მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგები პანკრეასის კიბოს მკურნალობაში მნიშვნელოვან გარღვევაზე საუბრობენ. ახალი პრეპარატი – დარაქსონრასიბი (Daraxonrasib) – კლინიკური კვლევების მიხედვით, პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის ორჯერ ზრდის, რაც სპეციალისტების შეფასებით, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
პანკრეასის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და სასიკვდილო ონკოლოგიურ დაავადებად ითვლება. სამწუხაროდ, ხშირად დაავადება გვიან სტადიაზე ვლინდება, როდესაც კიბო უკვე ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც არის გავრცელებული. ექსპერტების თქმით, დარაქსონრასიბი მოქმედებს KRAS ცილაზე, პრეპარატი ბლოკავს ამ ცილის აქტივობას და ამ გზით აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდასა და გავრცელებას.
ASCO-ს მთავარმა ექიმმა, დოქტორმა ჯული გრალოუმ, ამ პრეპარათან დაკავშირებულ კვლევას "გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.
პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა პაციენტებსა და მათ ოჯახებს რეალურ იმედს აძლევს. თუმცა, მათი თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ახალი და ეფექტური მკურნალობა რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
სპეციალისტების შეფასებით, დარაქსონრასიბი შესაძლოა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად იქცეს და ათასობით პაციენტს სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი მისცეს.