მიუხედავად ზახაროვას მხრიდან “ქოცების” ქება-დიდებისა, სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა, ძალიან საშიშია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რითაც სააკაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას.
"საქმე იმაშია, რომ რუსეთმა ყაზახური ნავთობის რუსული ნავთობსადენით გადატანა ევროპაში ჩაკეტა. რუსები, ასევე, მზად იქნებიან ჩაკეტონ ყაზახური ტერმინალი ნოვოროსიისკის პორტში. შესაბამისად, ერთადერთი გზა გადატანის (თუ ირანში ეს რეჟიმი რჩება) იქნება საქართველო. ახლა კი რუსეთი იმუქრება სომხეთში ჯარის შეყვანით, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გავლით და თუ გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება რუსეთი აუცილებლად მოახდენს საქართველოს ოკუპაციასაც.
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამის მოსამზადებლად, ბოლომდე დაასუსტა არმია, მოკლა საბრძოლო სულისკვეთება არა მხოლოდ ჯარში, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილში. გაასაიდუმლა რუსებისთვის წინააღმდეგობისთვის მომზადებული სამარხები და გამოაცხადა ისინი "ნაცების" მიერ კომპრომატის და იარაღის შენახვის ადგილად. გააუქმა თბილისის დაცვის ზოლი როგორც მცხეთიდან, ასევე სომხეთის მიმართულებიდან.
ახლა კი სცენარი იქნება შემდეგი, ამ წლის განმავლობაში სომხეთში მოხდება არეულობები. აზერბაიჯანი რუსებს არ გაატარებს, რუსეთი სთხოვს ივანიშვილს ჯარის გატარებას და ის რა თქმა უნდა, დათანხმდება და ხალხს ეტყვიან, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, ხოლო სომხეთის ოკუპაციის შემდეგ მთლიანად დაიკავებს საქართველოსაც და დროებით ისევ ივანიშვილს დატოვებენ ლიდერად, თუმცა მთლიანად დაიმორჩილებს ქართული ცხოვრების ყველა ნაწილს, მოიპოვებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მასობრივად გაანადგურებს რუსეთისთვის არასასურველ ელემენტებს საქართველოში.
ამიტომა ჩვენ ყველამ ფსონი უნდა დავდოთ უკრაინის მოძლიერებაზე, როგორც ჩვენი და სომხების გადარჩენის ერთადერთ გზაზე. არ მინდა ეს ჩემი წინასწარმეტყველება ახდეს და ერთადერთი რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს არის უკრაინის მხრიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რუსული სამხედრო მანქანის საბოლოოდ მორყევა, რისი იმედიც ნამდვილად მაქვს”, - წერს სააკაშვილი.