ავტორი:

ულამაზესი მწვერვალი, რომელიც დიდ რისკს მალავს: რატომ ითვლება მთა რეინიერი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვულკანად

ულამაზესი მწვერვალი, რომელიც დიდ რისკს მალავს: რატომ ითვლება მთა რეინიერი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვულკანად

ვაშინგტონის შტატში მდებარე მთა რეინიერი ბუნების ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებად მიიჩნევა. მისი თოვლით დაფარული მწვერვალი რეგიონის სიმბოლოდაც კი არის ქცეული. თუმცა, ამ შთამბეჭდავი ხედის მიღმა მეცნიერები სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.

  • მიზეზი მხოლოდ მისი ზომა არ არის. რეინიერის ფერდობებზე უზარმაზარი რაოდენობით თოვლი და ყინულია დაგროვილი, ხოლო მის მიმდებარე ტერიტორიებზე ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს.

მეცნიერების მთავარი შეშფოთების მიზეზი ვულკანის ამოფრქვევა კი არა, ე.წ. ლაჰარია — ტალახის, კლდოვანი ნამსხვრევების, წყლისა და დნობილი ყინულის სწრაფად მოძრავი ნაკადი, რომელიც მთის ფერდობებიდან დიდი ძალით ეშვება.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ლაჰარის წარმოსაქმნელად ვულკანის ამოფრქვევა აუცილებელი არ არის. მისი გამოწვევა შეიძლება ძლიერმა წვიმამ, თოვლის სწრაფმა დნობამ, მეწყერმა ან თუნდაც ბუნებრივი კაშხლის ჩამოშლამ გამოიწვიოს.

ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ვულკანის სიახლოვეს მდებარე დასახლებებია. სპეციალისტების შეფასებით, ძლიერი ლაჰარის შემთხვევაში ტალახისა და ქანების ნაკადი დაახლოებით 30 წუთში მიაღწევს ქალაქებს ორტინგს, პუიალუპსა და სამნერს, სადაც ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი ტრაგედიები ისტორიას უკვე ახსოვს. 1985 წელს კოლუმბიაში, ვულკან ნევადო დელ რუისის ამოფრქვევის შემდეგ წარმოქმნილმა ლაჰარმა ქალაქები დაფარა და 23 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ვულკანურ კატასტროფად ითვლება.

საფრთხის შესამცირებლად მეცნიერებმა და საგანგებო სამსახურებმა რეინიერის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგის სისტემა შექმნეს, რომელიც მიწისძვრებსა და ლაჰარების ნიშნებს მუდმივად აკვირდება. ასევე რეგულარულად ტარდება ევაკუაციის წვრთნები, რათა მოსახლეობამ კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად მოახერხოს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მთა რეინიერის მოსალოდნელი ამოფრქვევის ნიშნები არ არსებობს, მისი გეოლოგიური თავისებურებები მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვულკანი დღესაც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ბუნებრივ ობიექტად მიიჩნევა.

წყარო