პსჟ-ისა და "არსენალის" დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი უჩვეულო დროს დაიწყება. როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტი მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე იღებდა, მაგრამ "პუშკაშ არენაზე" არბიტრი სასტარტო სასტვენს დღეს 20:00 საათზე მისცემს.
UEFA აღნიშნავს, რომ ინოვაციის მთავარი მიზანია გულშემატკივრების, გუნდების და მასპინძელი ქალაქების კომფორტის გაუმჯობესება რიგი პროცესების ოპტიმიზაციის გზით.
ნაადრევი დაწყება მატჩზე მოსულ გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, ფინალური სასტვენის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბევრად უფრო მოხერხებულად და უსაფრთხოდ ისარგებლონ.
ასევე თამაშის ნაადრევი დასრულება გულშემატკივრებს დამატებით დროს აძლევს დასვენებისა და ზეიმისთვის, რაც ფინანსურ სარგებელს მოუტანს მასპინძელ ქალაქ ბუდაპეშტს.
ახალი დრო უკეთესად შეესაბამება გლობალურ მაუწყებლობის ფანჯრებს. UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გულშემატკივრების ინტერესები ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი იყო.
"ამ ცვლილებებით გულშემატკივართა ინტერესებს პირველ რიგში ვაყენებთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი საფეხბურთო სეზონის მთავარი მოვლენაა და ახალი დაწყების დრო მას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და გავლენიანს გახდის.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის 23:00 საათზე (თბილისის დროით) დაწყება კვირის შუა რიცხვების მატჩებისთვის იდეალურია, შაბათს ფინალის უფრო ადრე ჩატარება ადრე დასრულებასაც ნიშნავს. ეს გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, საღამოს დარჩენილი ნაწილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ და სეზონის მთავარი თამაში განიხილონ", - ციტირებს ჩეფერინს ESPN.
წყარო: sportall.ge
წაიკითხეთ ასევე: