ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანა გვარიშვილის სტუდენტებთან დაპირისპირების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სტუდენტები ამტკიცებდნენ, რომ ლექტორმა ნანა გვარიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ სტუდენტს კი ხელით შეეხო.
სტუდენტების თქმით, მათ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა გააჩნიათ, რაზეც სამართალდამცავებს მიმართეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისია შეიკრიბება.
"ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას”,- აცხადებენ ბსუ-ში.