საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ზე საუბარი ჩვენს რესპონდენტთან გაცილებით ადრე გადაწყდა და დაიგეგმა, ოღონდ, რაღაც ეტაპზე, ვერ მოხერხდა, თუმცა პუბლიცისტმა და საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის ბავშვობის მეგობარმა - ირაკლი კაკაბაძემ ჩვენს შეკითხვებს საბოლოოდ მაინც უპასუხა. მართალია, ამ თემაზე მას სხვა დროს და სხვადასხვა მედიასთან უსაუბრია, თუმცა ვინაიდან ქვეყანას ახლა ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, მის შესახებ, მისი განვლილი გზის შესახებ მისი ბავშვობის მეგობრის საუბარი უინტერესო სულაც არ უნდა იყოს.
Ambebi.ge-ს შეკითხვებს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე პასუხობს.
- როგორ და სად გაიცანით ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, დღეს უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III?
- თუ არ ვცდები, 1982 წელი იყო… ელიზბარი ვნახე პირველად გიო მგელაძესთან ერთად. გიომ გამაცნო თავისი ძმაკაცი. მახსოვს, მაშინ საკმაოდ პატარები ვიყავით და ელიზბარს ხელში დიდი მუსიკალური ინსტრუმენტი ეჭირა. 53-ე სკოლასთან ვნახეთ მე და გიომ და ეტყობა, მუსიკის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა. მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ამ ასაკში უკვე ძალიან სერიოზულად უდგებოდა მუსიკას. მისი თვალები ასხივებდა დიდ მისწრაფებას. მაშინ ჩვენ კლასიკური მუსიკით ვიყავით გატაცებულები. "მომავალ რასტროპოვიჩს“ უწოდებდნენ, მახსოვს.

- მაშინვე დამეგობრდით? რა თვისებებით იყო გამორჩეული?
- კი ბატონო. გიოსთან ერთად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ეს ბატონი პავლე ინგოროყვას ცხოვრების უკანასკნელი წელი იყო და ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოს ისტორიაზე და ხელოვნებაზე. მისი დაფიქრებულობით და სიდინჯით გამოირჩეოდა ყოველთვის და ძალიან ანთებული იყო იდეით. მუსიკა მაშინ ჩვენთვის დიდი იდეა იყო - ვუსმენდით ბეთჰოვენს, მოცარტს, ვერდის, ჰენდელს... აგრეთვე მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ქართული მრავალხმოვანი სიმღერები. მისი მამა, ბატონი თეიმურაზი, არაჩვეულებრივი მომღერალიც იყო, გარდა იმისა, რომ არქეოლოგიური აღმოჩენები ჰქონდა... ოჯახიდანაც მოსდგამდა სულიერება და კრეატიულობა.
- კონტაქტში ადვილად შემოდიოდა? აქტიური იყო? ლიდერის თვისებები თუ ჰქონდა?
- დიახ, კონტაქტშიაც შემოდიოდა ზომიერად და აქტიურიც იყო. ზომიერება მისი დიდი ღირსება იყო. ზედმეტებში გადაჭრა არ უყვარდა. ლიდერის თვისებები, ცხადია, ჰქონდა, რა თქმა უნდა. ამის გარეშე როგორ იქნებოდა... საერთოდ, ჩვენს მეგობრებში ბევრი ლიდერი იყო. ელიზბარის გამორჩეული თვისება იყო, რომ არასდროს ჩქარობდა და ზედმეტად ემოციურ გადაწყვეტილებებს არ იღებდა, რასაც ჩვენ ხშირად ვაკეთებდით. ეს ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ის იყო კარგი გაგებით, მეტად პოზიტიური გრძნობებით სავსე ადამიანი.
- გარდა მუსიკისა რა იყო მისი ინტერესის სფერო?
- ბავშვობიდანვე იყო მეტად დაინტერესებული ფილოსოფიითაც და ხელოვნებითაც. ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო ყოველთვის. მუსიკისგან თავისუფალ დროში ბევრს კითხულობდა. მახსოვს, ბევრს ვლაპარაკობდით ვაჟა-ფშაველაზე, გალაკტიონზე, აგრეთვე გიორგი მერჩულეზე, გრიგოლ ხანძთელზე. 1983 წელს დაიწყო გამოსვლები "გიორგიევსკის ტრაქტატის“ წინააღმდეგ. ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ, მაგრამ მაინც წავედით დაგეგმილ მცირერიცხოვან "პროტესტზე“. იქ უკვე ვნახეთ ცხოვრებაში პირველი პროკლამაციები. 1983 წლის ნოემბერში (თუ არ ვცდები) ბატონი პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა და მისი შვილიშვილი, გიო მგელაძე, უნდა მონათლულიყო სასწრაფოდ. ასე აღმოჩნდა, რომ მე და ელიზბარი (მომავალი პატრიარქი შიო მესამე) აღმოვჩნდით გიოს ნათლიები იმ დღეს. ბატონი პავლეს დაკრძალვა დიდი ტრანსფორმაციული მომენტი იყო ჩვენთვის. პროცესია ფეხით მიდიოდა მწერალთა სახლიდან დიდუბის სასაფლაომდე. იქ იყვნენ ზვიად გამსახურდია, მიხეილ ქურდიანი, როსტომ ჩხეიძე და ბევრი სხვა იმ დროის გამოჩენილი მოღვაწე. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენთვის იმ დღეს დაიწყო, 14 წლის ასაკში. ელიზბარი მუდამ ჩაბმული იყო ამ საქმეში.
- მუსიკოსი მეგობრის კონცერტებზე თუ დადიოდით? რა მოლოდინი გქონდათ, სამომავლოდ წარმატებულ მუსიკოსად წარმოიდგენდით?
- კი ბატონო. დავდიოდით და ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა დიდი შემსრულებელი და დიდი მუსიკოსი. როგორც ვთქვი, "პატარა რასტროპოვიჩს“ უწოდებდნენ.
- მის ოჯახზე რას გვეტყვით - მშობლებზე, დაზე... ახლოს იცნობდით?
- საოცარი ტრადიციების მქონე ოჯახი ჰყავდა. მშობლები უგანათლებულესი ადამიანები - ორივე მხრიდან უგანათლებულესი ხალხი. მისი დის ოჯახიც საოცარია. ბევრი მისი ნათესავი დღესაც ცნობილი მოღვაწეა. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ცნობილი ქართველი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.
- გავიხსენოთ თქვენი ცნობილი ფოტო, სადაც ყველანი (გიო მგელაძე, ლევან ვასაძე, თქვენ, შიო მუჯირი... ) ერთად ქუჩაზე მოდიხართ, თუ გახსოვთ, სად არის გადაღებული (ფოტოს ისტორია მოკლედ მოგვიყევით)?
- ეს ფოტო გადაღებულია ვერის ბაღში 1987 წლის ბოლო დღეებში, თუ არ ვცდები. ინტერვიუს ვაძლევდით გაზეთ "თბილისს“ და ამ ინტერვიუსთვის გადაიღეს. ამ ფოტომდე ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე და ვმსჯელობდით იმ ეგზისტენციურ კრიზისზე, რომელშიაც კაცობრიობა ცხოვრობს. როგორც ჩვენი მეგობარი დიმიტრი მამულია ამბობდა, "გვახრჩობდა ეგზისტენციური კრიზისი“, რადგან მაშინაც და ახლაც რთული იყო ადამიანური ცხოვრების ჯერარსის პოვნა. და ელიზბარის ყოფნა ყოველთვის მაძლევდა იმედს, რომ ჩვენ ვიპოვიდით ამ ჯერარსს.

ჩვენს შორის, იმ დროისათვის, წამყვანი პლატონისტი თითქოს მარგველა იყო. მართლაც, მარგველამ კარგად იცოდა პლატონი. თუმცა, მე დამამახსოვრდა, რომ სწორედ ელიზბარმა გაიხსენა "სოკრატეს აპოლოგია“ და კერძოდ ის ადგილი, როდესაც სოკრატე კრიტონს თხოვს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მამალი დაუკლან ასკლეპიოზს. მე ვკითხე, რატომ გახსენდება ეს, ახლა კიროვის პარკში მეთქი: "იმიტომ, რომ სოკრატე უკვდავების ძიებაში იყოო“.
დავიბენი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. აი, ახლა, 40 წლის მერე, უკვე ძალიან კარგად ვხვდები, როგორ განჭვრიტა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი მაშინ 18 წლის ბიჭმა. ცხოვრების ჯერარსი სწორედაც უკვდავების ძიებაშია და ამას ყოველდღიური დიდი შრომა სჭირდებაო. ამას ამბობდა მაშინაც და ეს შრომა დღესაც არ წყდება. სულის უკვდავება და სასუფეველში მოხვედრა არ არის ადვილი, მაშინ როდესაც ირგვლივ ამდენი უსამართლობაა და ამდენი ადამიანია სიღატაკეში ჩაგვრის ქვეშ. ელიზბარი მაშინაც ამბობდა, რომ ეს მუდმივი პროცესია, რომ ჩვენს უფალს კარი მუდმივად უნდა გავუღოთ. ის დღეები ნამდვილად მახსოვს ზუსტად ამ ჯერარსის ძიებით მაშინდელ ვერის ბაღში... საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დიმიტრი მამულიას კითხვას "მხრჩოლავი ეგზისტენციური კრიზისის“ შესახებ ყველაზე დამაჯერებელი პასუხი ელიზბარმა გასცა თავისი წასვლით შიო მღვიმის მონასტერში და ბერად აღკვეცით...
- პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრა როგორ მოხდა (ეს შეხვედრაც არის ფოტოზე ასახული). მან მიგიწვიათ? თუ შესაძლებელია, ეს ამბავიც გავიხსენოთ. რაზე გესაუბრათ პატრიარქი?
- დაიხ. უწმინდესმა მიგვიწვია იმ ინტერვიუს შემდეგ უკვე 1988 წლის იანვარში. ძალიან თბილი შეხვედრა იყო. მე მახსოვს, რომ პატრიარქი გვესაუბრებოდა სნოს შესახებ და გვიყვებოდა საოცარ ამბებს. ეს მანიშნებელია, რომ პატრიარქმა ილია მეორემ სწორედ სნოში აღმართა მეორედ მოსვლის ჯვარი. ამ შეხვედრამ ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე.

- პატრიარქთან შეხვედრაზე, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნეთ, ელიზბარ მუჯირი ილია II-ეს ხელზე არ ეამბორა... რაც იმაზე მეტყველებს, რომ ათეისტი იყო?
- ელიზბარმა პატრიარქს ხელი ჩამოართვა. ამის შესახებ ბევრი დაიწერა. და ილია მეორის რეაქციაც ძალიან კეთილშობილური იყო. წლების მერე თქვა: ნეტაი, იმ დანარჩენებსაც არ ეკოცნათ და ამას უფრო დამსგავსებოდნენო და აბსოლუტურად მართალი იყო. რაც შეეხება ელიზბარს, ის არასდროს იყო არც ათეისტი, არც ბიოპოლიტიკის მიმდევარი, არც დარვინისტი და არც ფიზიოკრატი. ის ყოველთვის სულისმიერი ადამიანი იყო. უბრალოდ, იმ დროს ეკლესიაში სიარულს კრძალავდნენ და ჩვენს ირგვლივ უამრავი კარიერისტი ვოუქი კომკავშირელი ტრიალებდა, რომლებიც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ "ღმერთი არ არსებობს“. თუმცა, ელიზბარს არასდროს სჯეროდა კარიერისტი კომკავშირელი ვოუქების და ყოველთვის სწამდა სულის უკვდავების. ასე რომ, ათეისტი არასდროს ყოფილა.
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ მისი ბერული ცხოვრების შესახებ? ასეთ მეტამორფოზას ელოდით მისგან?
- ნამდვილად განცვიფრებულები ვიყავით ყველანი. მოულოდნელი იყო ჩვენთვის იმ დროს. მან ხომ ყველა მის პრივილეგიაზე უარი თქვა და შიო მღვიმელის გზას დაადგა. ასურელი ბერების მიერ საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაარსება დიდი მოვლენა იყო. თუმცა 1990-იან წლებში ამაზე ბევრი არ ფიქრობდა და ეს ნამდვილად შოკი იყო ჩვენთვის.
- როგორც სასულიერო პირისთვის, რაიმე პრობლემის გადასაჭრელად თუ მიგიმართავთ?
- კი ბატონო. პატრიარქი შიო ძალიან დამეხმარა დიდი სულიერი კრიზისის გადალახვაში, რაც "ილუმინატების ლაბორატორიასთან“ ურთიერთობისას დამემართა 1990-იანი წლების ბოლოში. მაშინ მე ვთანამშრომლობდი დოქტორი გრეგ ედვარდსის სტრატეგიული კვლევების აკადემიასთან“ მაუნტ პლეზანტში და იქ დადიოდნენ მომავლის მეცნიერების ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ დეივიდ სნაიდერი, ბილ როუ და სხვები. ამავე დროს ჰუბერტ ჰამფრის ერთ-ერთ ასისტენტთან ვმუშაობდი მსოფლიო ბანკის შენობის პირდაპირ NPF-ში.
პატრიარქმა, როგორც მოძღვარმა, მაშინ დიდი დახმარება გამიწია ილუმინატების მიერ თავსმოხვეული მატერიალისტური სინდრომის გადალახვაში. ეს "წარმატების დაავადება“ ბევრ ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს და ბედნიერებას, და უნდა გითხრათ, რომ მაშინ, პატრიარქმა ძალიან დიდი დახმარება გამიწია ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელებაში. წარმატება, თავისი არსით წარმართული ფენომენია და ამაში სწორედ შიო მესამემ დამარწმუნა. არ არსებობს პატივმოყვარეობაზე დიდი ცოდვა. ექსტრემალური ილუმინატობის ყველაზე დიდი ცდომილება სწორედ იმის წარმოდგენაა, რომ ადამიანი ჭკუით ღმერთზე მაღლა დგას. ესაა დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა და ამან მაშინ კინაღამ ცხოვრება მომისწრაფა. მადლობა ღმერთს, რომ შიო მესამე დამეხმარა ამ საშინელი კრიზისიდან გამოსვლაში.
- საბოლოოდ როგორ აფასებთ მის ამ ნაბიჯს - სასულიერო გზაზე შედგომას?
- მე მგონი, პასუხი აშკარა უნდა იყოს.
- დღეს რა გამოწვევების წინაშეა პატრიარქი შიო III?
- გამოწვევები არის უამრავი - ყოველ წუთს და შეიძლება ყოველ წამსაც. მოგეხსენებათ, ფიზიოკრატი ლუციფერი როგორ ფხიზლობს. მას ქართული ეკლესიის დანგრევა უნდა ყოველწუთიერად. ამაში მე მგონი, ეჭვიც არავის უნდა ეპარებოდეს. საქართველოს მთავარი ძალა მის ეკლესიაშია და მტრებს სწორედ ამ ეკლესიის დანგრევა უნდათ - გარე და შიდა მტრებსაც. მაგრამ, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის სულში არსებულ ტექნოკრატს თუ ბიოპოლიტიკოსს, სოციალურ თუ ფიზიკურ დარვინისტს, ყოველ წამს შეუძლია ბოლო მოგვიღოს. თუ ეს ყოველი ჩვენგანისათვის ინდივიდუალური გამოწვევაა, პატრიარქისათვის ეს უდიდესი და უმძიმესი შრომაა ყოველდღიურად და ყოველწამიერად. ეშმაკს არ სძინავს, ის ყოველთვის ფხიზლობს, და შეტევაზეა სულ - მით უმეტეს დღეს, როცა მის ხელთაა ხელოვნური ინტელექტიც და გენეტიკური ინჟინერიაც და თანამედროვე ტექნიკური პროგრესის სხვა საშუალებებიც. ეს ათმაგ ყურადღებას მოითხოვს.
- რას ურჩევდით მას ამ რთულ გზაზე?
- არ გავკადნიერდები და საჯაროდ "რჩევებს“ არ გავცემ. მინდა ვუსურვო მას უფლის წყალობა და ყველაფერი კარგი. დღეს, ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს - სულიერი მხრივ, ყველა ჩვენგანს ებრძვის ფიზიოკრატიისა და ტექნოკრატიის დემონები - იერარქია, დომინაცია, ძალმომრეობა, გულგრილობა, ამპარტავნება და სხვა მანკიერებანი. ამ გამოწვევებთან გამკლავება არ არის მარტივი. დიახ, კაცობრიობას დღესაც ახრჩობს "ეგზისტენციური კრიზისი“ - სულიერების მკვეთრი დეფიციტის პრობლემა. საქართველო უნდა გახდეს მაგალითი. ილია მეორის გლოვის დღეებში ჩვენი ქვეყანა იყო ასეთი მაგალითი... ახლა საჭიროა ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ჭრილში ჩვენ მოვნახოთ ნამდვილი ჯერარსი - ცხოვრების გზა, იმისათვის, რომ სასუფეველში ადგილი დავიმკვიდროთ. ეს მარტივი არ იქნება - მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის ერთად.