ავტორი:

"არანაირი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო - ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი" - ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი

"არანაირი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო - ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი" - ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი

ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლი ჩიხლაძეს არ აქვს, - ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალებით, რომელსაც გაეცნენ, ირაკლი ჩიხლაძეს არანაირი შემხებლობა და კავშირი რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან, არ აქვს.

  • “ჩვენ თავად ირაკლისთან ერთად გავეცანით საქმის მასალებს სრულად. ასეთი აბსურდი არ მაქვს არასდროს ნანახი - საერთოდ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის არ აქვს.

რთული მდგომარეობაა იმ გაგებით, რომ ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რადგან საიდუმლო წარმოება მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი და, შესაბამისად, როგორც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს ამაზე, სამწუხაროდ არ მოგვიწევს საუბარი.

ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არანაირი შემხებლობა რაიმე ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და რასაც ჩვენ გავეცანით”, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რომელი უცხო ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან ირაკლი ჩიხლაძეს, გელხაურმა უპასუხა, რომ არ აქვს უფლება თქვას.

ადვოკატი განმარტავს, რომ ირაკლი ჩიხლაძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს გუშინ ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმესთან.

"ვერ გეტყვით ამას, არც ამის უფლება არ გვაქვს, ესეც გარკვეული ინფორმაცია არის, რის გაუთქმელობაზეც ხელი მოვაწერეთ. ერთადერთი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ რაიმე სახის სპეკულაციები არ მოჰყვეს, იმავე დღეს დააკავეს კიდევ გულბაათ რცხილაძე - საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვთ. ეს არის ორი დამოუკიდებელი, ავტონომიური საქმე და ერთმანეთთან ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ ერთი კვალიფიკაციით და ერთი მუხლით არის ეს გამოძიება დაწყებული. ის არის ავტონომიურად სხვა საქმე და ეს არის საერთოდ სხვა საქმე”, - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმისთვის, რომ ადამიანს “ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა, ჯაშუშობა დააბრალო.”

"არანაირი მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ არის საქმეში წარმოდგენილი, რითაც შეიძლება, რომ ადამიანს ჯაშუშობა დააბრალო და შენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დააბრალო - ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის სტანდარტის მტკიცებულებებით შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს დასდონ ბრალი, გამოვიდნენ ასე და თქვან, რომ ის არის ჯაშუში და შემდგომ ხელი მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გაუთქმელობა გვაქვს და ვერავინ ვერაფერს ვერ ვსაუბრობთ და თავს ვერ ვიცავთ რეალურად, საზოგადოების წინაშე, თორემ სასამართლო პროცესები დახურული იქნება და ვერავინ ვერ გაიგებს რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა ბრალდება ირაკლის წინააღმდეგ”, - განაცხადა ადვოკატმა.

გელხაურის თქმით, წარდგენილ ბრალთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის საქართველო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

“მე საერთოდ ჩვენი ქვეყნის სახელიც კი ვერ ამოვიკითხე იმ ინფორმაციაში, რა ინფორმაციაც საქმეში არის წარმოდგენილი, არამცთუ რაღაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯები გადადგმული ირაკლის მხრიდან. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ბრალთან, რასაც ახლა ედავება”, - განმარტა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"თვითონ ამბობს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მსგავსი ნაბიჯი მას არ გადაუდგამს, რომელიც რაიმე სახით ქვეყნის ინტერესებს შელახავდა და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა”, - განაცხადა გელხაურმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე ადვოკატმა განმარტა, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელიც მათ გააცნეს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთი ღონისძიების რომელიმე სახე შეეფარდოს.

"ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რა მტკიცებულებაც ჩვენ გაგვაცნეს და ვნახეთ, გირაოს დაყენება კი არა, საერთოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ სასამართლომ რომელიმე აღკვეთის ღონისძიების სახე შეუფარდოს. აღარ ვსაუბრობ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახეზე. საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს ადამიანი, რადგან არანაირი შემხებლობა იმას იმ ბრალთან, ირაკლის ამ ბრალთან არა აქვს”, - განმარტა ადვოკატმა.