ევროკავშირმა ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზად კომპანიაზე ისეთი უკანონო და პოტენციურად საშიში პროდუქტების გაყიდვა დასახელდა, როგორებიცაა უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამო ბავშვის სათამაშოები და გაუმართავი ელექტრონული დამტენები.
ევროკომისიის განცხადებით, Temu-მ ვერ უზრუნველყო თავის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების რისკების სათანადო შეფასება და მომხმარებლებისთვის შესაძლო საფრთხეების დროული იდენტიფიცირება.
კომპანიის საქმიანობის გამოძიება 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ტესტირებამ აჩვენა, რომ Temu-ს მეშვეობით შეძენილი დამტენების მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროუსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ასევე გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ბავშვის სათამაშო შეიცავდა ნორმაზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას ან მცირე ზომის დეტალებს, რომლებიც ბავშვებისთვის დახრჩობის საფრთხეს ქმნიდა.
თავის მხრივ, Temu-მ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას და დაკისრებულ ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება 2024 წლის მონაცემებს და არ ასახავს პლატფორმაზე ამჟამად მოქმედ უსაფრთხოების მექანიზმებს.