მიანმარში, ჩინეთის საზღვართან მდებარე სოფელში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქებამ კაუნგ ტატში დაახლოებით 200 საცხოვრებელი სახლი დააზიანა, ხოლო მეზობელ სოფელ პან ლონეში – კიდევ 100. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს უზარმაზარი კრატერი, დანგრეული შენობები და კვამლმოდებული ნანგრევები.
ტერიტორიას ტაანგის ეროვნული განმათავისუფლებელი არმია (TNLA) აკონტროლებს, რომელიც მიანმარის სამხედრო ხუნტას ებრძვის. დაჯგუფების განცხადებით, აფეთქება მაღაროებში გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შემთხვევითმა დეტონაციამ გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ბევრს თავდაპირველად საჰაერო თავდასხმა ეგონა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში მოსახლეობა ნგრევის, პანიკისა და ადამიანური დანაკარგის მძიმე სურათს აღწერს.
“ხალხი ტიროდა, მშობლებს ეძახდა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.
TNLA მიანმარში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეთნიკური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. საერთაშორისო სააგენტო AFP-ის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი არაერთი მეამბოხე ჯგუფი საქმიანობის დასაფინანსებლად მინერალების მოპოვებას ეყრდნობა, ხოლო უსაფრთხოების არასათანადო სტანდარტების გამო მაღაროებში ავარიები და სხვა უბედური შემთხვევები ხშირია.