აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალ წყალქვეშა უპილოტო დრონებს ქმნიან. მათი ამოცანა იქნება წყალქვეშა კავშირგაბმულობის კაბელებისა და მილსადენების დაცვა სამხედრო ალიანს AUKUS-ის ფარგლებში.
მოსალოდნელია, რომ წყალქვეშა უპილოტო აპარატების (UUV) ახალი სისტემა მზად იქნება უკვე მომავალი წლისთვის. პროექტის საერთო ღირებულება არ სახელდება, თუმცა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ლონდონი პროგრამაში 150 მლნ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 201 მლნ დოლარს) ჩადებს.
რა არის AUKUS
თავდაცვის პაქტი AUKUS, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ითვალისწინებს ატომური წყალქვეშა ნავების ერთობლივ შემუშავებას და სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის. ალიანსს მიიჩნევენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო ყოფნის შეკავების ინსტრუმენტად და პასუხად დაძაბულობის გაძლიერებაზე სადავო ტერიტორიების გარშემო, სამხრეთ ჩინეთის ზღვის ჩათვლით.
წყალქვეშა დრონების პროექტი გახდა პირველი მსხვილი ინიციატივა AUKUS-ის მეორე მიმართულების — ე.წ. Pillar Two-ს ფარგლებში. ის ეძღვნება მოწინავე ტექნოლოგიების ერთობლივ შემუშავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა შორი მოქმედების ჰიპერბგერითი იარაღი, წყალქვეშა რობოტექნიკა და ხელოვნური ინტელექტი.
მინისტრების ერთობლივი განცხადების თანახმად, ახალი წყალქვეშა დრონები უზრუნველყოფილი იქნება “მოწინავე უზრუნველყოფისა და სასარგებლო დატვირთვის სისტემებით“, რომლებიც საშუალებას მისცემს დაიცვან წყალქვეშა ინფრასტრუქტურა, მიაყენონ დარტყმები, ასევე შეასრულონ მეთვალყურეობის, დაზვერვისა და ლოგისტიკის ამოცანები.
ჯონ ჰილიმ დააზუსტა, რომ აპარატებისთვის ასევე შეიმუშავებენ ახალ სენსორებსა და შეიარაღებას, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს სწრაფად მისცემს “ბრძოლის წარმოების მოწინავე ტექნოლოგიებს“.
ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ერთი თვის წინ, ჰილიმ რუსეთი დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით მდებარე წყლებში მდებარე წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების წინააღმდეგ ფარული ოპერაციების წარმოებაში დაადანაშაულა.
მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს. ბრიტანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ ქვეყანა მსოფლიოსთან დაკავშირებულია დაახლოებით 60 წყალქვეშა კაბელით, რომლებიც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც დივერსიების პოტენციური სამიზნე. ლონდონი ასევე ამტკიცებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანეთის წყლებში შემჩნეული რუსული გემების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
ევრაზიის მეორე ბოლოში კი, წყალქვეშა კაბელების დაზიანებაში ეჭვი არაერთხელ მიიტანეს ჩინურ გემებზე - როგორც ტაივანის რაიონში, ისე შვედეთის ტერიტორიულ წყლებში. ბალტიის ზღვაში ბოლო წლებში ასევე არაერთხელ დაფიქსირდა კაბელების დაზიანების შემთხვევები.
AUKUS-ის პირველი მიმართულების - Pillar One-ის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის უნდა აშენდეს ახალი ატომური დამრტყმელი წყალქვეშა ნავები. ავსტრალიისთვის ეს პროგრამა წარმოადგენს ქვეყნის ისტორიაში უმსხვილეს თავდაცვის პროექტს და სერიოზულ ნახტომს სამხედრო შესაძლებლობებში. ის გახდება მეორე ქვეყანა ბრიტანეთის შემდეგ, რომელსაც აშშ გადასცემს თავის მოწინავე ტექნოლოგიებს წყალქვეშა ნავების ბირთვული ძალური დანადგარების შესახებ.
ამჟამინდელი გრაფიკით, პირველი AUKUS-ის წყალქვეშა ნავები შეიარაღებაში 2040-იან წლებში უნდა შევიდეს. მანამდე კი აშშ და დიდი ბრიტანეთი მორიგეობით განათავსებენ თავიანთ მოქმედ ატომურ სუბმარინებს ავსტრალიის ტერიტორიაზე, ხოლო 2030-იან წლებში კანბერა ვაშინგტონისგან რამდენიმე მეორადი ატომური წყალქვეშა ნავის შეძენას გეგმავს.