როგორც ცნობილი გახდა, ჩვენთან ახლახან დენგე ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის თუ არა ეს განგაშისთვის საბაბი, ზოგადად რა ვითარებაა საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების კუთხით, რა რისკები არსებობს და შესაბამისად დენგეს საწინააღმდეგოდ რა საპრევენციო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.
ამ კითხვებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, პროფესორ ივანე ჩხაიძეს მივმართეთ.
- რამდენად საშიშია დენგე ვირუსი. როგორია სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში. რამდენად ხშირია დენგეს ინფექცია დღეისათვის?
- ეს ვირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ენდემურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ რეგიონებისთვის იგი ჩვეულებრივი, ყოველწლიურად ფიქსირებადი დაავადებაა. შემთხვევები ყველა კონტინენტზე ვლინდება, თუმცა არის ქვეყნები, სადაც მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია – ესენია სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონები. მსოფლიოში პაციენტების ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, დაახლოებით 3.9 მილიარდი ადამიანი – ანუ კაცობრიობის ნახევარი – დენგეს ინფექციის რისკის ქვეშ ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი იმ გეოგრაფიულ არეალში იმყოფებიან, სადაც დაავადების მაღალი რისკია. დღეისათვის დენგე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ პოტენციურ ინფექციურ დაავადებად. სავარაუდოდ, ყოველწლიურად 400 მილიონამდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. საბედნიეროდ, ყველასთან მძიმედ არ მიმდინარეობს: სადღაც 500.000 პაციენტს უვითარდება მძიმე ფორმა, ხოლო წლიური ლეტალობის (სიკვდილიანობის) მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით 25.000-ს შეადგენს... ეს არის ინფექტია, რომლის შემთხვევები შეიძლება შემდეგ წლებში კიდევ გაიზარდოს.
- რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, როგორია ვითარება ჩვენთან?
- საქართველოს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით, სტაბილური მდგომარეობა გვაქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში დენგეს პირველი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფექცია ყოველწლიურად ფიქსირდება, თუმცა წელიწადში მაქსიმუმ ერთი შემთხვევა შეიძლება გქვონდეს. აი, წელსაც, 2026 წლის წინა კვირას, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა და შესაძლოა, წელი ისე დასრულდეს, რომ მეტი არ იყოს.აქ ორი უმნიშვნელოვანესი გარემოება უნდა გამოვყოთ: პირველი – შემთხვევების რაოდენობა მართლაც მინიმალური და ერთეულია და მეორე – ქვეყანაში შიდა გავრცელების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ყველა შემთხვევა იყო შემოტანილი.
- საიდან შემოვიდა ეს კონკრეტული შემთხვევები?
- ინფექცია შემოტანილი იყო, მაგალითად, ბრაზილიიდან (ანუ ამერიკის კონტინენტიდან), ასევე ევროპიდან. თუმცა, როგორც კი შემთხვევა ფიქსირდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მყისიერად იწყებს ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას – კონტაქტების მოძიებასა და ანალიზების აღებას. ასე ხდება ყოველთვის და ასე გაკეთდა ახლაც. საბედნიეროდ, არცერთ პაციენტს ვირუსი სხვა ადამიანისთვის საქართველოში არ გადაუცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- სანამ უშუალოდ საფრთხეებზე გადავალთ, საინტერესოა, საერთოდ როდიდან იღებს სათავეს ეს ვირუსი და რამდენი წლის ისტორია აქვს მას?
- თუ ისტორიულ ჭრილში შევხედავთ, მსგავსი სიმპტომები პირველად ნანახია ჩინეთში. ჩინეთის ენციკლოპედიაში არის ცნობა, რომელიც VII-X საუკუნეების პერიოდს აღნიშნავს. მოგვიანებით, XVII საუკუნის დასაწყისში, მისი აფეთქება დაფიქსირდა პანამასა და ცენტრალურ ამერიკაში, რაც იმ პერიოდში ნაოსნობის განვითარებას უკავშირდებოდა.რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, როდესაც დაავადებას უკვე ოფიციალურად ეწოდა „დენგე“, ეს თარიღდება 1943-1945 წლებით, როდესაც იაპონიასა და ჰავაიზე პირველად ნანახი იქინა ამ ვირუსის ორი სეროტიპი. ასე რომ, მისი ლაბორატორიულად დადასტურებული ისტორია დაახლოებით 80 წელს ითვლის.
აქ ერთ დეტალსაც დავამატებ: საქართველოში ამ ვირუსის დიაგნოსტირება 2016-2017 წლამდე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, რადგან ამას სჭირდება მაღალი დონის, ვირუსოლოგიური ლაბორატორია. სწორედ ლუგარის ლაბორატორიის (მესამე დონის ლაბორატორია) არსებობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მსგავსი მაღალი რისკის შემცველი და საშიში ინფექციები მათ არეალში მოექცეს. დროულად აღმოვაჩინოთ და გავაკონტროლოთ. დიაგნოსტიკის კუთხით ქვეყანას პრობლემა არ გააჩნია.
- დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: რატომ არის ეს ვირუსი საშიში? რამდენიმე დღის წინ ებოლაზე იყო საუბარი. ამ ორ ვირუსს შორის რა განსხვავებაა გადაცემის თვალსაზრისით?
– მთავარი კითხვა სწორედ გადაცემის მექანიზმია. თუ ებოლას შემთხვევაში საჭიროა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულის ბიოლოგიურ სითხეებთან (ნერწყვი, პირნაღები მასა, შარდი, სპერმა და ა.შ.), დენგეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ კოღოთი გადაცემადი დაავადებაა.ეს ნიშნავს, რომ ადამიანიდან ადამიანს პირდაპირი კონტაქტით ან საჰაერო გზით ვირუსი არ გადაეცემა. პროცესი ასე მიმდინარეობს: კოღო კბენს დაავადებულ ადამიანს, ამის შემდეგ კოღოს ორგანიზმში ვითარდება პროცესები, რომელიც ამ ვირუსის გამრავლებით ხასიათდება, რაღაც ეტაპზე აღწევს მის სანერწყვე ჯირკვალში და როდესაც ეს კოღო სხვა, ჯანმრთელ ადამიანს უკბენს, ინფექცია მას გადაეცემა. ეს არის განსაკუთრებული ტიპის კოღო, ვირუსი გადააქვს მხოლოდ ორი ტიპის კოღოს, ყველას - არა. როდესაც უკბენს, ვირუსი გადაეცემა.

ოღონდ, ყველა პერიოდში არა, როდესაც პაციენტის სისხლში ვირუსის ნაწილაკები მაქსიმალურია (ეს 7-8-დღიანი პერიოდია), მაშინ. ეს არის კოღო Aedes aegypti (აედესის მოსკიტი). მისი ერთი კბენაც კი საკმარისია, რომ გადაეცეს ვირუსი. ზომით საკმაოდ პატარა ან საშუალოა – სადღაც 4-დან 7 მილიმეტრამდე, მუქი, თითქმის შავი შეფერილობისაა და გულმკერდზე აქვს ვიოლინოს მსგავსი გამოსახულება. ამიტომ, ნებისმიერი კოღოს კბენა არ ნიშნავს დენგეს. იმისთვის, რომ დაავადება გადაგედოთ, - ერთი, კოღო შესაბამისი სახეობის უნდა იყოს და მეორე – მას მანამდე ინფიცირებული ადამიანი უნდა ჰყავდეს დაკბენილი. ვინაიდან საქართველოში წელიწადში მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება, გადაცემის რისკი მართლაც მინიმალურია. ეს ერთეული შემთხვევა არანაირად არ წარმოადგენს ქვეყანაში ეპიდემიის ან მასიური აფეთქების საფრთხეს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს...
- როგორია დაავადების საინკუბაციო პერიოდი და რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს მას?
- საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-დან 7 დღემდეა (მაქსიმუმ 15 დღე). ინფექცია სამ ფაზად მიმდინარეობს:1. ცხელების ფაზა: იწყება მაღალი ტემპერატურით (39°C - 40°C), რასაც თან ახლავს მთელი სხეულის გენერალიზებული ტკივილი – ძლიერი თავის ტკივილი, თვალების უკანა მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ამავდროულად დიდდება ლიმფური ჯირკვლები. ხშირად სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვთ, ასევე ტკივილი კუნთებში, ზურგსა და თეძოებში ისე, რომ მოძრაობა შეზღუდული აქვთ და სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი. ძალიან უჭირთ მოძრაობა სიარული. 2. კრიტიკული (დამძიმების) ფაზა: დაახლოებით 3-4 დღეში, როდესაც სიცხე თითქოს იკლებს და ნორმალიზდება, შეიძლება განვითარდეს ცხელების ახალი ტალღა და გამონაყარი. პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ეტაპის შემდეგ ჯანმრთელდება, თუმცა მცირე ნაწილთან შეიძლება განვითარდეს მძიმე, ე.წ. ჰემორაგიული (სისხლჩაქცევა) ფაზა. ამ დროს ზიანდება სისხლძარღვები და იწყება შინაგანი თუ გარეგანი სისხლდენები (ღებინება სისხლიანი მასით, სისხლჩაქცევები ტანზე). ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ან თავის ტვინის ანთება და თუ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული, შეიძლება, ფატალური შედეგიც კი დადგეს... 3. გამოჯანმრთელების ფაზა. დროული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-ია, თუმცა თუ პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითება (დენგეს შოკური სინდრომი), ლეტალობა შესაძლოა 20%-მდე გაიზარდოს. ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: 5 წლამდე ბავშვებში და ხანდაზმულებში რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილ ბავშვებში, ასევე ხანდაზმულებშიც.
- კოვიდის დროს ხშირად ვახსენებდით ხოლმე ქრონიკულ დაავადებებს. დენგეს შემთხვევაში თუ არის ქრონიკული დაავადებები დამამძიმებელი ფაქტორი?
- დენგეს შემთხვევაში სიმძიმის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი ასაკი და ორგანიზმის ზოგადი იმუნური პასუხია. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ინფექციის უფრო მძიმე მიმდინარეობას.
- როგორია მკურნალობის პროცესი? არსებობს თუ არა სპეციფიკური მედიკამენტები?
- სამწუხაროდ, დღეისათვის დენგეს საწინააღმდეგო პირდაპირი მოქმედების სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატი ან საყოველთაოდ აღიარებული საშუალება, ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ, მედიცინაში აქცენტი კეთდება ე.წ. სიმპტომურ და დამხმარე თერაპიაზე: ხდება სითხეების გადასხმა, სასიცოცხლო ფუნქციების – გულის, სუნთქვისა და თირკმელების მუშაობის კონტროლი. იმ ქვეყნებში, სადაც დაავადება გავრცელებულია, ეს მართვის პროცესი კარგად აქვთ ათვისებული.კლინიკური კვლევების ფაზაშია რამდენიმე პრეპარატი, მათ შორის, „რემდესივირიც,“ რომელიც კორონავირუსის დროს გამოიყენებოდა (როგორც ფართო პროფილის ანტივირუსული საშუალება), თუმცა მისი საბოლოო დადასტურებული ეფექტურობა დენგეს წინააღმდეგ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ვინაიდან მსოფლიოში შემთხვევების მატება შეინიშნება, უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ახალი მედიკამენტები და ვაქცინები გამოჩნდება.
- რა პრევენციული რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად?
- ეს რჩევები ზოგადია და ნებისმიერი ტიპის კოღოს ნაკბენისგან თავის დასაცავად გამოგვადგება:
• კოღოები განსაკუთრებით აქტიურდებიან საღამოს საათებში. თუ ამ დროს 5 წლამდე ბავშვის გასეირნებას აპირებთ, ჩააცვით თხელი, მაგრამ გრძელმკლავიანი მაისური, თხელი შარვლი და არა შორტი.
• სახლებში, განსაკუთრებით კი იმ ოთახებში, სადაც ბავშვებს სძინავთ, აუცილებლად დაამონტაჟეთ კოღოს საწინააღმდეგო დამცავი ბადეები.ეს არის მარტივი და რაციონალური ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს კოღოებისგან და ზოგადად, მწერებისგან გამოწვეულ რისკებს.
წაიკითხეთ ასევე: