ჩრდილოეთ ოსეთში გეგმავენ, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მართვა პენსიონერებსა და დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მშობლებს შეასწავლონ.
ოფიციალურად ამ ჯგუფების უკრაინის წინააღმდეგ ომში შესაძლო ჩართვაზე არაფერს ამბობენ, თუმცა გამოცემა “Кавказ.Реалии“ -ს მიერ გამოკითხული ექსპერტები მსგავს სცენარს არ გამორიცხავენ.
“უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტის“ კურსების ჩასატარებლად კონტრაქტორების ძებნის პროცესის შესახებ აპრილის ბოლოს, შესაბამისი ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. დამკვეთი დასაქმების რეგიონული ცენტრია. “უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამა“ უმუშევართა, პენსიონერთა და “3 წლამდე ბავშვის მოვლის გამო დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალთა“ გადამზადების გეგმაში დაამატეს.
ტექნიკური დავალების მიხედვით, დრონების მართვა სულ 10 ადამიანს უნდა ესწავლა. კურსი მინიმუმ 256 საათზეა გათვლილი, რაც, დასვენების დღეების გარეშე, დღეში 4-საათიანი გაკვეთილების პირობებში, დაახლოებით ორ თვეს გრძელდება. სწავლება მაღალჭერიან დახურულ სივრცეში უნდა გამართულიყო, დროის უდიდესი ნაწილი კი პრაქტიკას დაეთმობოდა.
საუბარი სხვადასხვა ტიპის მსუბუქ დრონებზეა, რომლებსაც ძირითადად ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის იყენებენ. კურსდამთავრებულებს არა მხოლოდ აპარატების მართვა, არამედ მათი შეკეთება და აწყობა-დაშლაც უნდა სცოდნოდათ. გარდა ამისა, მათგან საკანონმდებლო ბაზის ცოდნასა და „დრონებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებასაც“ მოითხოვდნენ (კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი, დოკუმენტებში დაზუსტებული არ არის).
ამ სწავლებისთვის ბიუჯეტიდან 271 ათასი რუბლის გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და ის ჩაშლილად გამოცხადდა.