ავტორი:

ევროპა რეკორდულ სიცხეს ებრძვის - მიზეზი "სითბოს გუმბათია": რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ტემპერატურა

ევროპა რეკორდულ სიცხეს ებრძვის - მიზეზი "სითბოს გუმბათია": რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ტემპერატურა

ევროპა მაღალ ტემპერატურას ებრძვის - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პორტუგალიაში, სადაც მაისში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ მორაში ჰაერის ტემპერატურამ 40.3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც პორტუგალიისთვის მაისის თვის ახალი რეკორდია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. პორტუგალიის რამდენიმე რეგიონში პარასკევს ტემპერატურა კვლავ 35 გრადუსს გადააჭარბებს.

  • ძლიერი სიცხე მხოლოდ პორტუგალიას არ ეხება. საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და შვეიცარიაშიც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

საფრანგეთში ხელისუფლება საგანგებო ზომებზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ მინისტრთა შეხვედრა გამართა, სადაც ტყის ხანძრების რისკსა და წყლის მარაგების პრობლემებზე იმსჯელეს.

ქვეყნის რამდენიმე სკოლაში აუტანელი სიცხის გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა. ქალაქ სუსტონში ერთ-ერთ სკოლაში შენობის შიგნით ტემპერატურამ 53 გრადუსს მიაღწია, რის გამოც სკოლა დროებით დაიხურა.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ბაკალავრის გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, რამაც მასწავლებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ბევრ სკოლაში საკლასო ოთახები სათანადოდ არ ნიავდება და მოსწავლეებს მძიმე პირობებში უწევთ გამოცდების ჩაბარება.

  • პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 16 რეგიონში ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით დღის ყველაზე ცხელ საათებში.

იტალიაში რომში, ფლორენციაში, ბოლონიასა და რამდენიმე სხვა ქალაქში წითელი განგაში ამოქმედდა.

მეტეოროლოგების თქმით, ევროპაში მიმდინარე სიცხის ტალღის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „სითბოს გუმბათია“ — მაღალი წნევის სისტემა, რომელიც თბილ ჰაერს დიდხანს აკავებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება მსგავსი სიცხის ტალღების გახშირებასა და გაძლიერებას იწვევს. „კოპერნიკის“ კლიმატური სამსახურის მონაცემებით, ევროპა ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით სწრაფად თბება.

გაეროს კლიმატის სააგენტო კი აცხადებს, რომ უახლოესი წლებიც, სავარაუდოდ, რეკორდულად ცხელი იქნება.

წყარო