ალბათ გსმენიათ ფრაზა "ერთხელ ლურჯ მთვარეზე", მაგრამ ამ შაბათ-კვირას ნამდვილი ლურჯი მთვარის ხილვა შეგვეძლება. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულს კიდევ ის ხდის, რომ ამავდროულად, ეს იქნება მეორე სავსე მთვარე მაისის თვის განმავლობაში.
ლურჯი მთვარის მოვლენა დაახლოებით შვიდჯერ ხდება ყოველ 19 წელში, ან დაახლოებით ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ.
რა არის ლურჯი მთვარე?
მთვარის ციკლს რვა მთვარის ფაზა აქვს და ის 29.5 დღეს გრძელდება - თვის ხანგრძლივობაზე ოდნავ ნაკლებია. ამ შეუსაბამობის გამო, ზოგჯერ თვეში ორი სავსე მთვარის ხილვა შეგვიძლია. ამ მთვარეებიდან მეორეს ლურჯი მთვარე ეწოდება, უფრო ზუსტად, კალენდარული ლურჯი მთვარე. ზოგჯერ ერთ წელიწადში შესაძლოა ორი ლურჯი მთვარეც იყოს.
ლურჯი მთვარის კიდევ ერთი სახეობა სეზონური ლურჯი მთვარეა. ეს მაშინ ხდება, როცა სამთვიანი სეზონის განმავლობაში, ჩვეულებრივი სამის ნაცვლად, ოთხი სავსე მთვარე ჩნდება. მათგან მესამე მთვარეს ლურჯი მთვარე ეწოდება.

სახელის მიუხედავად, მთვარე მისთვის დამახასიათებელი ვერცხლისფერ-თეთრ ან ოქროსფერი შეფერილობით ჩანს. ფრაზა "ლურჯი მთვარე" 1500-იანი წლებით თარიღდება და ისეთი რამის აღსაწერად გამოიყენებოდა, რაც შეუძლებლად მიაჩნდათ. თუმცა, ფრაზა პირველად 1937 წლის მენის ფერმერის ალმანახში გაჩნდა და ის დროთა განმავლობაში განვითარდა და დღეს ჩვენთვის ცნობილი ციური მოვლენის აღსანიშნავად იქცა.
თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ მთვარე ლურჯად გამოიყურებოდეს. ეს იმ დროს ხდება, როცა ჩვენი პლანეტის ატმოსფერო კვამლის ან მტვრის ნაწილაკებს შეიცავს, რომელთა დიამეტრი 900 ნანომეტრზე ოდნავ მეტია, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა. 1883 წელს Brittanica-ს ცნობით, ადამიანებმა შენიშნეს, რომ ინდონეზიაში კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მთვარე ლურჯი გახდა.

მაისის ლურჯი მთვარე პიკს დღეს, კვირას მიაღწევს. EarthSky-ის ცნობით, ამ მოვლენას ასევე თან ახლავს მიკრომთვარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილთან იქნება. NASA-ს მონაცემებით, კვირას მთვარე დედამიწიდან დაახლოებით 406,093 კილომეტრის დაშორებით იქნება, როცა მისი საშუალო მანძილი დაახლოებით 384,400 კილომეტრია.
თუმცა, მეცნიერების თქმით ჩვენი თანამგზავრი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევად პატარა არ გამოჩნდება და თუ ყოველდღიურად არ ვაკვირდებით მთვარის ზომას, ეს შეუმჩნეველი იქნება.
წყარო: cnn.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა