ავტორი:

"იღბლიანი ნაპერწკალი" - როგორ გამოიგონა 200 წლის წინ, შემთხვევით, ინგლისელმა ფარმაცევტმა ასანთი

"იღბლიანი ნაპერწკალი" - როგორ გამოიგონა 200 წლის წინ, შემთხვევით, ინგლისელმა ფარმაცევტმა ასანთი

200 წლის წინ კაცობრიობას გაუმართლა. შემთხვევითობამ, ცოტაოდენმა იღბალმა და მცირე მოუქნელობამ იმ გამოგონებას დაუდო საფუძველი, რომელმაც შემდგომში სამუდამოდ შეცვალა ცეცხლის მოპოვების წესი.

  • 1826 წელს ინგლისელი ფარმაცევტი, ჯონ უოკერი ასაფეთქებელი ნარევის ახალი ვერსიის შესაქმნელად მორიგ ქიმიურ ექსპერიმენტს ატარებდა, რაღაც მომენტში, აფთიაქარმა ჩხირი, რომლის ბოლოზეც მცირეოდენი გამხმარი პასტა იყო შერჩენილი, მის კერასთან დადებულ ქვაზე გაჰკრა, რის შემდეგაც ხე აალდა. სწორედ ასე გამოიგონეს გოგირდის ასანთი.

პროგრესის ეპოქა და კაჟის იმედზე დარჩენილი სამყარო

  • ჯონ უოკერი 1781 წელს, სამრეწველო რევოლუციის პიკზე, ჩრდილოეთ ინგლისის საპორტო ქალაქ სტოკტონ-ონ-ტისში დაიბადა.

ამ რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ჯეიმს ვატის ორთქლის მანქანა, უოკერის დაბადებამდე ხუთი წლით ადრე გამოჩნდა. 1825 წელს სტოკტონში რკინიგზამაც შეაღწია. ოთხი წლის შემდეგ კი ჯორჯ სტივენსონის ორთქლმავალმა “რაკეტამ“ 50 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მანძილს, რომლის დაფარვასაც ცხენებით ადრე 12 დღე სჭირდებოდა, ადამიანი უკვე 8 საათში გადიოდა.

  • მიუხედავად ასეთი პროგრესისა, ცეცხლს, რომელიც ახლად გამოგონებული ორთქლმავლისთვისაც კი სასიცოცხლო საჭიროებას წარმოადგენდა, ადამიანები ისევ კაჟისა და კვესის მეშვეობით მოიპოვებდნენ. უოკერის რევულუციურ გამოგონებამდე ადამიანებს ცეცხლის თან ტარება და მისი მყისიერად, ნებისმიერ დროს დანთება არ შეეძლოთ.

ქირურგიიდან ფარმაკოლოგიამდე

უოკერმა კარიერა ქირურგიით დაიწყო, თუმცა XIX საუკუნის დასაწყისში, სისხლიანი საოპერაციო მაგიდები მალევე გაცვალა აფთიაქის სუფთა თაროებსა და ფლაკონებზე. 1826 წლისთვის იგი წამლებს არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ შინაური პირუტყვისა და ფრინველისთვისაც ამზადებდა.

  • პარალელურად, უოკერი ქიმიკატებით ექსპერიმენტირებას განაგრძობდა. როგორც ისტორიკოსი ალან მიდლტონი აღნიშნავს, ფარმაცევტი კეთილი და ცოტათი “ამქვეყნიური ამბებისგან მოწყვეტილი“ ადამიანი იყო. მისი ერთ-ერთი გატაცება მეგობარი ფერმერების თოფის კაფსულებისთვის სხვადასხვა ქიმიური ნაერთების შერევა გახლდათ.

აალებულმა ჩხირმა უოკერს ახალი იდეა უკარნახა, მან მაშინვე გააცნობიერა აღმოჩენის კომერციული პოტენციალი. პირველი ასანთი გაყიდვაში 1827 წლის აპრილში გამოვიდა. გამომგონებელმა მათ "ხახუნის ასანთი“ უწოდა.

  • უოკერის ასანთი თხელ ხის ჩხირებს წარმოადგენდა, რომელთა თავები ანთიმონის სულფიდის, კალიუმის ქლორატისა (ბერტოლეს მარილი) და გუმფისის ნარევისგან შედგებოდა. თან ზუმფარის ქაღალდი მოჰყვებოდა, რომელზეც ჩხირის გაკვრა იყო საჭირო.

საინტერესოა, რომ უოკერმა ნარევის ფორმულა საიდუმლოდ შეინახა, თუმცა გამოგონება არ დაუპატენტებია. მოგვიანებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანებმა ასანთის დამზადება უკვე ხელითაც დაიწყეს. 1829 წელს ლონდონელმა მეწარმემ, სემუელ ჯონსმა, უოკერის გამოგონების ზუსტი ასლის “ლუციფერების“ გამოშვება დაიწყო, რაც ასანთის მასობრივი ინდუსტრიული წარმოების დასაწყისად იქცა.

დროთა განმავლობაში ასანთის შემადგენლობა დაიხვეწა, 1844 წელს ბაზარზე ცნობილი შვედური ასანთი გამოჩნდა. მოგვიანებით, სანთებელების გამოგონებამ ასანთის ბაზარი საგრძნობლად შეამცირა, თუმცა იგი დღემდე რჩება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად, ზოგჯერ კი მოდურ აქსესუარადაც.

დღეს ჯონ უოკერის სახელი ბევრმა არ იცის. თუმცა ეს თავად გამომგონებლის სურვილის გამოც მოხდა, რომელმაც სიცოცხლეშივე არ ისურვა, რომ საკუთარი წარმატების გამო პატივი და დიდება არ მიეღო.

წყარო