თანამგზავრიდან გადაღებული სურათები მოწმობს, რომ ირანმა იმ მიწისქვეშა სარაკეტო ბაზების შესასვლელების უმეტესობა გათხარა და აღადაგინა, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო დარტყმების შედეგად დანგრეული და მიწით დაფარული იყო.

“ომის დროს დაბომბილი 18 სარაკეტო ობიექტის ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ აპრილში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 69 გვირაბის შესასვლელიდან სულ მცირე, 50 უკვე გახსნილია“, - იტყობინება ტელეკომპანია CNN
რა აჩვენა თანამგზავრულმა ფოტოებმა?
თანამგზავრულმა კადრებმა ის მასშტაბური სამუშაოები დააფიქსირა, რომლებიც თეირანმა სულ რაღაც შვიდ კვირაში სხვადასხვა სარაკეტო ბაზაზე შეასრულა, ფოტოებზე ნათლად ჩანს გვირაბების შესასვლელებთან მომუშავე ტექნიკა და დიდი სატვირთო მანქანები.
“ისპაანის ბაზა“: ქალაქ ისპაანის მიმდებარედ ერთ-ერთ ბაზაზე მუშები აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი იერიშების შედეგად გაჩენილ ათზე მეტ კრატერს ასწორებდნენ. მაისის დასაწყისისთვის აქ უკვე ორი შესასვლელი იყო გაწმენდილი.


ირანის სწრაფვა, აღადგინოს სარაკეტო ინფრასტრუქტურა, დარტყმის ქვეშ აყენებს ტრამპის ადმინისტრაციის ომისდროინდელ ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც თეირანის არსენალის შემცირებასა და ახლო აღმოსავლეთში მის მიერ აშშ-ის მოკავშირეებზე თავდასხმის შესაძლებლობის მოსპობაში მდგომარეობდა.
პენტაგონისა და თეთრი სახლის განცხადებით, 5-კვირიანი ომის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ირანში 13,000 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის იყო ბალისტიკური რაკეტების შესანახი 450-ზე მეტ ობიექტი. ამ იერიშების მიუხედავად, ირანი მაინც აგრძელებდა თავდასხმებს რეგიონში, ბომბავდა ამერიკულ ბაზებსა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი თავდასხმები კვლავ განახლდება, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე უთანხმოება ომის ახალ ტალღაში გადაიზრდება. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანმა უკვე დაიწყო სამხედრო პოტენციალის აღდგენა, რაც დრონების წარმოების განახლებასა და განადგურებული სარაკეტო გამშვებების ჩანაცვლებას გულისხმობს.