმა პრესკონფერენციაზე.

NASA მთვარეზე მუდმივი დამკვიდრების იდეებს ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან განიხილავს, “სტაბილური მთვარის ბაზის“ შექმნაზე მინიშნებები კი უკვე 2019 წელს, პროგრამა “Artemis “- ის გაშვებისთანავე გაჩნდა. მოგვიანებით, სააგენტომ ეს ამბიციები უფრო კონკრეტულ გეგმად მიმდინარე წლის 24 მარტს, ღონისძიება “Ignition“ -ზე აქცია. სწორედ მაშინ დაანონსდა 20-მილიარდიანი პროექტი სახელწოდებით “Moon Base“ , რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების, განვითარებისა და მთვარის ზედაპირის შესწავლის მთავარი ჰაბი გახდება.

“Moon Base”-ი ამერიკისა და კაცობრიობის პირველი საგუშაგო გახდება სხვა ციურ სხეულზე, თითოეული მისიას, იქნება ეს პილოტირებული თუ უპილოტო ფრენა, ახალი გამოცდილება მოაქვს. ჩვენ ვბრუნდებით მთვარის ზედაპირზე, რათა შევქმნათ ინფრასტრუქტურა და ავითვისოთ ის უნარები, რაც სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და სახიფათო გარემოში საცხოვრებლად და სამუშაოდ არის საჭირო“, - აღნიშნა აიზეკმენმა პრესკონფერენციის შემდგომ განცხადებაში.

ბაზა, რომლის აშენებასაც NASA მთვარის სამხრეთ პოლუსთან გეგმავს, შემდგომში შესაძლოა უზარმაზარ ქალაქს დაემსგავსოს. პროგრამა “Moon Base“ -ის მენეჯერის, კარლოს გარსია-გალანის თქმით:

"მომავალს ხედვით, მთვარის ბაზა ასობით კვადრატულ მილზე გადაიჭიმება და სხვადასხვა ობიექტს გააერთიანებს, რაც მთვარეზე ადამიანის მუდმივ ყოფნას უზრუნველყოფს“.

  • პირველი სამი მისია

სამშაბათის ღონისძიებაზე კოსმოსურმა სააგენტომ გეგმის განხორციელების პირველი ნაბიჯები წარადგინა

Moon Base I: 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება, მის მიზანს მთვარის ზედაპირზე NASA-ს სასარგებლო ტვირთის (payloads) მიტანა წარმოადგენს. მისია იმ ხელსაწყოებს და ტექნოლოგიების ტრანსპორტირებას მოიცავს, რომლებიც, მთვარის ზედაპირზე ხომალდის ძრავები ზემოქმედებს შესასწავლად არის განკუთვნილი, აპარატურის ნაწილი თანამგზავრის ორბიტაზე მყოფ ხომალდებს მთვარეზე არსებული ობიექტებზე უფრო ზუსტი დაკვირვების საშუალებას მისცემს.

Moon Base II: მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ის მთვარეზე როვერებსა და გადაადგილებისთვის საჭირო სხვა მობილურ სისტემებს ჩაიტანს.

Moon Base III: მისი სტარტი ასევე მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მისია მთვარეზე როგორც NASA-ს, ისე სხვა კოსმოსური სააგენტოების კუთვნილ აპარატურას გადაიტანს, მოწყობილობების მთავარი მიზანი იმის შესწავლა იქნება, თუ როგორ იცვლება დედამიწის თანამგზავრის ზედაპირი დროთა განმავლობაში და როგორ უძლებს სხვადასხვა მასალა იქ არსებულ ექსტრემალურ პირობებს.

ეს სამი მისია ‘Moon Base“ -ის პირველი ფაზის ნაწილია, რომელიც მთვარის ბაზის პირველი, რეალური საფუძვლის მომზადებას ისახავს მიზნად.

II ფაზა (2029–2032 წლები) ნახევრად მუდმივ ინფრასტრუქტურასა და პირველად საცხოვრებლების მომზადებას ითვალისწინებს, ხოლო III ფაზა (2032 წლიდან და შემდგომი პერიოდი) ოპერაციების იმ მასშტაბამდე გაზრდას გულისხმობს, რაც დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის ხანგრძლივ და სტაბილურ ყოფნას უზრუნველყოფს.

  • პარტნიორები და სკეპტიციზმი

პრესკონფერენციაზე სააგენტომ ასევე გამოაცხადა, რომ პირველ მისიას ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია “Blue Origin“ შეასრულებს. ტვირთის გადასატანად კომპანიის კოსმოსურ ხომალდს, “Blue Moon Mark 1 Endurance“-ს გამოიყენებენ. Blue Origin ამ კონტრაქტის მთავარი ბენეფიციარი გახდა და 468 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

ექსპერტების ნაწილი NASA-ს ამბიციებს, პროექტის ვადებსა და ჯერ კიდევ გამოსაცდელ ტექნოლოგიების საიმედოობას სკეპტიკური თვალით უყურებს.

მაგალითად, როვერების მწარმოებლად კომპანია “Axiom Space“ შეირჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ სკაფანდრების დამზადების დაგვიანებამ პროგრამა “Artemis“-ი სერიოზული შეფერხების წინაშე დააყენა. გარდა ამისა, კომპანიებმა "Astrobotic“ და “Intuitive Machines“, რომლებიც ტვირთის გადასაზიდად შეირჩნენ, წინა მთვარის მისიები წარუმატებლად დაასრულეს.

აიზეკმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიების მთავარი მიზანს სამეცნიერო აღმოჩენების გაკეთება წარმოადგენს, თუმცა NASA ამავდროულად დიდი პოლიტიკური ზეწოლასაც განიცდის, ჩინეთი აქტიურად მიიწევს წინ საკუთარი გეგმით, რომელიც 2030 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტების დასმას ითვალისწინებს. კომერციული კოსმოსური ფედერაციის (CSF) მიერ 2025 წლის სექტემბრის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მან შესაძლოა ამ "ახალ კოსმოსურ რბოლაში მალე აშშ-საც გაუსწროს“.

გარდა ამისა მიუხედავად Artemis II-ის ბოლოდროინდელი წარმატებისა, თავად NASA-ს პროგრამა Artemis (რომლის მიზანსაც 2028 წლისთვის მთვარეზე ადამიანის დასმა წარმოადგენს) უკვე აჭარბებს ბიუჯეტს და გრაფიკსაც ჩამორჩება. თავდაპირველად სააგენტო პროგრამით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას 2024 წლისთვის გეგმავდა.

წყარო