ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა პოლიციელებმა ეს პირები [პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი] გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, გადამოწმების მიზნით შეჩერებას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შესაბამისად, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. ეს არის როგორც ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენები, ასევე ვიდეომასალაშია ასახული. პოლიციელებს სამხრე კამერები არ ჰქონდა ჩართული, - ამის შესახებ გორში ძალადობის ფაქტზე პოლიციელების დაკავების საქმეზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გორის რაიონულ სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით, ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ასევე მათი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ეს შუამდგომლობები გორის რაიონული სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული და დაკმაყოფილებული.
რაც შეეხება კითხვას პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, პროკურატურის ვალდებულებაა, რომ საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. ამ მტკიცებულებებისა და გამოძიების საფუძველზე მოპოვებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები გაანალიზდება და შემდეგ მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. პირთა წრის გაზრდასთან დაკავშირებით ახლა ვერ მოგახსენებთ ვერაფერს. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლებაა. მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირთა ნაწილი გარკვეულია ამ ეტაპისთვის, თუმცა ის, რომ იქ მყოფმა სხვა პირებმა ჩაიდინეს თუ არა რაიმე დანაშაული, ეს არის გამოძიების დასადგენი საკითხი და ამ კუთხითაც გამოძიება გრძელდება.
ვიდეოკამერების მიერ ჩაწერილი ინფორმაცია ამოღებულია - იცით, რომ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა გადაიღეს დანაშაულის ჩადენის გარკვეული ნაწილი, ამ ვიდეომასალაში მთლიანად არ არის ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც მოხდა, ნაწილი ასახულია. ამოღებულ ვიდეომასალაზე ჩატარდება შემდგომ ექსპერტიზა და ამით კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას მოვიპოვებთ“,- განაცხადა პროკურორმა.
"ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაიკითხა, მეორე პირი დაკითხულია და ის დეტალურ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას“, - აღნიშნა პროკურორმა.
კითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომ დაზარალებულმა პოლიციას ქვა ესროლა, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ერთი პოლიციელია დაშავებული, გამოძიება კი მიმდინარეობს.
"ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციელიც დაშავებულია, გარკვეული პირების ჩვენებებში ამაზე საუბარი არის [დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის ქვის სროლის შესახებ], თავად დაშავებული პოლიციელი ვლადიმერ გოდერძიშვილი ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პროკურორმა.
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.