ჩვეულებრივი ალუბლის წვენი საუკეთესოდ იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს ინსულტის რისკს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ სასმელს შეუძლია შეაჩეროს ორგანიზმში მიმდინარე საშიში შინაგანი ანთებითი პროცესები, რომლებიც დროთა განმავლობაში აზიანებს ორგანოებს.
როგორც ირკვევა, დღეში სულ რაღაც ორი ჭიქა ალუბლის წვენის მიღებამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს ინსულტისა და ინფარქტის ალბათობა. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს სასმელი მდიდარია პოლიფენოლებით - ბუნებრივი ნაერთებით, რომლებიც ეფექტურად არეგულირებენ წნევას, აწესრიგებენ ქოლესტერინის დონეს და იცავენ გულს. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Express წერს.
რას აჩვენებს კვლევის შედეგები?
დელავერის უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 65-დან 80 წლამდე ასაკის მოხალისეები მონაწილეობდნენ. ისინი 12 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად სვამდნენ მჟავე ალუბლის წვენს. შედეგებმა მეცნიერები გააოცა:
დაფიქსირდა ოქსიდანტური სტრესის მაჩვენებლების კლება და გააქტიურდა გენი OGG1, რომელიც პასუხისმგებელია დნმ-ის აღდგენაზე.
ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სასმელი ეფექტურად იცავს უჯრედებს დაბერებისა და საშიში შინაგანი ანთებებისგან.

წამყვანი მკვლევარი და დიეტოლოგი შიო ჩინგ ჩაი აღნიშნავს, რომ ალუბლის წვენი (კერძოდ, პოპულარული მჟავე ჯიში “მონმორანსი“) შესანიშნავი დანამატია გულისთვის სასარგებლო რაციონისთვის.
კვლევის მიხედვით, 450 მლ ალუბლის წვენი (დღიური ნორმა, რომელიც ორ ჭიქაზე ნაწილდება) სულ რაღაც 181 კალორიას და 34 გრამ ბუნებრივ შაქარს შეიცავს. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე სხვა პოპულარულ ხილის წვენებსა თუ ტკბილ გაზირებულ სასმელებშია.
რაც მთავარია, 12-კვირიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წვენის რეგულარულ მოხმარებას არ მოუხდენია გავლენა მონაწილეთა წონაზე, ინსულინის დონეზე ან ინსულინრეზისტენტობაზე.
“ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალუბლის წვენის რაციონში ჩართვა ძალიან მარტივია კალორიებისა თუ შაქრის ზედმეტი მატების გარეშე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ხელოვნურად დამტბარი სასმელების ნაცვლად მივიღებთ“, - აცხადებს დიეტოლოგი.
მონაწილეთა 94%-მა ეს რეჟიმი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ჭიქა ალუბლის წვენი ჯანმრთელობისთვის მარტივი, გემრიელი და სასარგებლო ყოველდღიური ჩვევაა.