მსოფლიო კიდევ ერთხლე შეძრა აგრესორი რუსეთის სისასტიკემ - 23-დან 24 მაისის ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს. სამიზნეში ამოღებული იყო პირდაპირ საცხოვრებელი კვარტალი - კიევის შევჩენკოს რაიონში 5-სართულიანი სახლის ნაწილის ნგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, კიევზე დარტყმის შედეგად დაშავებულია 87 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. გამოცემა "უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაზიანებულ სახლებს შორისაა გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც ბინა აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ადგილებისა და დაზიანებების რაოდენობით, რუსეთმა კიევზე ომს დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 24 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინას, ძირითადად, კიევს 600 უპილოტო საფრენი აპარატით და 90 ბალისტიკური, აერობალისტიკური და გემსაწინააღმდეგო რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 55 რაკეტა და 549 დრონი მოიგერია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტებს შორის იყო "ორეშნიკი“, რომელიც რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქზე დარტყმისას გამოიყენეს.
The Guardian-ის წყაროთა ინფორმაციით, რუსეთის განწყობების შეცვლა გამოიწვია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მეხუთე წელს ფრონტზე წარუმატებლობებმა და რუსეთში შიდა პრობლემების გამწვავებამ.
ფაქტია, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ რუს სამხედროებს ამ წლის ბოლომდე შეუძლიათ მთელი დონბასის დაპყრობა და ფრონტის გარღვევის შემთხვევაში კონტროლის დამყარება სხვა რეგიონებზეც.
გიორგი კობერიძე, ანალიტიკოსი:

- რუსეთს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა როგორც სამიზნე, ისე ჰყავს გამოცხადებული, ეს არახალია. მის დოქტრინალურ ხედვაში ქვეყნის, რომელთანაც ომი აქვს, ნებისმიერი ინფრასტრუქტურა არის ლეგიტიმური სამიზნე, რაც ავტომატურად სამხედრო დანაშაულია, მაგრამ რუსული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ეს ღიად არის გაცხადებული და ამაზე ორაზროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. ამიტომაც, მასირებული შეტევა რუსული პერსპექტივიდან მოსალოდნელი იყო. მეორე პერსპექტივა, რატომაც მოსალოდნელი იყო შეტევა - უკრაინელებს ჰქონდათ და აქვთ სერიოზული ინიციატივა ჰაერში (მხედველობაში მაქვს დრონების გამოყენებით იერიშების მიტანა მოწინააღმდეგის პოზიციებზე, განსაკუთრებით რუსეთის ტერიტორიებზე ენერგოობიექტებზე, საიდანაც რუსეთის ერთის მხრივ სამხედრო ლოჯისტიკა იკვებება (ნავთობია მხედველობაში) და მეორეს მხრივ, ასევე, ამ ნავთობის თუ სხვადასხვა ნაწარმის გაყიდვა ხდება ექსპორტზე და იქიდან შემოსული ფულით რუსეთი აგრძელებს ომს). სწორედ ამ ობიექტებზე დარტყმის საპასუხო იყო რუსეთის მხრიდან იერიშები.
რუსული ხელწერააა, რომ თითქოს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვს იერიში. მისი მხრიდან რომ ავიღოთ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, ეს ომის პირველივე საათებიდან ხდება და ჩვენ გვახსოვს 2022 წლის 26 თებერვლის დილა, როდესაც რუსებმა ბალისტიკური რაკეტები კიევში პირდაპირ სახლებს ესროლეს.
რაც შეეხება ბოლო ხანს გავრცელებულ აზრს, მე ასე არ შევაფასებდი, რომ რუსული შეტევა ჩაიშალა. ამ ეტაპზე ინიციატივა სამხედრო მიმართულებით, სამხედრო ობიექტების მიმართულებითაც უკრაინელებს გააჩნიათ, ეს ნათელი გახდა იმავე ზაპოროჟიეს ოლქში, ასევე ლიმანის მიმართულებით. რუსეთის რაღაც აქტიური გარღვევის მცდელობა, ერთი მიმართულების არჩევა, სადაც ისინი მასირებულ შეტევას დაიწყებდნენ, წელს ასეთი რამ არ ყოფილა. პოკროვსკი-მირნოჰრადის დაკავების შემდეგ, სადაც რუსეთმა ძალიან დიდი მსვერპლი მიიღო, ჩვენ, პრაქტიკულად, ამის გაგრძელებას ვუყურებდით, ახალი მიმართულება მანამდე არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ 2 რამ:
რუსული ახალი შეტევა წელს ჯერ არ ყოფილა, ეს გაგრძელებას ჰგავდა, რომელიც უკრაინელებმა შეაჩერეს და ახლა მათ ხელშია ინიციატივა.
ანუ რუსების შეტევა არ ყოფილა და არც არის, ან არ ყოფილა და არც იქნება.
ეს ორი ვარიანტი შეიძლება უფრო ასახავდეს რეალობას. თუკი რუსული შეტევა წინ არის, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ ის ნავარაუდევი, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ შეიძლება პოტენციურად დარტყმა მოდიოდეს ბელარუსის მხრიდან, ან შესაძლებელია რუსეთის მხრიდან ზაფხულის შეტევა ვიხილოთ იმავე ძველი, მაგ. სლავიანსკის მიმართულებებით, სადაც რუსები წელიწადზე მეტია ცდილობენ კონსტანტინივკას დაკავებას და როგორმე სლავიანსკისთან მიახლოებას. ან თუკი რუსების მხრიდან ასეთი შეტევა მართლაც განხორციელდა, ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი მიმართულება. ამიტომაც იმის თქმა, რომ წელს რუსებმა რაღაც მასშტაბური სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, ჯერჯერობით არ ყოფილა.
- აშკარაა, პუტინი არ აპირებს ომის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე შეძლებს მთელი დონბასის დაპყრობას, ასევე, სხვა რეგიონებზე კონტროლის დამყარებასაც (რაშიც, როგორც წერენ, მას რუსი გენერლები არწმუნებენ). ეს რამდენად რეალურია და საამისოდ რა შანსები აქვს რუსეთს?
- არ უნდა გამოვრიცხოთ თავად ის ფაქტი, რომ პუტინისათვის ეს ომი არის მისი პერსონალური ომიც და ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფოებრივი ომიც. მას აქვს უზარმაზარი ამბიცია ამისა და ტყუილად არ უყვარს პოლტავას ბრძოლის, ჩრდილოეთის ომის მოხსენიება, როდესაც პეტრე პირველმა შვედები დაამარცხა, ტყუილად არ უყვარს იმის გახსენება, რომ რუსეთი დიდი იმპერიული ძალა იყო და სხვა. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. რა, რა და პუტინი ასეთ რაღაცეებს შემთხვევით არ ამბობს ხოლმე, მისთვის ეს არი ის მიზნები, რაც მას ამოძრავებს - იმპერიის გარკვეულწილად ჩამოყალიბება.
თუ გახსოვთ ტაკერ კარლსონთან მისი ინტერვიუ, სადაც მან ისეთ ისტორიაზე ისაუბრა, როგორიც მას სურს და ღიად ამბობდა, რომ რუსეთის იმპერიული დიდების დაბრუნების სურვილი აქვს. ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება, ამიტომაც იმის ვარაუდი, რომ პუტინი ომს დაასრულებს იმიტომ, რომ გარემოცვაში ვიღაც უკმაყოფილოა, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მოსალოდნელია, პირიქით, შეიძლება ვთქვათ, რომ პუტინისათვის ამ მოცემულობით ომის დასრულება გამორიცხულია, რადგან უკრაინაში ხელშესახები წარმატება არ აქვს - მილიონი კაცის დაკარგვა დაღუპულებით, დაჭრილებით, ტყვეებით და ა.შ ისე, რომ რომელიმე დამატებითი საოლქო ცენტრი ვერაფრით დაიკავე (რუსეთს ომის პერიოდში რაც ჰქონდა დკავებული, ამის გარდა ერთი დამატებითი საოლქო დედაქალაქიც კი არ აქვს დაკავებული). მას ჰქონდა ხერსონი დაკავებული და დაკარგა, ამიტომ მილიონი კაცი შესწირო ისე, რომ რამდენიმე რაიონული ცენტრის გარდა, ვერცერთი საოლქო დედაქალაქი ვერ დაიკავო, ეს რა თქმა უნდა, რუსეთში კითხვებს გააჩენს და ბოლოს და ბოლოს იმ სამხედროების, რომლებიც ომიდან სახლში ტრავმირებულები დაბრუნდებიან, ინტეგრაცია ძალიან გაჭირდება მით უმეტეს იმ საზოგადოებაში, რომელსაც გამარჯვებულის პოზიცია არ ექნება.
პუტინი, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მინიმუმ დონბასი დაიკავოს (ეს მინიმუმზე მინიმუმია), მაგრამ მისი გეგმა და სურვილი, რომ მთელი უკრაინა დაიპყროს, ეს არსად წასულა. რუსეთში ლამის სახელმწიფო რელიგიამდეა აყვანილი ჩრდილოეთის და მეორე მსოფლიო ომები (აქაც მსხვერპლზეა აქცენტი - ბევრიც რომ დაიღუპოს და ბევრი სისხლიც რომ დაიღვაროს, რუსეთი უნდა იყოს გამარჯვებული. ესაა დაახლოებით ის სახელმწიფო პოლიტიკურ-რელიგიური პოზიცია, რაც პუტინს აქვს). ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თუ ჩრდილოეთის ომი 21 წელს გრძელდებოდა, პუტინი იმას აჩვევს ხალხს, რომ ეს ომიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მეორეს მხრივ ის, რომ მეორე მსოფლიო ომში შენ 30 მილიონამდე კაცი დაკარგე, ესეც სახელმწიფო რელიგიამდეა აყვანილი - დიახ, შეიძლება დაიღუპოს მილიონობით ადამიანი, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ. დღეს არც რუსეთის იმპერიაა და არც სსრკ-ა, არც რუსი საზოგადოებაა იდეოლოგიურად იმ დონეზე და სურვილზე, რაც ოდესღაც იყო და სულაც არ უნდა მაგ. ბახმუტისთვის უპირობოდ და ყველაფრის გარეშე მოკვდეს, ამიტომაცაა გაზრდილი რუსეთში მიგრაციის ტალღა. ეს ყველაფერი სამომავლოდ პუტინს ალბათ აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს, მაგრამ მისი გათვლაა, რომ ის უკრაინელებს აჯობებს რაოდენობაში, შედარებით მეტი უკრაინელი მოკვდება და ის ომს მოიგებს.
- ეს რამდენად რეალისტურია?
- ნაკლებრეალისტურია. დღეს ვხედავთ, რომ პარიტეტი ძალიან შეიცვალა - თუკი ერთი უკრაინელი კვდება, იმავდროულად კვდება, დაახლოებით, 5 რუსი, ანუ პარიტეტი 1/5-ზე ავიდა, რაც ომის პირველ კვირეებში იყო და რაც საკმაოდ დამაიმედებელია, რადგანაც თავიდანვე, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში ითქვა (კარგად დაანგარიშდა სამხედრო თეორეტიკოსებისა და მათემატიკოსების მიერ), რომ 1/7-ია ის პარიტეტული მაჩვენებელი, რა შემთხვევაშიც უკრაინელებს ექნებათ რეალისტურად ომის მოგების საშუალება. ახლა მსხვერპლის მასშტაბი იმხელაა, ეს რომ იყოს ½-ზე, მაშინ რუსული ჯარი უკვე კიევში იქნებოდა, უბრალოდ, აღარავინ ეყოლებოდა უკრაინას (პროფესიონალ სამხედროებს ვგულისხმობ), საკუთარი თავი რომ დაეცვა. 1/5-ზე საკმაოდ დამაჯერებელი პარიტეტია. ვნახოთ, თანამედროვე ტექნოლოგიური ომები ძალიან ცვლის ომის ხასიათს და საკმაოდ საინტერესო პროცესები გველის წინ, განსაკუთრებით წელს ზაფხულის პერიოდში.
- საყურადღებო ისაა, რომ პუტინმა კიევზე მასირებული შეტევა ჩინეთიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო...
- ვიტყოდი, რომ ჩინეთი რუსეთის მხარეს დგას და იმიტომ კი არა, რომ ძალიან უყვარს, არამედ, რაც უფრო სუსტი იქნება რუსეთი, მით უფრო დამოკიდებული იქნება ჩინეთზე. თუკი ამ ომში რუსეთი დიდხანს იქნება ჩაბმული და გამოიფიტა, რაც უნდა დონბასი წაიღოს, ამას ჩინეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნათელია, რომ გამოფიტული რუსეთი მასზე დამოკიდებული რუსეთია და ასევე, მისთვის მარტივი მოცემულობაა, რომ დასავლეთი რაც უფრო ბევრ ენერგიას და მეტ რესურსებს დახარჯავს რუსეთის შეკავებისთვის, მისთვის აღარავის ეცლება. ჩინეთი უბრალოდ, ომს უჭერს მხარს, მაინც და მაინც იმას კი არა, რომ მოსკოვმა ვარშავა და ბერლინი აიღოს, არა, ჩინეთისთვის პრიორიტეტულია, რუსეთმა გააგრძელოს ომი და ამ პერიოდში მასზე ტოტალურად იყოს დამოკიდებული.
- ახლო მომავლის პროგნოზზე რას იტყვით, არის თუ არა წელს ომის შეწყვეტის ნიშნები?
- ვფიქრობ, ამ ზაფხულს რუსეთი შეეცდება ინიციატივის დაბრუნებას და ამ პროცესში მისი მხრიდან შეიძლება მართლაც იყოს რაღაც სიახლე, ახალი მიმართულება. ყველა ძველ მიმართულებაზე უკრაინელებს აქვთ ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი თავდაცვის ზღუდეები და ერთადერთი, შეიძლება რუსეთმა ახალ მიმართულებაზე გამოიჩინოს რაღაც ინიციატივა. ეს რამდენად წარმატებული იქნება, საკითხავია, მაგრამ რუსეთი ამას შეეცდება. რაც შეეხება უკრაინას, ის, პრაქტიკულად, ყოველ წელს ამა თუ იმ ფორმაში ცდილობს კონტრშეტევას და წელსაც ვადევნებთ თვალს უკრაინულ კონტრშეტევას. არ არის გამორიცხული, რომ კონტრშეტევამ, რომელიც ლიმანისა და ზაპოროჟიეს ოლქში მიმდინარეობს, სხვა ფორმა მიიღოს, თუკი წარმატება ხელშესახები გახდა. ამიტომ ვფიქრობ, ამ ომში მნიშვნელოვანი გარდტეხის შეტანის მცდელობა ორივე მხრიდან იქნება. ისიც ნათელია, რომ მოცემულ ეტაპზე, ამ რეალობაში ჯერ-ჯერობით ინიციატივა აქვს უკრაინას და ეს რაღაც მხრივ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელების ტაქტიკამ - რუსეთის ობიექტებზე და ღრმა ზურგში დარტყმამ ამ ეტაპზე გაამართლა. სიმართლე გითხრათ, წელს ომის დასრულების ნიშნები არ არის და სავარაუდოა, რომ ომი ნამდვილად გაგრძელდება.