ავტორი:

გოგონა ისტორიული ფოტოდან 2000-იანი წლების ცნობილი სახეა: როგორ მოხვდა კოსტავა-გამსახურდიასთან მზია შარაშიძე - "თურმე ერთ ფოტოზე გიგი უგულავაც ჩანს"

გოგონა ისტორიული ფოტოდან 2000-იანი წლების ცნობილი სახეა: როგორ მოხვდა კოსტავა-გამსახურდიასთან მზია შარაშიძე - "თურმე ერთ ფოტოზე გიგი უგულავაც ჩანს"

მისი უნიკალური ფოტო 26 მაისს სოციალურ ქსელში ისევ გამოჩნდა, ყოველ წელს, ამ დღეს ტრადიციად იქცა, ასე ვრცელდება და ყურადღებას ნამდვილად იქცევს. კადრებს ემოციის გარეშე ვერ შეხედავ - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ამა თუ იმ მიტინგზე დგას პატარა, საყვარელი გოგონა, რომელიც როგორც გაირკვა, ცნობილი ტელე-რადიო წამყვანი და დღესდღეობით ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მზია-ლუკა შარაშიძეა.

AMBEBI.GE- ს სტუმარი სწორედ ის გოგონაა ცნობილი ფოტოდან, რომელიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გვიყვება.

  • გოგონა ისტორიული ფოტოდან

- ეს ფოტო, სადაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ვდგავარ, 1989 წლის 26 მაისს ვაკის პარკში გამართულ მიტინგზეა გადაღებული. ის დღე ძალიან კარგად მახსოვს. ამას წინათ „იუთუბზეც“ ვნახე იმ დღის ამსახველი კადრები. ჩემმა ძმამ გამომიგზავნა - „ნანახი გაქვს, შენი თავი მანდო?“ მართლაც, იქ ვდგავარ, ოღონდ, სხვა რაკურსითაა.რაც შეეხება თავად ფოტოს, რომელიც ყველგან ვრცელდება, ის ბიძაჩემის, შალვა შარაშიძის გადაღებულია. ფოტოკორესპონდენტი იყო და ეროვნულ მოძრაობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. თელავში ცხოვრობდა და ადგილობრივ გაზეთებში მუშაობდა, თუმცა ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ყველა მიტინგზე დადიოდა და მეც სულ თან დავყავდი.

- ბიძა დაჰყავდი და არა მამას?

- მამაჩემი სულ სხვა ხასიათის ადამიანი იყო. მას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ხელისუფლებას მისთვის სიკეთე უნდოდა. მაგალითად, სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ანაბრებს დაუბრუნებდნენ. წესიერების აპოთეოზი იყო და ცუდს ვერც კი წარმოიდგენდა. შალვა მისი უმცროსი ძმა იყო - მებრძოლი და ეროვნული მოძრაობის დიდი გულშემატკივარი. მათ ხშირად ჰქონდათ კამათი, თუნდაც სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით. სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ მამა არ იყო წინააღმდეგი, ბიძაჩემს აქციებზე რომ დავყავდი, თვითონ ისეთი ინტენსივობით იქ არ დადიოდა.

- როგორი იყო 8-9 წლის ბავშვის აღქმა - გესმოდა, რას აპროტესტებდა იქ ხალხი, ან რატომ იკრიბებოდნენ?

- ყველაზე მეტად ბიძაჩემის ახსნა დამამახსოვრდა. როცა ეკითხებოდნენ, რატომ დაჰყავდა პატარა ბავშვი ამხელა დემონსტრაციებზე, პასუხობდა: „ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს“. მას სჯეროდა, რომ ეს გადამწყვეტი პერიოდი იყო და სურდა, რომ გავიზრდებოდი, მემახსოვრებოდა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვიყავი.ბიძაჩემი თბილისში ყოფნისას ჩვენთან რჩებოდა. დილით აიღებდა თავის ფოტოაპარატს, ჩამჭიდებდა ხელს და მთელი დღე გარეთ ვიყავით. არასდროს მიგრძნია დისკომფორტი, არც დაღლა მახსოვს და არც ის, მშიოდა თუ არა.

ჩემთვის ის ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო... ბიძაჩემის გადაღებული სხვა კადრებიც არსებობს, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა, იქ იყო, მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი რომ გადმოასვენეს, იქაც ვიყავი... სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ფირი დაიკარგა. უამრავი შავ-თეთრი ფირი ახლაც გვაქვს, მაგრამ მათ საფუძვლიანი დათვალიერება უნდა, ამისთვის ჯერ ვერ მოვიცალეთ. გარდა იმისა, რომ ბიძაჩემს უნდოდა, მე დამმახსოვრებოდა ის ყველაფერი, უნდოდა, ფირზე აღბეჭდილიყო. ამიტომ, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გარდა, ბევრ მაშინდელ ლიდერთან თუ საზოგადო მოღვაწესთან მაქვს სურათი. მაგალითად, იყალთოს აკადემიაში მედეა ჯაფარიძესა და რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადამიღო. უნდოდა, რომ ისტორიული ფოტოები მქონოდა.

- მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ რას გაიხსენებდი?

- ერთი რამ მახსოვს მკაფიოდ: მაშინ იმ მიტინგების დროს შემოვიდა პატარა, პლასტმასის გულსაბნევები საქართველოს დროშის გამოსახულებით. ერთ-ერთ მიტინგზე მერაბ კოსტავამ ის დროშა გულზე დამაბნია. ახლაც თვალწინ მიდგას, ის დიდი ადამიანი ამისთვის როგორ დაიხარა და დროშა გულზე როგორ დამამაგრა. ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. საერთოდ, თბილი პიროვნება ჩანდა, ბავშვის მიმართ მეტ ემოციას გამოხატავდა. ზვიადი მუდამ სიტყვით გამოდიოდა და ამით იყო მთლიანად შთანთქმული... იმ პატარა დროშას დიდხანს ვინახავდი...

- ეს ფოტო სოციალურ ქსელში როგორ გავრცელდა?

- მე ეს ფოტოები ყოველთვის მქონდა, მაგრამ ჩემთვის ისინი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. მამაჩემმა ბავშვობაში ცალკე ალბომიც კი გამიკეთა ცნობილ ადამიანებთან გადაღებული ფოტოებით. შალვაც ძალიან ამაყობდა ამით, სტუმრებს სულ ათვალიერებინებდა ხოლმე. მერე დრო რომ გავიდა, ამ ყველაფერს თავის ფასი დაედო - წლების წინ, სოციალურ ქსელში სადღაც გამოჩნდა ეს ფოტო. ხალხმა დაიწყო გარკვევა, თუ ვინ იყო ეს გოგონა და კარგ რაღაცებს წერდნენ. ვიღაცამ ჩამიგდო სურათიც და მკითხა - „ეს შენ ხარ?“ ამ ფოტოზე უკან გიგი უგულავაც ჩანს.

მაშინ ცხადია, არ ვიცნობდი მას და მერეც არასდროს მიმიმსგავსებია მისთვის, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. რა ვიცი, ბიჭი იყო სურათიდან. თუმცა გარკვევა რომ მიდიოდა, ვინ იყო ეს გოგონა, გიგი უკვე ამოცნობილი ჰყავდათ... მოკლედ, როდესაც ჩემი ძებნა დაიწყეს, გამოვჩნდი და ვთქვი, რომ ეს ფოტო ბიძაჩემის გადაღებულია-თქო. მას შემდეგ ფეისბუკზე ცალკე ალბომი გავაკეთე, სადაც ბიძაჩემის არქივის სურათების ნაწილი დავდე... ბევრი ფოტოა მიტინგებიდან, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარულია და მას მერე ყოველ წელს ისტორია მეორდება... რაც შეეხება გიგი უგულავას, წლების წინ რაღაც ღონისძიებაზე შემხვდა და ამ ფოტოზე ვილაპარაკეთ...

  • პროფესია და „რადიო 106“

- მზია, რა განათლება გაქვს?

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, გამოყენებითი გრაფიკის განხრით. 90-იან წლებში ვსწავლობდი, როცა ეს პროფესია ასეთი მოთხოვნადი და პოპულარული არ იყო, როგორც დღეს. სულ ისეთი ტიპი ვიყავი, ჩემი სამსახური მინდოდა, მქონოდა. თან რთული პერიოდი იყო და მეც მუდმივად ვცდილობდი, საკუთარი თუნდაც მცირე შემოსავალი მქონოდა. ჯერ კიდევ სკოლაში რომ დავდიოდი, ვკერავდი ჩანთებს და ვყიდდი, ვაკეთებდი თიხის მძივებს. გაზეთ "24 საათის" საბავშვო დამატებისთვის ილუსტრაციებს ვხატავდი. მერე რაღაც გამოცემისთვის ფოტოებს ვიღებდი... გარკვეული პერიოდის შემდეგ კი რადიოში აღმოვჩნდი, მერე - ტელევიზიაში. დღეს პიარში რომ ვარ, ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება - დიზაინერებს ხშირად „ტვინს ვუხვრეტ“, მათ ნამუშევრებს კრიტიკულად ვაფასებ, რადგან მინდა, სამუშაო სრულყოფილად იყოს შესრულებული. ზოგჯერ კი, როცა საქმე არ ითმენს, თვითონ ვაკეთებ ამ ყველაფერს.

- რადიო როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში? ამ სფერომ ხომ შენი მეტსახელი -„ლუკაც“ მოიტანა...

- აქაც მამაჩემისა და ბიძაჩემის დამსახურება დიდია. მამას ჯაზის შემსრულებლების ფირფიტების დიდი კოლექცია ჰქონდა, შალვა კი „ბითლზის“, „ლედ ზეპელინისა“ და „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტებს უსმენდა. ამ მუსიკაზე გავიზარდე. ჩემი ძმა ჩემზე უფროსია, ის როკის მოყვარული იყო და შესაბამისად როკსაც ვუსმენდი...მუსიკალურ სფეროში გარკვეული ცოდნა ასე დავაგროვე. FM რადიოები ახალი ხილი იყო, თან სულ რამდენიმე იყო და უშუქობის წლებში ელემენტებზე მომუშავე რადიომიმღებით ვუსმენდით გადაცემებს, მუსიკას. დიჯეების თემაც სიახლე იყო და რადიოწამყვანობა ჩემთვის საოცნებო პროფესია აღმოჩნდა... ერთ დღეს აკადემიაში მივდიოდი და "მარშრუტკით" მგზავრობისას მოვისმინე, რომ ერთ-ერთი რადიო ვაკანსიას აცხადებდა. მაშინვე ჩამოვედი და იმ რადიოში მივედი, სადაც მიმიღეს, ცოტა ხანს ვიმუშავე, თუმცა იმას პირველ სამსახურად არ ვთვლი, ხელფასიც არ ამიღია, წავარჯიშება უფრო აღმოჩნდა. მოკლედ, საოცნებო იყო 106-ის დიჯეობა და პირველ რადიოს მივადექი. ვაჟა მოლაშვილს, დირექტორს პირდაპირ ვუთხარი, რომ მუშაობა მინდოდა. მომცა ფურცელი, უნდა ჩამომეწერა 10-10 შემსრულებელი სხვადასხვა ჟანრში და შემედგინა ერთსაათიანი წარმოსახვითი ფლეილისტი. სიაში ბობ დილანის ერთი სიმღერა ჩავწერე, რომელსაც თურმე ვაჟა წლები ეძებდა და სახელი არ იცოდა. გაუკვირდა - შენ საიდან იციო? მოკლედ, სია შევავსე და დავუტოვე. იმავე საღამოს დამირეკეს...

მაშინ რადიოში მუშაობა ჯადოსნობა იყო - კომპიუტერი არ არსებობდა, ყველაფერს ხელით ვუშვებდით. უზარმაზარი კედელი იყო დისკებითა და „ფლოპი“ დისკებით სავსე. სიმღერა სამ წუთს გრძელდებოდა და ამ დროში უნდა მოგესწრო შემდეგის მოფიქრება, პოვნა და გამზადება. „106“ იმიტომ იყო გამორჩეული, რომ იქ შემთხვევით არავინ არაფერს უშვებდა. რაღაც ლოგიკით ყველა სიმღერა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მოკლედ, ეს მთელი ხელოვნება იყო. ამას ემატებოდა ლაპარაკიც. სულ ვსაუბრობდით - ვაცხადებდით, რა სიმღერა იყო, ვინ მღეროდა. ესეც თავისებურ ოსტატობას ითხოვდა: უნდა მოგესწრო მიმდინარე სიმღერის ბოლო რამდენიმე წამში სათქმელის ჩატევა ისე, რომ შემდეგი სიმღერის ვოკალის დაწყებამდე დაგესრულებინა. შუალედებში რეკლამები და „ტიხრები“ გვქონდა გასაშვები. ამ ყველაფრისთვის სულ ორიოდე წუთი გვრჩებოდა. თავიდან მეგონა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ მერე ისე მივეჩვიე, ათასობით დისკს შორის ზეპირად ვიცოდი, რომელ თაროზე რა იდო და რომელი სიმღერა სად უნდა მეძებნა. მაშინ კომპიუტერული ბაზა არ არსებობდა, ყველაფერი მეხსიერებაზე იყო დამოკიდებული.

  • მზიადან ლუკამდე:

- როგორ გაჩნდა მეტსახელი ლუკა?

- როცა გადაწყდა, რომ წამყვანი უნდა გავმხდარიყავი, მივხვდით, რომ „მზია“ რადიო დიჯეისთვის შესაფერისი სახელი არ იყო. მაშინ ეს სახელი უფროს თაობასთან ასოცირდებოდა. სამშაბათს დილის ეთერში უნდა დავმჯდარიყავი. მითხრეს, რამე სახელი მოიფიქრეო. მთელი კვირა დავდიოდი და ვფიქრობდი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ბოლოს გურულებივით ვთქვი: „რავი, რაცხა იქნება-თქო“. მივედი ეთერში და პანიკა დამეწყო - აი, ახლა უნდა ჩავერთო და არ ვიცი, რა მქვია! ვაჟა პირველ სართულზე იჯდა, სტუდია კი ბოლოზე იყო. რაციით გვეხმიანებოდა და მკითხა: „რა ქენი, მოიფიქრეო?“ გვერდზე სუზან ვეგას დისკი მედო, მეორე სიმღერას ერქვა ლუკა. ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა და ვუთხარი - ლუკას დავირქმევ-მეთქი. მეგონა, მეტყოდა: „რა ლუკა, კაცის სახელიაო“. ვაჟამ მოულოდნელად მითხრა: „კარგი, იყავი ლუკა“. ასე დავრჩი ლუკად და ამ სახელით გამიცნო ხალხმა „მაესტროშიც“.

  • "მაესტროს“ ეპოქა და „ტოროლობა“

- ესეც ერთი დიდი ეტაპი იყო... იმის მერე 25 წელი გავიდა, თითქოს ვამბობთ, რომ არ შევცვლილვართ, მაგრამ რეალურად დრომ თავისი ქნა. ჩვენი მაშინდელი მაყურებელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც გაკვეთილებს აცდენდნენ, რომ ჩვენი გადაცემებისთვის ეყურებინათ. ძირითადად ახალგაზრდობა გვიყურებდა. დღემდე, სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან მცნობენ და ის კი არ მიხარია, რომ მცნობენ, ყველას ძალიან დადებითი რომ ემოციები აქვს. ამბობენ, რა კარგი დრო იყოო, - მაშინდელი პერიოდი ყველას ტკბილად ახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ არც დენი იყო, არც გაზი და ბევრი რამ გვაკლდა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც იმ დროს ახალი ენერგია შემოვიტანეთ. ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე, რომ ახლაც დადებითი განწყობით არიან. კოვიდის დროს ნიღაბშიც კი მცნობდნენ თვალებით... ამას, რა თქმა უნდა, კარგი ემოცია მოაქვს...

ახლა რომ მოდიან ჩემხელა ან ჩემზე უფროსი ადამიანები და მეუბნებიან: „შენ ჩემი ბავშვობა ხარო“, ცოტა მეშინია კიდეც - ნუთუ ასეთი დიდი ვარ, რომ ამ ადამიანის ბავშვობის მოგნება ვარ?! (იცინის). მაგრამ ყველას თავისი ბავშვობა, თინეიჯერობა ახსენდება... სპორტის სასახლე ივსებოდა ჩვენი კონცერტებით... ამას წინათ ბიჭი შემხვდა და მითხრა, იცი, ჩემს ცხოვრებაზე რამხელა გავლენა მოახდინეო? მაშინ ეთერში მესიჯებს ვკითხულობდით და ის ბიჭი თურმე სულ გვწერდა. მე მისთვის მეტსახელი დამირქმევია. მერე რადიოში დაუწყია მუშობა და ის მეტსახელი დავირქვიო. რომ მეკითხებიან, რატომ გქვია ეს სახელიო? ვეუბნები, რომ ლუკამ დამარქვა-თქო... ბევრია ასეთი ამბავი.

  • ცხოველთა სამყარო: გზა ზოოპარკამდე

- ზოოპარკში მუშაობა ყოველთვის მინდოდა. ვამბობდი, რომ ან National Geograpic-ში, ან Discovery-ზე, ან ზოოპარკში ვიმუშავებ-მეთქი. „იმედზე“ დილის გადაცემის წამყვანი ვიყავი, ვეფხვის წელი მოდიოდა და ზოოპარკში ვეფხვი რადგან იყო, სიუჟეტის ჩასაწერად მივედი. მაშინ გავიცანი ზურა გურიელიძე და ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, ერთ დღესაც აქ მოვალ სამუშაოდ-თქო. კარგი, მოდიო... შემდეგ, ტელევიზიიდან წამოვედი, პიარის მიმართულებით ვისწავლე, პიარში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება დავაგროვე. მერე სამსახურიდან წამოვედი, ბავშვი გავაჩინე, ერთ ღამეს, მართას კვებისას ფეისბუქს ვსქროლავდი და ზოოპარკში პიარ-მენეჯერის ვაკანსია ამოხტა. მაშინვე გავუგზავნე CV და ზურას მივწერე: „გახსოვთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ გითხარით, რომ ზოოპარკში უნდა მოვიდე სამუშაოდ-მეთქი და მგონი, ეგ დრო დადგა-თქო“. მეორე დღესვე დამირეკეს, გასაუბებაზე მივედი და იმავე დღეს დამირეკეს, ჩვენი თანამშრომელი ხარო.

მიზეზი იმის, რომ 2014 წლიდან იქ ვარ, ბევრი რამ არის. უკვირდათ - ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი დაბალანაზღაურებად სამსახურში რატომ წახვედიო? მაგრამ აქაურობა სხვა სამყაროა. ჯერ ერთი, ცხოველებისადმი სიყვარულია, მერე - საოცარი გუნდი და მათთან ურთიერთობება. ასეთი ადამიანური ურთიერთობები ძალიან იშვიათია. ერთი ოჯახივივით ვართ. ზურა გურიელიძის ფაქტორი ცალკეა. მიუხედავად არაერთი მაცდური შემოთავაზებებისა, ზოგიერთი თანამშრომელი სწორედ მისი ხათრით არ მიდის სხვაგან სამუშაოდ. ამ ატმოსფეროს ვერ ელევი, არ გეთმობა, ძალიან შენია. რამდენიმე ადამიანი ვართ ასე, რომ ერთად მოვდივართ. ზოგადად საინტერესო სამუშაოა, ასევე ხემძღვანელობასთან დამოკიდებულება, მათი შენდამი დამოკიდებულება. ყოველთვის გრძნობ მხარდაჭერას. ასე შემოვრჩი ზოოპარკს.