ერთ დროს "ყველაზე ლამაზ გოგოდ" იცნობდნენ. სცენა, პროჟექტორები, კონკურსები, ინტერვიუები - ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა. თუმცა ამ ბრჭყვიალა სამყაროს მიღმა ის ყოველთვის რჩებოდა იმად, ვინც სინამდვილეში იყო, მშვიდი, ინტროვერტი გოგონა ქუთაისიდან, რომელსაც ხმაურზე მეტად სიჩუმე, ყურადღების ცენტრზე მეტად - ჩრდილში ყოფნა, ხოლო გარეგნულ წარმატებაზე მეტად -ადამიანების უხილავი სამყარო აინტერესებდა.
ბავშვობა გასული საუკუნის 90-ანი წლების ომების მძიმე პერიოდში გაატარა, მაგრამ დღემდე ყველაზე თბილად სწორედ იმ ზამთრებს იხსენებს, როცა ოჯახის სამზარეულოში მოგიზგიზე ღუმელთან ახლობლები იკრიბებოდნენ და სირთულეების მიუხედავად, სიცოცხლე მაინც სიყვარულით გრძელდებოდა. ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, მოგვიანებით კი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა სილამაზის კონკურსის სცენაზე, სადაც მისი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა.
დღეს ის მარტოხელა დედაა, ქალი, რომელმაც ცხოვრების არაერთ რთულ ეტაპს გაუძლო, საკუთარი თავისგან საინტერესო პერსონა გამოძერწა და შეინარჩუნა სიფაქიზე, სიმშვიდე და შინაგანი სინათლე. ის ბევრს არ ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე, მაგრამ მის თითოეულ ფრაზაში იგრძნობა გამოცდილება, რომელმაც ასწავლა - ყველაზე მთავარი მართლაც თვალით უხილავია.
AMBEBI.GE მის საქართველო 2000-ის გამარჯვებულს ანა აშვეთიას ესაუბრა:
- ანა, როგორ გახსოვთ ბავშვობა ქუთაისში?
- დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში - ოჯახში, სადაც სიყვარული და სითბო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მყავს დედა და მამა, რომლებმაც დიდი მზრუნველობით გამზარდეს და უმცროსი ძმა, რომელთანაც ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. ჩემი ბავშვობა ერთდროულად თბილიც იყო და რთულიც. ეს იყო აფხაზეთისა და სამოქალაქო ომების პერიოდი - დრო, როცა ქვეყანაში ბევრი რამ გვაკლდა: შუქი, წყალი, სითბო, სიმშვიდე… მაგრამ ჩემს ოჯახს ჰქონდა საოცარი უნარი, ყველაზე მძიმე წლებში შეგვენარჩუნებინა ერთმანეთის და ზოგადად ადამიანების სიყვარული. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება.ჩვენი სახლის სამზარეულოში განსაკუთრებით ზამთარში სულ ენთო შეშის გუზგუზა ღუმელი (რადგან გათბობის სხვა საშუალება მაშინ არ იყო), ზედ ყოველთვის იდგა ჩაიდანი და ყავის სურნელი ტრიალებდა. ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ ახლობლები, მეზობლები, მეგობრები… და მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მაინც გრძელდებოდა და თანაც ძალიან ლამაზად.
- როგორი იყო თქვენი ყველაზე ლამაზი ბავშვური ოცნება?
- ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი.ყველაფერი დედაჩემის საყვარელი, პატარა მუსიკალური ზარდახშით, ბალერინა-თოჯინით დაიწყო. როცა მოქოქავდი, მუსიკის ფონზე ნელა ტრიალდებოდა… საათობით შემეძლო მისი ყურება. მერე მეც, ყველასგან მალულად, სარკის წინ ვტრიალებდი და წარმომედგინა, რომ სცენაზე ვიდექი. მიმიყვანეს კიდეც ბალეტზე, მაგრამ ის წლები ძალიან რთული იყო - ტრანსპორტი არ მოძრაობდა, დარბაზში ხშირად არც გათბობა იყო, არც სინათლე… და ეს ოცნება სადღაც გზაში დარჩა. თუმცა ბალეტის სიყვარული დღემდე ჩემში ცხოვრობს. ალბათ ზოგი ოცნება ბოლომდე არ ქრება - უბრალოდ, სხვა ფორმით აგრძელებს არსებობას.

- როგორი მოსწავლე იყავით?
- მშვიდი და გაწონასწორებული. არასოდეს მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩრდილს ვანიჭებდი უპირატესობას.მეშვიდე კლასამდე ქუთაისის მეთოთხმეტე სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ სწავლა მოსკოვში გავაგრძელე. ჩემთვის სრულიად ახალი გარემო იყო, მაგრამ დიდი ძალისხმევით შევძელი და რვა კლასი ფრიადზე დავასრულე.იმ პერიოდში თითქოს კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხდი.
- როგორ აღმოჩნდით სილამაზის კონკურსზე?
- სრულიად სპონტანურად. საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე ვიყავი ჩამოსული, როცა ოჯახის ახლობლებმა დაჟინებით მთხოვეს კონკურსში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს ამ სამყაროში საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი.და მერე მოხდა რაღაც სრულიად მოულოდნელი - გავიმარჯვე. გავხდი მის საქართველო - 2000. ალბათ იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა სხვა მიმართულებით წავიდა.

- რას ნიშნავდა თქვენთვის „ყველაზე ლამაზი გოგოს“ სტატუსი?
- სიმართლე რომ ვთქვა, შინაგანად ისევ ის ინტროვერტი გოგო ვიყავი, რომელსაც ჩუმად ყოფნა უყვარდა.გარედან ყველაფერი ძალიან ლამაზი ჩანდა - სცენა, ყურადღება, ინტერვიუები, ახალი სამყარო… მაგრამ მე ისევ წიგნები, ფიქრი და საკუთარ თავთან დიალოგი მიყვარდა. ალბათ ამიტომაც არასოდეს მიგრძნია თავი „ვარსკვლავად“.
- წიგნები რა ადგილს იკავებდა თქვენს ცხოვრებაში?
- წიგნი ჩემთვის თავშესაფარი იყო. ადგილი, სადაც ხმაური ვერ აღწევდა.ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს პატარა უფლისწული და დღემდე ჩემთან არის ერთი ფრაზა: „ყველაზე მთავარი თვალით უხილავია.“ მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რატომ იყო ეს სიტყვები ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს მგონია, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამ შეგრძნებით ვიცხოვრე.

- „მის საქართველოს“ გამარჯვება როგორ გახსოვთ?
- ეს უკვე სრულიად სხვა მასშტაბი იყო - დიდი სცენა, პასუხისმგებლობა, მოლოდინები.იმ წელს „მის საქართველო“ გავხდი და დაიწყო მზადება „მის ევროპის“ კონკურსისთვის. ეს იყო ძალიან აქტიური პერიოდი - ინგლისურის გაუმჯობესება, ვარჯიში, ფოტოსესიები, ინტერვიუები… თითქოს სრულიად ახალი ცხოვრება იწყებოდა.

- და მერე?
- მერე ჩემს ცხოვრებაში სიყვარული გამოჩნდა. ზუსტად იმ დროს, როცა თითქოს ყველაფერი უკვე დაგეგმილი იყო, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ხელი მთხოვა… და მეც, ალბათ ცოტა ზღაპრის გმირივით, ბედნიერად დავუქნიე თავი. ასე რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება.
- დღეს როგორია თქვენი ცხოვრება?
- დღეს სამედიცინო სფეროში ვმუშაობ. მყავს 22 წლის ქალიშვილი, რომელიც მომავალი ფსიქოლოგია და ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. დანარჩენზე კი… დანარჩენზე ბევრს არ ვლაპარაკობ. არა იმიტომ, რომ რაღაცას ვმალავ, უბრალოდ, ჩემი ცხოვრება თავისი ტკივილებითა და სიხარულით ძალიან პირად სივრცედ დარჩა ჩემთვის.