“მკურნალობის ახალი მეთოდის გამოცდის შემდეგ, პროსტატის კიბოს მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში, დაავადების დაბრუნების რისკი 29%-ით შემცირდა,“ – ამაზე PROTEUS-ის მასშტაბური საერთაშორისო კვლევის შედეგები მიუთითებს.
პროსტატის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობა პროსტატის ამოკვეთის ოპერაციაა. თუმცა, შემთხვევათა თითქმის ნახევარში კიბო გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ბრუნდება, რაც ექიმებისა და პაციენტებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
დღემდე სტანდარტული მკურნალობა მოიცავს ანდროგენდეპრივაციულ თერაპიას (ADT) – მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას ამცირებს. რადგან პროსტატის კიბოს მრავალი ტიპი სწორედ ამ ჰორმონზეა დამოკიდებული, მისი დონის შემცირება სიმსივნის ზრდის შენელებას ან შეჩერებას უწყობს ხელს.
კვლევაში 18 ქვეყნის 2100-ზე მეტი მამაკაცი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 66 წელი იყო. ყველა პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში იღებდა ანდროგენდეპრივაციულ თერაპიას. მონაწილეთა ნახევარს დამატებით აპალუტამიდი ენიშნებოდა, ხოლო მეორე ნახევარი პლაცებოს იღებდა.
ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ აპალუტამიდის მიმღებ პაციენტებში კიბოს დაბრუნების რისკი 29 პროცენტით ნაკლები იყო.
ახალი მკურნალობა დაახლოებით 20%-ით ამცირებს კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების რისკსაც.
მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, რამდენ ხანს ნარჩუნდება მკურნალობის დადებითი ეფექტი და როგორ აისახება ის პაციენტების ცხოვრების ხარისხზე.
იხილეთ ასევე: