მალტაში ფეიერვერკების ქარხანაში მასშტაბური აფეთქება იყო. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აფეთქებამ, რომელიც სალინას სასოფლო რაიონში მდებარე “ლურდესის ფეიერვერკების ქარხანაში“ მოხდა, მიმდებარე ტერიტორიაზე შენობები და ავტომობილები დააზიანა და ოთხი ძროხა იმსხვერპლა.

ნამსხვრევების, ქვებისა და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზებისგან თავის დასაცავად, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სასტუმროს ფანჯრები ჩაამსხვრია, რის გამოც რამდენიმე სტუმარი შუშის ნატეხებით დაშავდა; გზებზე კი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ჩამოიყარა.

შემთხვევის ადგილზე მალტის შეიარაღებული ძალები და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი (CPD) მუშაობდნენ. მათ ზარალის შესაფასებლად დრონებიც გამოიყენეს.
მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.