ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
"დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
წაიკითხეთ ასევე: