იტალიის სამხრეთში, კალაბრიის რეგიონში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რომის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 00:12 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის კერა ზღვაში, კალაბრიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან (კოზენცას პროვინციასთან), საკმაოდ დიდ – 250 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. სწორედ ამ სიღრმემ გადაარჩინა რეგიონი სერიოზულ ნგრევას, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ის თითქმის მთელ სამხრეთ იტალიაში იგრძნეს.
მიწისძვრა მკაფიოდ აღიქვა მოსახლეობამ რეჯო-კალაბრიაში, კოზენცაში, ლამეცია-ტერმესა და კატანძაროში. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ასობით პოსტი მოწმობს, რომ მიწა იძრა უფრო მოშორებულ რეგიონებშიც – ნეაპოლში, ვეზუვის ვულკანის მიმდებარე დასახლებებში, ბაზილიკატაში, პულიასა და კუნძულ სიცილიაზეც კი.
რა ხდება ამ წუთებში?
იტალიის საგანგებო სამსახურები და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაში არიან:
მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის საგანგებო ნომრებზე ზარალის ან ნგრევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. სიტუაციას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ. სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უწყებამ სოციალურ ქსელ X-ში დაადასტურა, რომ მუდმივი კავშირი აქვთ რეგიონულ შტაბებთან. მიმდინარეობს ტერიტორიის გადამოწმება. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაბიო ჩიჩილიანომ, ვითარების სამართავად კრიზისული ჯგუფი უკვე მოიწვია.