აშშ-ის ჯორჯიის შტატში ახლადდაქორწინებული წყვილის ბედნიერება რამდენიმე წუთში ტრაგედიად გადაიქცა. 25 წლის დეივ ფიჯი საკუთარი ქორწილიდან გამგზავრების შემდეგ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე, ჯესნი, სასწაულებრივად გადარჩა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მართლაც იდეალური ქორწილი იყო. მეტს ვერაფერს ვისურვებდით“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
დეივ ფიჯი, რომელიც თავადაც პილოტი იყო, არსებული ხილვადობით შეშფოთებული ყოფილა. მისი მამის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავიდანვე გამოთქვა ეჭვი, რომ ასეთ პირობებში ფრენა უსაფრთხო არ იქნებოდა.
"მან თქვა, რომ თავად ასეთ ხილვადობაში არ გაფრინდებოდა“, - იხსენებს მამა.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით წყვილმა და ვერტმფრენის პილოტმა მაინც გადაწყვიტეს წასვლა. აფრენიდან მალევე ვერტმფრენი ჩამოვარდა და ტყიან ტერიტორიაზე დაენარცხა. ავიაკატასტროფას დეივ ფიჯი და ვერტმფრენის პილოტი ემსხვერპლნენ.
გადარჩენილი ქალი მაშველების მისვლამდე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო. საბოლოოდ, სამაშველო ჯგუფებმა მისი გამოყვანა შეძლეს.
მედიკოსების თქმით, ჯესნის არცერთი ძვალი არ აქვს მოტეხილი. მას მხოლოდ მრავლობითი დაჟეჟილობები და ჭრილობები აღენიშნება და, სავარაუდოდ, საავადმყოფოს უახლოეს დღეებში დატოვებს.