"სანქტ-პეტერბურგის დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დარბაზში ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ივან ურგანტი, ფარმაცევტული მაგნატის შვილის გრანდიოზულ ქართულ ქორწილს გაუძღვა" - ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 2-დღიანი ქორწილის გამო, ფილარმონიაში მანამდე დაგეგმილი კონცერტიც კი გაუქმდა.

ქართველი ნეფე-პატარძალი, კესანე ფიფია და გიორგი ღურწკაია არიან. როგორც გამოცემები წერენ, გიორგი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის, "ერკაფარმის“ (Эркафарм) ყოფილი მფლობელია. ეს ქსელი 1000-ზე მეტ ფილიალს აერთიანებდა ისეთი ცნობილი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა "ოზერკი“, "დოქტორ სტოლეტოვი“, "სამსონ-ფარმა“ და "მოსაფთიაქი“.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/l8Ocj8Im71M?si=JJUf1az7l3BiBpr4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
გიორგის მამამ, ომარ ღურწკაიამ, დააფუძნა კომპანია "იმპერია-ფარმა“, რომელიც 2010-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული დისტრიბუტორი იყო. პატარძლის შესახებ მედიაში არაფერი წერია, თუმცა გოგონაც ქართველია.

ქორწილი ორ დღეს გრძელდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში იქ მუდმივად ჟღერდა ქართული სიმღერები. საზეიმო ცერემონიის ერთ-ერთ მთავარ ლოკაციად სწორედ შოსტაკოვიჩის ფილარმონიის დარბაზი შეირჩა, რის გამოც დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიების გაუქმება გახდა საჭირო
მედიაპლატფორმა "ბაზას“ (База) ინფორმაციით, ამ ისტორიული დარბაზის დაქირავება ოფიციალურად შესაძლებელია, თუმცა დოკუმენტებში ეს ფორმდება არა როგორც იჯარა, არამედ როგორც "ქველმოქმედება/შემოწირულობა“. დიდი დარბაზის დასაჯავშნად მინიმალური შენატანი 10-მილიონ რუბლს შეადგენს.
ქორწილის სტუმრების მეორე ნაწილმა კრესტოვსკის კუნძულზე მდებარე ელიტურ რეზიდენციაში გადაინაცვლა.
ღონისძიება მუსიკალურად და სანახაობრივად საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, სადაც საპატიო სტუმრებს შორის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ.
ცნობილი რუსი წამყვანი ივან ურგანტი სტუმრების განწყობაზე ორივე დღის განმავლობაში ზრუნავდა. საინტერესოა, რომ იგი სცენაზე მხოლოდ წამყვანის ამპლუით არ შემოფარგლულა და მუსიკალურ ნომრებშიც ჩაერთო. ორდღიან ქორწილში ქართულად მღეროდნენ თეონა კონტრიძე, ნინი ქარსელაძე და ზურა ხაჩიძე, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოდან სტუმრის სტატუსით გაემგზავრნენ. ქორწილს ესწრებოდა ხათუნა ჟორდანიაც.
საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ზურა ხაჩიძის გამოსვლა გახდა, რომელმაც ყველასთვის ნაცნობი ჰიტი "მოვალ, მოგეფერები“ თავად ივან ურგანტის მუსიკალური აკომპანემენტით შეასრულა.

სტუმრების წინაშე სცენაზე ასევე წარსდგა ცნობილი რუსი კომპოზიტორი იგორ კრუტოი.
საქორწილო ბანკეტისთვის ასეთი ადგილის შერჩევამ სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია. რუსი ინტერნეტმომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ კერძო წვეულება მოეწყო შენობაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის (და ზოგადად, კულტურის) ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საკრალურ ადგილს უკავშირდება. ბევრის აზრით, ეს ფაქტი ფილარმონიის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის გაუფასურებაა.